საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1201აპ-24 5 მაისი, 2025 წელი
თ-ი ს., №1201აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილის – გიორგი ლობჯანიძის და მსჯავრდებულ ს. თ-ის ადვოკატ თ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. თ-ს (დაბადებული ---) ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია). ს. თ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში მცხოვრებ ს. და ს. თ-ების ოჯახებსა და ა., მ. და გ. მ-ის ოჯახებს შორის, წლების განმავლობაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, არსებობდა ურთიერთდაპირისპირება და კონფლიქტი. აღნიშნულის შედეგად, თავდაპირველად ა მ-მა და სხვა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ს. თ-ის შვილს – ა. თ-ს, ხოლო 2016 წლის 30 ივლისს, შუადღის საათებში, წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, ს. თ-სა და გა. და მ. მ-ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, მ. მ-მა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რამაც არსებული კონფლიქტური ვითარება უფრო გაამწვავა.
იმავე დღეს, დაახლოებით, 17:00 საათზე, წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ს. თ-ის სახლში მყოფი ს. თ-ი და ა თ-ი, შურისძიების მოტივით, ა მ-ის და მისი ნათესავების განზრახ მოკვლის ერთიანი მიზნით, შეიარაღდნენ დამუხტული ცეცხლსასროლი იარაღებით და საბრძოლო მასალით, რის შემდეგ ს. თ-ი, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით (სახელმწიფო ნომრით --), ა. თ-თან ერთად, გაემართა სოფელ ნ-ის გზაჯვარედინისკენ, სადაც იმ დროისთვის შეკრებილი იყვნენ მ. მ-ი და მის დასახმარებლად მისული ოჯახის წევრები, ასევე – სხვა მოქალაქეები.
მოძრაობისას, მას შემდეგ, რაც ს. და ა თ-ებმა დაინახეს გზაჯვარედინზე მყოფი ა მ-ი, მისი მამა – მ. მ-ი, არასრულწლოვანი ჰ. მ-ი და სხვა პირები, გადაწყვიტეს განზრახვის სისრულეში მოყვანა. ს. თ-ი თავისი მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით წინასწარ განზრახული მკვლელობის მიზნით, მიუახლოვდა იქ შეკრებილ მ-სა და სხვა მოქალაქეებს, რის შემდეგ, მათთვის ხელსაყრელ ადგილზე მკვეთრად დაამუხრუჭა მიკროავტობუსი, იმ მიზნით, რომ ა თ-ი გადასულიყო მიკროავტობუსიდან და დაუბრკოლებლად ესროლა ა მ-ისთვის და მასთან ახლოს მყოფი სხვა პირებისთვის. ამავდროულად, მან შეუქმნა ყველა პირობა, რათა ა თ-ს საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი იარაღიდან გასროლით მოეკლა ა მ-ი და მისი ნათესავები.
მიკროავტობუსიდან გადმოსულმა ა თ-მა შურისძიების მოტივით, „ალტაი სილვერის“ მოდელის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც დამუხტული იყო მსხვილი საფანტის ჭურვებიანი 12 კალიბრის ვაზნით, მამის – მ. მ-ის – თვალწინ, დაახლოებით, 15 მეტრის მანძილიდან ესროლა ა მ-ს. ეს უკანასკნელი მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების გამო, დაეცა ძირს და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა თ-ი კვლავ აპირებდა იქ შეკრებილი პირების მიმართულებით გასროლას, თუმცა იარაღში გაიჭედა ვაზნა, რის გამოც, ვეღარ გაისროლა. ა თ-ის მიერ იარაღიდან გასროლისას ა მ-თან ახლოს იდგნენ: მამა – მ. მ-ი, არასრულწლოვანი ჰ. მ-ი და სხვა პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ა და ს. თ-ებმა თავიანთი ქმედებით შეუქმნეს რეალური საფრთხე.
აღნიშნულის შემდეგ, ს. თ-მა, ჯერ კიდევ ცოცხალი ა მ-ის და მასთან დასახმარებლად მისული სხვა პირების, მათ შორის, არასრულწლოვან ჰ. მ-ის მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თავისი მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსი ჩქარი სვლით დაძრა და ავტომობილი მიმართა ძირს დაცემული ა მ-ისა და იქვე მყოფი სხვა პირების, მათ შორის, არასრულწლოვანი ჰ. მ-ის მიმართულებით, რათა შესჯახებოდა და მოეკლა ისინი, თუმცა ს. თ-მა აღნიშნული ვერ განახორციელა, ვინაიდან მას შემთხვევის ადგილზე მყოფმა ა. მ-მა, „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან გასროლით, მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები, რის გამოც, ს. თ-მა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, შეცვალა მოძრაობის მიმართულება და დატოვა შემთხვევის ადგილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით, ს. თ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია).
2.2. ს. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ს. თ-ი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით, 17:00 საათზე, წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ა. თ-მა, რომელიც გადაადგილდებოდა ს. თ-ის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით (სახელმწიფო ნომრით – -), სიცოცხლის განზრახ მოსპობის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში მიაყენა დაზიანებები ა მ-ს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ა. თ-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოძრავ მანქანაში ა თ-თან ერთად იმყოფებოდა ს. თ-ი და მისთვის ცნობილი იყო, რომ ა. თ-ს ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ს. თ-ს დანაშაულის შეტყობინების დრო და შესაძლებლობა რეალურად ჰქონდა, მან ჩადენილი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა კომპეტენტურ ორგანოებს.
2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილემ – გიორგი ლობჯანიძემ – მოითხოვა ს. თ-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი მუხლით, ხოლო მსჯავრდებულ ს. თ-ის ადვოკატმა – თ. ს-ემ – მისი დასაცავი პირის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
3.3. მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილემ – გიორგი ლობჯანიძემ – საკასაციო საჩივრით მოითხოვა ს. თ-ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი მუხლით, შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: ს. თ-ის ქმედების კვალიფიკაცია არასწორია, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას; დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნები უსაფუძვლო და მცდარია, რადგან არ ეფუძნება რაიმე მეცნიერულ გამოკვლევას ან სპეციალურ ცოდნას; დაცვის მხარის მოწმეები ს. თ-ის ახლობლები და, შესაბამისად, მისდამი სუბიექტურად განწყობილი პირები არიან.
3.4. მსჯავრდებულ ს. თ-ის ადვოკატმა – თ. ს-ემ – საკასაციო საჩივრით მოითხოვა მისი დასაცავი პირის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: ს. თ-ს არ დაუნახავს ა თ-ის მიერ იარაღის მომარჯვება და დაპირისპირებული მხარისთვის სროლის ფაქტი, თუმცა ასეთი დაშვების შემთხვევაშიც კი, მას არ ჰქონდა ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობა, დანაშაულის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან დაპირისპირების შედეგად დაიჭრა; მას შემდეგ, რაც ს. თ-ი გაერიდა შემთხვევის ადგილს და მივიდა ძმის სახლში, სამართალდამცველებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია მომხდარი დანაშაულის შესახებ, რის გამოც, ს. თ-ს პოლიციისთვის დანაშაულის შესახებ შეტყობინება აღარ წარმოიშობოდა; ს. თ-ისთვის ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებით ირღვევა ბრალდების უცვლელობის პრინციპი, რადგან აღნიშნული დანაშაულები თვისობრივად განსხვავებულია.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ს. თ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო დაცვის მხარე – მსჯავრდებულ ს. თ-ის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თავდაპირველად მიმოიხილავს სადავო ფაქტების დასადასტურებლად/უარსაყოფად წარმოდგენილ ძირითად მტკიცებულებებს და იმსჯელებს რამდენად იკვეთება ს. თ-ის ქმედებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ნიშნები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული მაკვალიფიცირებელი გარემოებებით, ხოლო შემდეგ, შეაფასებს ს. თ-ისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის კვალიფიკაციის სისწორეს.
4.3. მოწმე მ. მ-მა სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ მის ოჯახს თ-ების ოჯახთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. 2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით, 16:00-17:00 საათზე, წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თავად ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ს. და ა. თ-ები ავტომანქანით მივიდნენ. ავტომობილს მართავდა ს. თ-ი, რომელმაც მათთან მიახლოებისას დაამუხრუჭა. ამ დროს ა, თ-ი გადმოვიდა მანქანიდან და გადატენილი იარაღიდან ორჯერ ისროლა. პირველი ნასროლი ა, მ-ს მოხვდა, მეორე ასცდა მათ. ამის შემდეგ ა. თ-მა სცადა იარაღის გადატენვა, თუმცა ვეღარ გაისროლა და გაიქცა. ამ მომენტში ს. თ-მა ავტომანქანის სიჩქარეს მოუმატა და დაიძრა ა. მ-ის მიმართულებით, რათა მას და იქ მყოფებს დასჯახებოდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მყოფმა ა. მ-მა ესროლა ს. თ-ის ავტომანქანის საქარე მინას (ასე რომ არ მოქცეულიყო, თავდამსხმელი ა მ-ს და ჰ. მ-ს მოკლავდა). შემხვედრი წინააღმდეგობის გამო, ს. თ-მა შეცვალა ავტომანქანის გადაადგილების მიმართულება, დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა მისი ახლობლების საცხოვრებლის მიმართულებით. გზად პოლიციასთან ჩაიარა და შეეძლო, დახმარება ეთხოვა, თუმცა ასე არ მოქცეულა. სამი კილომეტრი გაიარა ს. თ-ის სახლამდე და მხოლოდ იქიდან ითხოვა დახმარება. მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ს. თ-მა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები სრულად დაინახა. იარაღის ზომის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ავტომანქანის სალონში მისი იმგვარად მოთავსება, რომ მძღოლს ვერ დაენახა.
4.4. მოწმე ა. მ-მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 30 ივლისს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც „ფორდის“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ ს. და ა. თ-ები. ავტომანქანას ს. თ-ი მართავდა, ხოლო მის გვერდით იჯდა ა. თ-ი, რომელსაც ხელში გრძელი იარაღი ეჭირა. ადგილზე მისვლისთანავე ს. თ-მა გააჩერა ავტომანქანა, ა. თ-ი კი გადმოვიდა და დამიზნებით ესროლა მის ძმისშვილს – ა მ-ს. იარაღიდან მხოლოდ ორჯერ გაისროლა, მეტჯერ გასროლა იმიტომ ვერ შეძლო, რომ იარაღიდან ტყვია ამოუვარდა. გასროლის შედეგად ა. მ-ი დაეცა. თავად გაიქცა მისკენ, თუმცა მალევე გაიგონა საკუთარი შვილის ყვირილი: „გვიშველე, მამა!“, რის შემდეგაც ესროლა ს. თ-ს, რომელსაც სურდა ავტომანქანით დასჯახებოდა მის შვილსა და იქ მყოფ პირებს. სროლის შემდეგ, ს. თ-მა ავტომანქანის მოძრაობის მიმართულება შეცვალა და სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი.
4.5. მოწმე ჰ. მ-მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 30 ივლისს ა მ-თან და მ. მ-თან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მივიდნენ ს. და ა. თ-ები. მან დაახლოებით, 20-25 მეტრის დაშორებიდან დაინახა, რომ ა. თ-ს ხელში ეჭირა იარაღი, რომლის ლულა საჭისკენ ჰქონდა მიმართული. იმ მომენტში საჭესთან მჯდომმა ს. თ-მა მკვეთრად გააჩერა ავტომანქანა, ა. თ-ი კი გადავიდა ავტომანქანიდან და დამიზნებით, ორჯერ ესროლა ა. მ-ს. გასროლის შემდეგ, ეს უკანასკნელი წაიქცა, თავად კი მისკენ გაიქცა და ხელი შემოხვია. იმ მომენტში თვალნათლივ დაინახა, რომ ს. თ-ი უახლოვდებოდა ავტომანქანით, რის გამოც, თვალები დახუჭა, ა-ს ჩაეხუტა და იყვირა: „მამა, მიშველე!“. შემდეგ გაიგო გასროლის ხმა. ს. თ-მა დატოვა შემთხვევის ადგილი.
4.6. დაცვის მხარის მოწმის – ა. თ-ის – ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ბიძამისს დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მათ სახლს ქვებს ესროდნენ. ს. თ-მა უთხრა, რომ სახლში უნდა წასულიყო და დახმარებოდა მათ. იმ მომენტში ს-ს არც ხმისთვის აუწევია და არც აგრესია გამოუხატავს. თავად გადაწყვიტა დასახმარებლად წაჰყოლოდა და ასეც მოიქცა. ისინი წავიდნენ იმ გზით, რომლითაც ჩვეულებისამებრ სარგებლობდნენ, რა დროსაც ს. თ-ი დასაშვები სიჩქარით მართავდა ავტომანქანას. სოფლის ცენტრს რომ მიუახლოვდნენ, მათ ავტომანქანას ჰ. მ-მა დაუწყო ქვების სროლა, რა დროსაც ს. თ-მა თავი დახარა და სვლა შეანელა. თვითონ თავდაცვის მიზნით, აიღო ავტომანქანაში შენახული სანადირო თოფი, გადახტა მანქანიდან, გაისროლა და გაიქცა სახლის მიმართულებით. იმ მომენტში ს. თ-მა შეცვალა ავტომანქანის მიმართულება და წავიდა ა-ისკენ, თუმცა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე, სოფლის ცენტრში მდგარმა ა. მ-მა მას დამიზნებით, დაახლოებით, შვიდი ტყვია ესროლა. სროლის მომენტში ს. თ-ი მისგან მარცხნივ, დაახლოებით, 40 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. მოწმემ განმარტა, რომ იარაღი მძღოლის გვერდზე, მგზავრის სავარძლის ქვემოთ ჰქონდა შენახული, სავარძელი კი – დიდი რკინებით დამაგრებული. ს. თ-მა არ იცოდა მანქანაში განთავსებული იარაღის შესახებ.
4.7. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტები, რის შედეგადაც, მიიღეს განსხვავებული შედეგები, კერძოდ:
4.8. 2016 წლის 11 აგვისტოს, დეტექტივ-გამომძიებელმა – გ. თ-მა – წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ოქმის თანახმად, მოწმე ჟ. .ანმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, 2016 წლის 30 ივლისს, 17:00 საათზე, სოფლის ცენტრში იდგა გარდაცვლილი ა მ-ი, ხოლო მის წინ, დაახლოებით, ნახევარ მეტრში – მისი კუთვნილი ავტომანქანა „ნივა“. მანვე მიუთითა: თავისი და ა მ-ის განლაგება; მიმართულებაზე, საიდანაც სოფლის ცენტრში გამოჩნდნენ „ფორდის“ ფირმის ავტომანქანით ა და ს. თ-ები; ადგილზე, სადაც გაჩერდა „ფორდის“ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც იარაღით ხელში გადმოხტა ა თ-ი; ადგილზე, სადაც იდგა ა მ-ი და სროლის შემდეგ საითკენაც გაიქცნენ ა. და ს. თ-ები.
4.9. 2022 წლის 10 ოქტომბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რათა დადგენილიყო, შეძლებდა თუ არა ს. თ-ი, ავტომობილ „ფორდ ტრანზიტის“ სალონში მოთავსებული ა. მ-ის იარაღის დანახვას. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იარაღის ავტომობილის სალონში მოთავსება, ავტომობილში იარაღით ხელში ჩაჯდომა, მგზავრის მიერ იარაღის ხელში დაჭერა და გადატენვა, ასევე, იარაღით ხელში მანქანიდან გადასვლა, ავტომობილისა და იარაღის ზომების გათვალისწინებით, მძღოლისთვის შეუმჩნევლად ვერ მოხდებოდა.
4.10. 2022 წლის 22 ნოემბერს, სოფელ ნ-ის ცენტრში, მ. მ-ის მონაწილეობით, ა. მ-ის მკვლელობის გარემოებების აღდგენის მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ მ. მ-ი ს. თ-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში დაინახავდა იარაღს, რომელიც ს-ის გვერდით მჯდარ მგზავრს ეჭირა ხელში.
4.11. 2023 წლის 26 თებერვალს, დაცვის მხარემ „ფორდ ტრანზიტის“ ფირმის ავტომობილში, ა. თ-ის ჩვენების საფუძველზე, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის თანახმად, ავტომანქანაში მძღოლის გვერდით არის ორადგილიანი სავარძელი, რომლის დაბლა მოთავსდა ცეცხლსასროლი იარაღი. დადგინდა, რომ მითითებულ ადგილზე შესაძლებელია იარაღის მოთავსება სამ პოზიციაში. გამოყენებული იარაღის სიგრძე არის 117 სმ, ხოლო ა. თ-ის იარაღის სიგრძე – 112 სმ. მიუხედავად იარაღის ზომის სხვაობისა, გამოყენებული იარაღი მოთავსდა სავარძლის ქვევით, ისე, რომ სრულად მოხდა მისი დაფარვა. ავტომობილი დაიძრა ს. თ-ის სახლიდან სოფლის ცენტრისკენ, ცენტრამდე 14-15 მეტრის დაშორებით. ექსპერიმენტში მონაწილე მ. ა-მა, რომელიც მძღოლის ხელმარჯვნივ იჯდა, ავტომობილის სვლის შენელებისას, გააღო კარი და გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც, აიღო სავარძლის ქვევით მოთავსებული იარაღი, გააკეთა სროლის იმიტაცია და გაიქცა უკან, ს. თ-ის სახლისკენ. იგივე ქმედება გაიმეორა რამდენჯერმე, მათ შორის, გაჩერებულ ავტომანქანაზე. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იარაღი ისე შეიძლება მოთავსდეს სავარძლის ქვევით, რომ მძღოლმა ვერ დაინახოს. ასევე – ის, რომ მგზავრმა შესაძლებელია თავისუფლად აიღოს სავარძლის ქვემოთ განთავსებული იარაღი.
4.12. ამდენად, ბრალდებისა და დაცვის მხარის ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დგინდება, რომ შემთხვევის შემსწრე პირთა ჩვენებები, შემთხვევის დღეს, ს. თ-ის ქმედებებთან მიმართებით, ურთიერთგამომრიცხველია, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით უტყუარად ვერ დასტურდება, შეიძლებოდა თუ არა ს. თ-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში მგზავრის მიერ იარაღის ისე მოთავსება, რომ ეს აუცილებლად დაენახა ს. თ-ს.
4.13. ბრალდების მხარემ, ს. თ-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილთან დაკავშირებით, წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, “Ford Transit B5 T280” სატვირთო ფურგონს (სახელმწიფო ნომრით – -), 15-17 მეტრ მანძილზე მაქსიმალური აჩქარებით გადაადგილებისას, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო განევითარებინა 28-30 კმ/სთ სიჩქარე. მოცემულ შემთხვევაში, “Ford Transit B5 T280” სატვირთო ფურგონს (სახელმწიფო ნომრით – --), ადგილიდან დაძვრიდან მაქსიმალური აჩქარებით 8.0 მეტრ მანძილზე გადაადგილებისას, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო განევითარებინა 20 კმ/სთ სიჩქარე, ხოლო მეორე, 8-9 მეტრში (ადგილიდან დაძვრიდან 16-17 მეტრში), ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო განევითარებინა 29-30 კმ/სთ სიჩქარე. მოცემულ შემთხვევაში, ადგილიდან დაძვრიდან მაქსიმალური აჩქარებით მოძრაობისას 16-17 მეტრში მარცხნივ მოხვევისას, ავტომობილის მარცხნივ მოხვევის ზღვრული რადიუსი შეადგენს, დაახლოებით, 10.0 მეტრს. შესაბამისად, მიღებული მონაცემებისა და საქმეში არსებული მასშტაბურ ფოტოილუსტრაციის მიხედვით, აიგო შემთხვევის ადგილის მოდელირების მასშტაბური სქემა-1 (კომპიუტერული პროგრამა Pc Crash 10.0], რითაც დადგინდა, რომ დგომის ადგილიდან მაქსიმალური აჩქარებით მოძრავი ავტომობილი “Ford Transit B5 T280” მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულების დროს, ტექნიკური თვალსაზრისით, გვამს გვერდს აუვლიდა დაახლოებით, 3.5 მეტრის მოცილებით. მოცემულ შემთხვევაში, “Ford Transit B5 T280” სატვირთო ფურგონს (სახელმწიფო ნომრით – -) ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე (გაბარიტული ზომები, მოხვევის რადიუსი, მაქსიმალური აჩქარება), დგომის ადგილიდან დაძვრის შემდეგ, ტექნიკური თვალსაზრისით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაძლებელი იყო ემოძრავა იმ ტრაექტორიით, რაც მითითებულია მოწმეების – მ. მ-ის, ჰ. მ-ის, ა. მ-ის – ჩვენებებსა და მ. მ-ის საგამოძიებო ექსპერიმენტში. ასეთ სიტუაციებში დგომის ადგილიდან დაძვრის შემდეგ, მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულების დროს, “Ford Transit B5 T280” სატვირთო ფურგონს (სახელმწიფო ნომრით – -) გვამისათვის გვერდის აევლო 2.0 მეტრის მოშორებით.
4.14. ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპიროდ, დაცვის მხარემ წარმოადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, განსხვავებული შედეგით. კერძოდ, დადგინდა, რომ ს. თ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისა და შესაჯახებელ ობიექტებს შორის დაშორებისა და მანძილის გავლის დროის გათვალისწინებით, ს. თ-ი მანამდე შეეჯახებოდა ადგილზე მყოფ პირებს, ვიდრე ა. მ-ი იარაღს გაისროდა ს. თ-ის მიმართულებით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა – რ. ვ-მა, რომლის კომპეტენცია წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვქვეშ არ დამდგარა. ასევე, სასამართლოში არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარის მოწმეთა მიკერძოებას დაადასტურებდა.
4.15. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენს, რომლის მიხედვით, ა. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული განაჩენი არ შეცვლილა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების მიერ. ამავე განაჩენით, ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ხოლო საკასაციო სასამართლომ მას შეუმცირა დანიშნული სასჯელი.
4.16. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით, 17:00 საათზე, წ-ის რაიონის, სოფელ ნ-ში, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ა. თ-მა, რომელიც გადაადგილდებოდა ს. თ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, სიცოცხლის განზრახ მოსპობის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში მიაყენა დაზიანებები ა. მ-ს, რის შედეგად, ეს უკანასკნელი სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 2016 წლის 30 ივლისს მომხდარი შემთხვევის დროს, ს. თ-ი, რომელიც მართავდა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს (სახელმწიფო ნომრით –), გადაადგილდებოდა ა. თ-თან ერთად. 2016 წლის 30 ივლისს მომხდარი შემთხვევის დროს, ა. მ-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ს. თ-ს. დადგინდა, რომ ა. მ-ი არ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ა. მ-მა ზუსტად იმ დროს ისროლა ს. თ-ის მიმართულებით, როდესაც ამ უკანასკნელმა მოუხვია და წავიდა გზაჯვარედინის მარცხენა მხარეს არსებულ გზაზე. ს. თ-ს, რომ ჰქონოდა განზრახვა, მანქანით დასჯახებოდა მიწაზე ა მ-ს და მის გარშემო მყოფ პირებს, მანქანებს შორის მანძილის სიმცირის გამო, ამას მოახერხებდა წამებში, ისე, რომ ა. მ-ი ვერ მოასწრებდა ჯიბიდან იარაღის ამოღებას და მისკენ მომართვას. ამასთან, იგი ჯერ უნდა დასჯახებოდა ავტომანქანა „ნივას“, რადგან ა მ-ი „ნივის“ უკან იდგა და იქვე დაეცა.
4.17. მართალია, ბრალდების მხარემ სადავო გახადა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით დადგენილი გარემოებები, თუმცა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება ანალოგიური ფაქტები, რითაც უტყუარად არ დასტურდება, რომ ს. თ-მა იცოდა ა. თ-ის განზრახვის – მოეკლა ა. მ-ი – შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ს. თ-ის ქმედებაში არ იკვეთება მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნები.
4.18. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. თ-ისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია) საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირების თაობაზე.
4.19. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ეს დანაშაული გამოიხატება დამნაშავის პასიური ქცევით (უმოქმედობით), რომელიც არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექტურად წარმოებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს: ა) მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; ბ) დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი, უნდა მიეკუთვნებოდეს საქართველოს სსკ-ით განსაზღვრულ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ასევე, აუცილებელია დადგინდეს ჰქონდა თუ არა პირს საკმარისი დრო და საშუალება, მიემართა სამართალდამცავი ორგანოსათვის და შეეტყობინებინა მომხდარი ფაქტის თაობაზე. აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ზემოაღნიშნული მოქმედების ჩადენის მომენტიდან.
4.20. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ს. თ-ი და ა თ-ი მას შემდეგ გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ (სოფლის ცენტრი), როდესაც შეიტყვეს, რომ მათი სახლის მიმართულებით ისროლეს ქვები. შემთხვევის ადგილზე მათ დახვდა მ-ის ოჯახის წარმომადგენლები. გამოკვლეული მტკიცებულებებით სადავო არ არის, რომ ს. თ-ი და ა. თ-ი შემთხვევის ადგილზე წავიდნენ წითელი „ფორდის“ მარკის ავტომობილით, რა დროსაც საჭესთან იჯდა ს. თ-ი. მტკიცებულებებით ასევე დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე ს. თ-თან ერთად მისულმა ა თ-მა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა იქ მყოფი პირების მიმართ, რასაც შედეგად მოჰყვა ა. მ-ის გარდაცვალება. აღნიშნულის შემდეგ ა. თ-ი მარტო ტოვებს შემთხვევის ადგილს. სადავო არ არის, რომ შემთხვევის დღეს ა. მ-მა ისროლა ს. თ-ის მიმართულებით, რა დროსაც ს. თ-მა მიიღო სხეულის დაზიანება, რის შემდეგაც, მან ავტომობილით დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა თავისი ძმის სახლში.
4.21. ს. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ მისი სტაციონარში მოთავსების თარიღია: 30.07.2016, 19:30 საათი, გაწერის თარიღია: 30.07.2016, 22:00 საათი. პაციენტის მდგომარეობა – გულმკერდის ტრავმა დაუზუსტებელი, მხრის ძვლის ქვედა ბოლოს მოტეხილობა.
4.22. 2022 წლის 18 აპრილის, გ. ნ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დგინდება, რომ ს. თ-ის დაჭრის თაობაზე მან შეატყობინა 112-ის სამსახურს (18:14 საათი). მოწმის განმარტებით, ს. თ-მა დაურეკა და უთხრა, რომ დაერეკა 112-ში.
4.23. 2016 წლის 1 აგვისტოს (შემთხვევიდან მე-2 დღე) მოწმის სახით გამოიკითხა ს. თ-ი, რა დროსაც განმარტა, რომ ცხოვრობს წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში ოჯახთან ერთად. 2016 წლის 30 ივლისს, 16:00 საათამდე იმყოფებოდა სახლში, შემდეგ წავიდა ბაღში სამუშაოდ. დაახლოებით, 17:00 საათზე, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მეუღლე და უთხრა, რომ ჰ. მ-ის შვილები მათ სახლს ქვებს ესროდნენ. აღნიშნულის შემდეგ მივიდა ძმის – ს. თ-ის – სახლში, სადაც თავმოყრილი იყო ხალხი. დასმულ კითხვაზე ს. თ-მა უპასუხა, რომ თავს ესხმოდნენ. შემდეგ ძმისშვილთან – ა. თ-თან – ერთად ჩაჯდა ავტომობილში და გაემართა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რათა გაერკვია, თუ რა ხდებოდა. გზად, ცენტრალურ გზაზე დაინახა ხალხი, რომელთა შორის იყვნენ მ-ის ოჯახის წევრები. ამ დროს დაამუხრუჭა ავტომობილი, რა დროსაც ა. თ-ი გადახტა მანქანიდან. გადახტომისას ას იარაღი ჰქონდა თუ არა, არ დაუნახავს. თავად კი გააგრძელა ავტომობილის მართვა სრული სვლით, თუმცა ჰ. მ-ის შვილებმა მისი ავტომანქანის მიმართულებით დაიწყეს ქვების სროლა. ამ დროს ჰ. მ-მა მარჯვენა ხელით, შარვლის უკანა მხრიდან ამოიღო პისტოლეტი. აღნიშნულის გამო, მოწმემ სცადა გაქცევა, თუმცა, ჰ. მ-მა მისი ავტომანქანის მიმართულებით გაისროლა, რაც მას მოხვდა. ს. თ-მა ტყვიების მოხვედრისას იგრძნო ტკივილი და შეეკრა სუნთქვა, რის გამოც, ინტენსიურად დააჭირა გაზის პედალს და ავტომანქანით გაიქცა ცენტრალური გზისკენ. შემდეგ კი მივიდა ძმასთან.
4.24. 2017 წლის 29 მარტს, ს. თ-ი მოწმის სახით დაიკითხა სასამართლოში, ა. თ-ისა და ა. მ-ის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ს. თ-ის ჩვენებით თანახმად, 2016 წლის 30 ივლისს დილიდან მუშაობდა, თავისი ძმის ს. თ-ის სახლთან ახლოს მდებარე ბოსტანში. დაურეკა ს. თ-ის მეუღლემ და უთხრა, რომ მათთან სახლში მისულიყო სასწრაფოდ, რადგან მისი ძმა – ს. თ-ი – თავს შეუძლოდ გრძნობდა. იგი წავიდა ს.თან სახლში, სადაც ძმამ მოუყვა, რომ მათ კუთვნილ მაღაზიას თავს დაესხნენ ა. და მ. მ-ი, რომლებმაც სცემეს და ხელ-ფეხი ურტყეს მის ავტომანქანას. ს. თ-მა შეამოწმა მანქანა და ნახა, რომ დაზიანებული იყო ორივე მხრიდან. ამ დროს, მას დაურეკა თავისმა მეუღლემ და აცნობა, რომ მათი სახლის ფანჯრებს ამტვრევდნენ მ-ი. ვინაიდან, სახლში მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ, შეეშინდა და გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ წასულიყო. იგი დაჯდა ა თ-ის ოჯახის კუთვნილ ავტომანქანაში და წავიდა სახლისკენ. მას გაჰყვა ა თ-ი. ხიდთან მისულებს, დახვდათ ჰ. მ-ი, რომელმაც დაუწყო მანქანას ქვების სროლა. იქ იყო ა. მ-ი, რომელმაც მათი მიმართულებით ისროლა დამიზნებით. ამ დროს ა. თ-ი ავტომანქანიდან გადახტა. მოპირდაპირედ იდგა ავტომანქანა „ნივა“, მასთან კი – ა. მ-ი. ს. თ-ს „ნივასთან“ და ა მ-თან მიახლოება არ უცდია, მოინდომა გაქცევა და გაუხვია მარცხნივ, რადგან სახლისკენ ვეღარ წავიდოდა, თუმცა, ა-ის ნასროლი ტყვიები მაინც მოხვდა მარჯვენა მხრიდან და მიიღო რამდენიმე ჭრილობა. ს. თ-მა მოახერხა ავტომობილის მართვის გაგრძელება და მივიდა ს. თ-ის სახლში. როგორც კი გააღო ჭიშკარი, გონება დაკარგა. პოლიციის მისვლისთანავე, მან პოლიციელებს განუცხადა, რომ იგი დაჭრა ა. მ-მა. ამის შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს წ-აში, როდესაც მანქანიდან გადმოჰყავდათ, დაინახა, მ. და ა. მ-ი. მ.ი ყვიროდა: „დაარტყით და მოკალით!“. მას მიუახლოვდა ა. მ-ი და ჩაარტყა სახეში. შემდეგ გადაიყვანეს თ-ში ოპერაციის გასაკეთებლად.
4.25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მ-ის ოჯახის წევრების გზად დახვედრა, მათთან ფიზიკური კონფლიქტის დაწყება, ა თ-ის მიერ მათი მიმართულებით იარაღის გასროლა და დაპირისპირებული მხარისგან საპასუხო ცეცხლის გახსნა, მიუთითებს, რომ ს. თ-მა, როგორც ამ დაპირისპირების აქტიურმა მონაწილემ დაინახა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ს. თ-ს შეეძლო მომხდარი დანაშაულის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, თუმცა ასე არ მოქცეულა. კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, შემთხვევის ადგილიდან წასულ ს. თ-ს გზად უნდა გაევლო პოლიციასთან, თუმცა განყოფილებასთან არ გაჩერებულა. ამ მოცემულობაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. თ-ი იყო დაჭრილი, თუმცა, რამდენადაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ობიექტურად დამნაშავის მხილებამდე გრძელდება, გასათვალისწინებელია მისი ქმედება გამოძიებისა და შემდგომ ეტაპებზე. შემთხვევიდან მეორე დღეს, იგი გამოიკითხა გამოძიების ორგანოში, მოგვიანებით კი და.ითხა სასამართლოში, თუმცა ისაუბრა მხოლოდ ა. მ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულზე და არცერთგან უხსენებია ა თ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა, რაც მიუთითებს მის სურვილზე – სამართალდამცავი ორგანოსთვის არ გამხდარიყო ცნობილი ა თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
4.26. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ს. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებით, ირღვევა ბრალდების უცვლელობის პრინციპი, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.27. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (ბ) პუნქტი უზრუნველყოფს ბრალდებულს დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროითა და საშუალებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში – ევროპული სასამართლო) პრაქტიკის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისთვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Mattoccia v. Italy, 25/07/2000, განაცხადი №23969/94, §61); ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Pélissier and Sassi v. France, 25/03/1999, განაცხადი №25444/94, §62); აგრეთვე, ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: De Salvador Torres v. Spain, 24/10/1996, განაცხადი №21525/93, §33; Juha Nuutinen v. Finland, 24/04/2007, განაცხადი №45830/99, §32).
4.28. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად, არსებითად ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა, რადგან ბრალდების მხარე ს. თ-ს 2016 წლის 30 ივლისს, წ-ის რაიონის სოფელ ნ-ში მომხდარი დაპირისპირებისას, განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას ედავება, ხოლო სასამართლოს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნით (აღნიშნული ფაქტი სადავო არ ყოფილა) და შემდგომში უმოქმედობითაა განპირობებული. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ზემოაღნიშნულ საკითხზე სათანადო დაცვის მომზადებისთვის, არ დარღვეულა, რამდენადაც დაცვის მხარისთვის განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის კუთხით მსჯელობა.
4.29. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის №1105აპ-23 და 2023 წლის 19 აპრილის №1120აპ-22 განჩინებები).
4.30. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთა პოზიციების შეფასებისა და ს. თ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (2016 წლის 30 ივლისს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირების ნაწილში, სწორი და კანონიერია, ხოლო ამ დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი.
4.31. იმავდროულად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომ თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, სასამართლომ უნდა დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით. კანონის აღნიშნული იმპერატიული დათქმის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაათავისუფლა ს. თ-ი სასჯელის მოხდისგან, რადგან მან ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინა 2016 წლის 30 ივლისს, ბრალი კი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით დადგენილი, 6 წლიანი ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ.
4.32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.33. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის ზედმიწევნით გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.34. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება Kadagishvili v. Georgia, განაცხადი №12391/06, §175).
4.35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ს. თ-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.36. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილის – გიორგი ლობჯანიძის და მსჯავრდებულ ს. თ-ის ადვოკატ თ. ს-ის საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე