საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.08.2025
საქმის ნომერი
2კ-403აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.08.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100123008194556

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №403აპ-25 1 აგვისტო. 2025 წელი

ა.მ., №403აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ.ა. (პირადი ნომერი: ....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი – გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი – გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 15 აგვისტოს, ქ.-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე მეუღლის გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა მ. ა-მ ყელის არეში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ა. ა-ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის 15 აგვისტოს, ქ. -ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე მეუღლის გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა მ. ა. დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ა. ა-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2023 წლის 21 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. -ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე მეუღლის გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა მ. ა-ემ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ა. ა-ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2023 წლის 21 სექტემბერს, ქ.-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე მეუღლის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული მ. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ა. ა-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2023 წლის 22 სექტემბერს, ქ.-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე და განქორწინების თაობაზე მეუღლის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული მ. ა-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ა. ა-ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მ. ა-ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, მ.ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ა-ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 12 მარტს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მ. ა-ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს უნდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი. კერძოდ, დაზარალებულის მშობლების და მოწმე პოლიციელების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ. ა-ს ბრალეულობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ა-ს გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. დაზარალებულმა ა. ა-მ სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა მ. ა-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ან გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელებისა და დაზარალებულების მშობლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მონათხრობს, ამ უკანასკნელმა კი, როგორც აღინიშნა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული პირდაპირი მტკიცებულებებით – არასაკმარისია ერთის მხრივ, მუქარის განხორციელების და შედეგად შიშის განცდის ფაქტის, მეორეს მხრივ კი – ძალადობისა და მის შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად.

5.8. სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე