დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.12.2011
საქმის ნომერი
ას-1451-1465-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1451-1465-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი,ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ზ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ზ-ის და მ. შ-ის მიმართ და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის მარტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მ. შ-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ყადაღა დაედო სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ ქონებას. აღნიშნული ნივთები მისი საკუთრებაა. სოფელ ბ-ში მდებარე სახლი არის ავარიული, რის გამოც ეს ნივთები ჩამოტანილი აქვს შვილთან ქ.ზესტაფონში, ჩ-ას ქ.¹1/33-ში. ნივთების ნაწილი, კერძოდ უთო თავისი მაგიდით, ტელეფონის მაგიდა და თეთრეული კრედიტორს წაღებული აქვს. ყადაღის ოქმში ნივთების აღწერილობა და მახასიათებლები სააღსრულებო ფურცელში მითითებულს არ ემთხვევა.

მოპასუხე ი. ზ-ემ არ ცნო სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: დაყადაღების აქტის შედგენას ესწრებოდა მ.შ-ე და მას რაიმე შენიშვნა იმის თაობაზე, რომ აღწერილი ნივთებიდან მას რომელიმე არ ეკუთვნოდა, არ შეუტანია. სადავო ნივთები, რომელთა დაბრუნებაც სასამართლო გადაწყვეტილებით მ.შ-ეს დაეკისრა, დედამისმა შეიძინა.

მოპასუხე მ. შ-ემ სარჩელი ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. შ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 24 ივნისის განჩინებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კანონიერ ძალაში შესული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი., თ., თმ. და ნ. ზ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. შ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაევალა: ფერადი ტელევიზორ „სამსუნგის“, დივანის, უცხოური წარმოების მაცივრის, დივან-სავარძლის, ელექტროღუმელის, გაზის ღუმელის, სადილის, ჩაისა და ყავის ლამბაქების, თეფშების კომპლექტების, დანა-ჩანგლის, ერთი ცალი პატარა ნოხის. ე.წ კედლის“, სატელიტური ანტენის ორი თეფშით, ოთახის ტელეფონის მაგიდის, ტელევიზორის მაგიდის, მასაჟის მანქანის, პატარა მაგიდის, სამზარეულო მაგიდის და ექვსი სკამის, ტახტის, უთოს, საუთოო მაგიდის, ორი ცალი თეთრეულის კომპლექტის, მტვერსასრუტის, 7 პირსახოცის, 5.2 გრამი ბაჯაღლოს ბეჭდის (გრეხილის თავით), 5 გრამი ბაჯაღლოს რგოლის, 5.8 გრამი ოქროს წვრილი ჯაჭვის, 15 გრამი ოქროს მსხვილი ჯაჭვის, 13 გრამი ოქროს სამაჯურის, 5 გრამი ოქროს სამაჯურისა და 2 ცალი ოქროს ბეჭდის დაბრუნება. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2010 წლის 3 ნოემბერს აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღა დაედო ქ.ზესტაფონში, ჩ-ას ქ.¹1-ში მდებარე შემდეგ ნივთებს: ფერად ტელევიზორ „სამსუნგს“,ორკარიან ყავისფერ კარადას, ყავისფერ ტუმბოს ღია ნაცრისფერ დივანს, ე.წ ოვალურ „კედელს“, მუქ ყავისფერ დივანს ორი სავარძლით, ღია ყავისფერი ნოხს, ორსაწოლიანი ტახტს ოთხკუთხედ გალაქულ მაგიდას 6 სკამით, მაცივარ „ნორდს” გაზის ღუმელს, ტელევიზორ „სუპრას“. ტელევიზორი „სუპრა“ და ყავისფერი ორკარიანი კარადა ნ. შ-ის საკუთრებაა. მოწმის სახით დაკითხულ დ. ჭ-ის ჩვენების თანახმად, მან თავად გადაატანინა ნ. შ-ეს კარადა, რომელიც ამ უკანასკნელმა შეიძინა 300 ლარად გ. კ-ისგან, რაც ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მ. ე-იმაც. ამასთან, მოსარჩელემ წარმოადგინა შეტყობინება სესხის გაცემაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მარგუშამ, იგივე გ. კ-ემ 2008 წელს შეიძინა კარადა. მოწმე მ. ე-იმ სასამართლოს სხდომაზე ასევე აჩვენა, რომ ნ.შ-ის ვალი ჰქონდა და ვინაიდან თანხის გადახდა ვერ შესძლო, სანაცვლოდ მისცა ტელევიზორი „სუპრა“ დოკუმენტებთან ერთად. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-40 მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ 2010 წლის 3 ნოემბრის მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულია მ. შ-ის ქონების ჩამონათვალი, რომლებიც აღმასრულებელმა დააყადაღა. აღნიშნული აქტი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ დაყადაღდებული ქონება ან მისი ნაწილი ეკუთვნის ნ. შ-ეს. შესაბამისად, ნ. შ-ე დავობს იმ ნივთებზე, რომელთა სამართლებრივი ბედი უკვე გადაწყვიტა კანონიერ ძალაში შესულმა 2009 წლის 26 ოქტომბრის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებამ.

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის I ნაწილის თანახმად პალატამ განმარტა, რომ დაყადაღების აქტში აღწერილი და მ. შ-ის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები წარმოადგენდა მის საკუთრებას. დაყადაღდებული ქონება, გარდა ტელევიზორ „სუპრასი“ და 2 კარიანი კარადისა, რომ ნ. შ-ის საკუთრებაა მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა.

აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო ნივთები სხვადასხვა ფასად არის შეფასებული, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ნივთების შეფასება ხდება ინდივიდუალურად და სრულიად დასაშვები და რეალურია, რომ მათემატიკური სიზუსტით ვერ დაემთხვვა შეფასებებს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სადავო ნივთთა შეფასების არაერთგვაროვნება (გადაწყვეტილებაში და ყადაღის აქტში) ამ ნივთების სხვადასხვაობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. შ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლები: სასამართლომ არ შეაფასა მოწმედ მოსული პირების, მ. ე-ის, დ. ჭ-ისა და გ. ს-ის ახსნა-განმარტებები, რომლებმაც მიუთითეს კონკრეტული ნივთების შესყიდვის თაობაზე, მაშინ, როცა მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა ვერც ერთი მტკიცებულებით, რომ ეს ნივთები გადაწყვეტილებაში მითითებული ნივთებია. სადავო ნივთების ფასი არ ემთხვევა მოპასუხეთა მიერ მითითებულ ღირებულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.