საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004465302
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №326აპ-25 ქ. თბილისი
ა. მ. 326აპ-25 7 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ა-ს, – პირადი ნომერი 0..., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2020 წლის 23 მაისს, დაახლოებით 01:30 საათზე, თ-ში, თ-ს ქუჩაზე (N...-ე ელექტრონული განათების ბოძის მიმდებარედ), მ. ა., რომელიც მართავდა ავტომობილ ,,Porsche-ს“ (სახელმწიფო ნომრით ...), ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები და დაეჯახა თანმხვედრი მიმართულებით, წინ მოძრავ ველოსიპედს, რომელსაც მართავდა დ. ა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დ. ა-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის გამოც გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში (ხანგრძლივი პერიოდი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში და გარდაიცვალა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე).
1.1.1. აღნიშნული ქმედებით მ. ა-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით მ. ა. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
2.1 საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მ. ა-ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – მარინე ლომიძემ. აპელანტმა მოითხოვა მ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრა. ასევე, – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ. კასატორი ითხოვს მ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრას. ასევე, – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლით.
5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
6. სასამართლო ითვალისწინებს – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა, რომელიც ითხოვს გამართლებულის დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – პროკურორის საკსაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
8. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2020 წლის 23 მაისს, თ-ში, თ-ს ქუჩაზე, მ. ა., რომელიც მართავდა ავტომობილ ,,Porsche-ს“ (სახელმწიფო ნომრით ...) დაეჯახა ველოსიპედით მოძრავ დ. ა-ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დ. ა-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის გამოც გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. დ. ა. გარდაიცვალა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
8.1. მხარეებს შორის დავის საგანია, საკითხის გარკვევა, მ. ა-მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები (იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა) და დაეჯახა თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავ ველოსიპედს და შესაბამისად, ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც ედავება ბრალდების მხარე, თუ – მძღოლ დ. ა-ს მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას (მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით) და მ. ა-ს არ ჩაუდენია ბრალადწარდგენილი დანაშაული.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების მხარეების ინიციატივით ჩატარებული ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის, ასევე კომისიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შედეგები წინააღმდეგობრივია, იმავდროულად, ექსპერტებმა კვლევის შედეგები დააფუძნეს განსხვავებულ მონაცემებს, კერძოდ:
9.1. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის (ექსპერტი ი. ს.) ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 16 ივლისს N...დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ მ. ა-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო (ტ. N1: ს.ფ. 83-86).
9.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (ექსპერტი ზ. თ.) სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 18 აგვისტოს N... დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებებზე არსებულ დაზიანებათა ფორმა, ხასიათი, დამზიანებელი ძალების მოქმედების მიმართულებები, აგრეთვე მათი დაზიანებული ნაწილებით ურთიერთშეთავსება მიუთითებენ იმაზე, რომ მათი პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა ავტომობილ „Porshe Panamera 4S“ ...-ის წინა მარცხენა და ველოსიპედ „GT OUTPOST-ის“ მარჯვენა გვერდის უკანა ნაწილებს შორის, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 30°-ს (ცდომილება ±5°); შეჯახების მომენტში ავტომობილი „Porshe Panamera 4S“ .... მოძრაობდა გზის გრძივი ღერძის დაახლოებით პარალელურად, პირველი სამოძრაო ზოლის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 2.4 მეტრის მოცილებით, ხოლო ორთვლიანი ველოსიპედი „GT OUTPOST“ გზის გრძივი ღერძის და შესაბამისად ავტომობილის გრძივი ღერძის მიმართ დახრილია დაახლოებით 30-იანი კუთხით და შესაბამისად ახდენდა გადაადგილებას მარცხნიდან მარჯვნივ, ავტომობილის მოძრაობის მიმართულების მიხედვით. ჩატარებული გამოთვლებით და ორთვლიანი ველოსიპედის შეჯახების მომენტამდე მოძრაობის ტრაექტორიის კომპიუტერული მოდელირებით (კომპიუტერული პროგრამა Pc Crash 10.0), გაირკვა, რომ ველოსიპედი „GT OUTPOST“ მარჯვნივ მოხვევის მანევრის დაწყების წინ მთლიანად იყო და მოძრაობდა სამზოლიანი სავალი ნაწილის მეორე ზოლის მარჯვენა ნაპირში და ახდენდა გადაადგილებას მარჯვნივ, პირველი სამოძრაო ზოლის მიმართულებით; მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, დასმული საკითხების - შეეძლო თუ არა ავტომობილ „Porshe Panamera 4S“ ...-ს მძღოლ მ. ა-ს ველოსიპედზე შეჯახების თავიდან აცილება და შეესაბამება თუ არა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მოქმედება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს,- გადაწყვეტა შეუძლებელია კვლევით ნაწილში აღწერილი გარემოებების გამო;
9.2.1. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად: მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, დასმული საკითხების – შეეძლო თუ არა ავტომობილ „Porshe Panamera 4S“ ...-ს მძღოლ მ. ა-ს ველოსიპედზე შეჯახების თავიდან აცილება და შეესაბამება თუ არა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მოქმედება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, - გადაწყვეტა შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებით დადგინდეს შეჯახების მომენტში ველოსიპედის მოძრაობის სიჩქარე და რა მანძილი გაიარა ავტომობილმა დამუხრუჭების დაწყებიდან, შეჯახების მომენტამდე, ან რა მანძილი გაიარა დამუხრუჭებულმა ავტომობილმა შეჯახების შემდეგ საბოლოო გაჩერებამდე.
9.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (ექსპერტი ზ. თ.ე) სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 25 სექტემბერს N... დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „Porshe Panamera 4S“ ...-ის მძღოლს მ. ა-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ველოსიპედზე შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; ხოლო ველოსიპედ „GT OUTPOST-ის“ მძღოლის დ. ა-ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება).
9.3.1. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად: ველოსიპედის მიერ მიმართულების მარჯვნივ შეცვლიდან, შეჯახების მომენტამდე გავლილი მანძილის – 3.8 მეტრის, ველოსიპედის მოხვევის რადიუსის სიმძიმის ცენტრის მიმართ – 7.2 მეტრის, შეჯახების კუთხის – 30° და ველოსიპედის მოძრაობის სიჩქარის – 20 კმ/სთ, მხედველობაში მიღებით, 0.7 წამი იქნებოდა ავტომობილის მძღოლის განკარგულებაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან ასაცილებლად, მაშინ, როცა შექმნილ საგზაო სიტუაციაში, მარტო მძღოლის მიერ ავტომობილის ეფექტური დამუხრუჭების დაწყებამდე საჭირო დრო იქნებოდა დაახლოებით 1.5. წამი (მძღოლის რეაქციის დრო – 1.2 წამი, მუხრუჭების მოქმედებაში მოყვანის დრო – 0.1 წამი და სიჩქარის შენელების დრო - 0.35 წამი). მიღებულმა დროთა შედარებამ გვიჩვენა, რომ ველოსიპედის მოძრაობის დრო ავტომობილის მძღოლის მხედველობის არეში, საფრთხის შექმნის მომენტიდან მასზე ავტომობილის წინა ნაწილით დაჯახების მომენტამდე ნაკლებია მარტო მძღოლის მიერ ავტომობილის ეფექტური დამუხრუჭების დაწყებამდე საჭირო დროზე, ანუ 0,7<1,5 წამი (ტ. N1; ს.ფ. 259-269).
9.3.2. ექსპერტმა ზ. თ-მ კატეგორიულად განმარტა, რომ აღნიშნულ – მეორე –დასკვნაში დაეყრდნო მხოლოდ ვიდეოჩანაწერს, ფაქტობრივ გარემოებებს და ნივთიერ მტკიცებულებებს, ხოლო მოწმეთა ჩვენებები არ განუხილავს, გამართლებულის ჩვენებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მექანიზმის დადგენასთან, მისი ჩვენებით მოხდა მოძრაობის სიჩქარისა და შეჯახების ადგილის უფრო მეტი კონკრეტიზაცია, სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმი კი განსაზღვრა სატრანსპორტო საშუალებების საბოლოო განლაგებიდან გამომდინარე. ასევე, დაზიანებების შეფასებით დადგინდა, რომ შეჯახების კუთხე იყო 30 გრადუსი. ექსპერტის ჩვენებით, ველოსიპედსა და ავტომობილზე არსებული დაზიანებები კატეგორიულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ავტომობილი უკნიდან დაეჯახა ველოსიპედს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ველოსიპედის თვალი „ჩაიკეცებოდა“, ის კი ოვალურად არის გადაღუნული. ანალოგიური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებზე თანდართული ფოტოსურათები, როდესაც ავტომობილი ველოსიპედზე შეჯახებულია მისი წინა მარცხენა ნაწილით, ხოლო ველოსიპედზე დეფორმირებულია მისი უკანა დისკი მარცხნიდან მარჯვნივ.
9.4. სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნის იდენტურად, საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების – ი. ს-ს და დ. გ-ს მიერ ჩატარებული 2020 წლის 22 ოქტომბრის კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნის (ტ. N1; ს.ფ. 312-315), ასევე დაცვის მხარის მიერ დანიშნული – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 20 ივნისის N... დასკვნის (ტ. N3; ს.ფ. 28-48) თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი მ. ა. მის განკარგულებაში არსებული მანძილისა და დროის სიმცირის გამო, ველოსიპედზე დაჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ დ. ა-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, მას მომხდარი საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.
9.4.1. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, შესაბამისი გამოთვლების შედეგად, ველოსიპედის მიერ განვლილი მანძილი მძღოლის მხედველობის არეში მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის მომენტიდან დაჯახების წერტილამდე არის 4-5 მეტრი, ველოსიპედის მოძრაობის სიჩქარე – 20 კმ/სთ, შესაბამისად, ველოსიპედი 4-5 მეტრ მანძილს 20 კმ/სთ სიჩქარით გაივლიდა დაახლოებით 0.7-0.9 წამში. მიღებული დრო კი ავტომობილის მძღოლის განკარგულებაში ველოსიპედზე დაჯახების თავიდან ასაცილებლად ნაკლებია მხოლოდ მძღოლის სარეაქციო პერიოდისათვის საჭირო დროზე - 1.2 წამზე, რის გამოც, მძღოლი მის განკარგულებაში არსებული მანძილისა და დროის სიმცირის გამო დამუხრუჭების დაწყებასაც ვერ მოასწრებდა.
9.4.2. ექსპერტმა ი. ს-მ ახსნა მის მიერ გაცემულ ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნასა და ექსპერტ დ. გ-ნთან ერთად გაცემულ კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნას შორის განსხვავებაც და განმარტა, რომ პირველი დასკვნის გაცემის დროს საქმის მასალებზე დაყრდნობით, გამოძიების მიერ დადგენილი იყო, რომ შეჯახება მოხდა ავტომობილსა და ველოსიპედს შორის 0 გრადუსიანი კუთხით, ანუ ავტომობილი უკნიდან შეეჯახა ველოსიპედს და შესაბამისად, ასეთ პირობებში, იკვეთებოდა მძღოლის ბრალეულობა (შეჯახების 0 გრადუსიანი კუთხე დადგენილი იყო გამოძიების და არა შესაბამისი ექსპერტიზის მიერ), ხოლო შემდგომში ექსპერტ ზ. თ-ს მიერ განსაზღვრულმა ავტომობილსა და ველოსიპედს შორის შეჯახების კუთხემ (30 გრადუსი), განაპირობა სრულყოფილი შედეგის მიღება კომისიური საექსპერტო კვლევის დროს.
9.4.3. ექსპერტებმა ი. ს-მ და დ. გ-მა განმარტეს, რომ ველოსიპედზე არსებული დაზიანება, კერძოდ, უკანა დისკის დეფორმირება მარცხნიდან მარჯვნივ, კატეგორიულად გამორიცხავს 0 გრადუსიანი შეჯახების კუთხის არსებობას (ანუ მანქანის ველოსიპედზე უკნიდან შეჯახებას), ვინაიდან ამ შემთხვევაში დისკის რკალი ჩაიკეცებოდა უკნიდან წინ; ამასთან, ველოსიპედის საბოლოო განლაგება ვერანაირად ვერ იქნებოდა იქ, სადაც ფიქსირდება სქემაში. ბრალდების მხარის ვერსიის შესაბამისად მოვლენების განვითარების შემთხვევაში, კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ავტომობილისა და ველოსიპედის საბოლოო განლაგება ყოფილიყო ისეთი, როგორიც სქემაზეა მოცემული, კერძოდ, თუკი დავუშვებთ, რომ ავტომობილი უკანა მხრიდან შეეჯახა მის წინ მიმავალ ველოსიპედს, მაშინ ავტომობილი პირველი სამოძრაო ზოლის და შესაბამისად, სწორხაზოვნად მოძრავი ველოსიპედის მიმართ დახრილი უნდა ყოფილიყო 30 გრადუსიანი კუთხით, შეჯახების შემდეგ მოძრაობას გააგრძელებდა იმავე კუთხით და გაჩერდებოდა მე-2 ან მე-3 სამოძრაო ზოლში. ვერანაირად ვერ გაჩერდებოდა პირველ სამოძრაო ზოლში. ამასთან, ველოსიპედს გადააგდებდა თავისი მოძრაობის მიმართულებით და შესაბამისად, ველოსიპედიც აღმოჩნდებოდა მე-2 ან მე-3 სამოძრაო ზოლში და არა იქ, სადაც სქემაზეა ნაჩვენები. ექსპერტთა მტკიცებით, ავტომობილი არ იცვლის ზოლს და მოძრაობს გზის პარალელურად, შეჯახების კუთხე კი არის 30 გრადუსი, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული კუთხე შექმნა სწორედ ველოსიპედმა მაშინ, როდესაც ახორციელებდა მარცხნიდან მარჯვნივ გადაჯგუფების მანევრს და არა ავტომობილმა.
10. ამდენად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი დასკვნების განსხვავებული შედეგები განპირობებულია, მათ შორის – იმ საწყისი მონაცემებით, შეჯახების კუთხით, რაც ექსპერტებმა გამოიყენეს კვლევის პროცესში. წინააღმდეგობრივი მონაცემები პირდაპირ უკავშირდებოდა იმ საკითხის გადაწყვეტას, – დაარღვია თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები გამართლებულმა. საქმის ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზის დასკვნების, ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების გათვალისწინებით, მით უფრო, ბრალდების მხარის მიერ დანიშნული კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ბრალდების მხარის მტკიცება მ. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ მ. ა-მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, ვინაიდან აღნიშნული არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, არც ვიდეოჩანაწერს (რომელზეც საკასაციო საჩივარშიც უთითებს პროკურორი) და არც კომისიური ექსპერტიზის დასკვნას და არის მხოლოდ ვარაუდი. კერძოდ, ბრალდების მხარე ასკვნის, რომ დ. ა., რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა ვ-ნ ს-ს – ყ-ს გ-ს – მიმართულებით, (დ. ა. ველოსიპედით მიდიოდა ვ-დან, დედასთან და და-ძმასთან, ს-ზე, ყ-ს გამზირზე), პირველ, უკიდურეს მარჯვენა სამოძრაო ზოლში, არ გადაინაცვლებდა მეორე ზოლში, რასაც აფუძნებს მისი მოძრაობის სწორხაზოვან ხასიათზე, რომელიც დაფიქსირებულია ვიდეოჩანაწერში ასახულ მონაკვეთზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მსჯელობა/მტკიცება ეფუძნება პროკურორის ვარაუდს/ანალიზს და არა შესაბამის, უტყუარ მტკიცებულებას.
11.1. სასამართლო ასევე ვერ დააფუძნებს მსჯავრდებას დაუშვებელ ან/და სასამართლო სხდომაზე გამოუკვლევ მტკიცებულებებს – ჰ. ნ-ს მიერ 2021 წლის 15 მარტს გაცემულ კომპლექსური ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N....დასკვნას (რომლის ირგვლივაც ექსპერტი სხდომაზე ვერ დაიკითხა მისი გარდაცვალების გამო (ტ.N3; ს.ფ.252-255)).
11.1.1. კასატორი – ბრალდების მხარე – საკასაციო საჩივარში არაერთხელ აკეთებს მინიშნებებს ექსპერტის ყალბი დასკვნის/ცრუ ჩვენების თაობაზე, მათ შორის, უთითებს: ,,შეგნებულად გასცა ყალბი დასკვნა”/,,ამახინჯებს ფაქტებს”, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამისი ექსპერტის მიმართ, არ არის წარმოდგენილი დასკვნის/ჩვენების სიყალბის/ექსპერტის მიკერძოებული დამოკიდებულების, არაკომპეტენტურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა აღნიშნული მტკიცებულებების არ გაზიარების სამართლებრივ საფუძველს. მით უფრო, რომ ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის განმახორციელებელი პირი (ექსპერტი ი. ს-ც) ეთანხმება კომისიური ექსპერტიზის დასკვნას, ხოლო აღნიშნული ექსპერტიზით არ დადგინდა მ. ა-ს ბრალეულობა მისთვის ბრალადშერაცხილ დანაშაულში, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ დანიშნული, მათ შორის, კომისიური ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობისთვის.
11.2. ამდენად, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ. ა. არ შეასრულებდა მანევრს და მას გამართლებული ავტომანქანით დაეჯახა 0 გრადუსიანი კუთხით, მით უფრო, დაზარალებულ დ. ა-ს ჩვენების გათვალისწინებით (ველოსიპედით მოძრაობდა ვ.-ს-ს გზაზე, ს-ს მიმართულებით, პირველ ზოლში, ველოსიპედის შესაბამისი სიჩქარით. ა-ს გზის გამოსასვლელთან, ოდნავ ადრე, მოესმა (ჩემთვის შემაშფოთებელი) მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანისათვის დამახასიათებელი ძლიერი ხმა, ვინაიდან იგრძნო საფრთხე, შეძლებისდაგვარად აუჩქარა მოძრაობას და ცდილობდა ა-ს ქუჩიდან შემომავალი ავტომობილს წინ გადასწრებას. დაახლოებით 3 მეტრის გავლის შემდეგ, გამოსასვლელი ნაკადის დასრულებამდე, მოესმა მუხრუჭის ხმა და მაშინვე, უკანა მარჯვენა (00:15:37) მხარეს იგრძნო დარტყმა, რის გამოც წამიერად გაითიშა (00:04:04)) არის მხოლოდ ვარაუდი. საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას.
13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი დაცვისა და ბრალდების ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიების და განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, მ. ა-ს ბრალეულობის გადაწყვეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას. განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, კომისიური ექსპერტიზის დასკვნის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მათ შორის, მაგალითად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის არასანდოობაზე/უკანონობაზე, კვლევისას გამოყენებული მეთოდიკის სიმცდარეზე/დაუშვებლობაზე, ექსპერტთა არაკომპეტენტურობასა თუ მიკერძოებულობაზე, კვლევის არასისრულეზე, – გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაული. შესაბამისად, in dubio pro reo პრინციპის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განაჩენზე და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი