საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142225702092422
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №10აგ-25 ქ. თბილისი
ო. გ. 10აგ-25 1 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა განაჩენით:
1.1. გ. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;
1.2. გ. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;
1.3. გ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;
1.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N… გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N... გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 14 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ო-ს და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის დავით ნეფარიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
2.1. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი გ. ო-ს მიმართ.
3. 2024 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ო-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ღ-მ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – ,,საქართველოს სსსკ-ის“) 310-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვა.
3.1. 2024 წლის 25 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ო-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ღ-მ და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და გ. ო-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ. ო-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობების (2024 წლის 22 და 25 იანვრის) საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც დაუშვებლად ცნო.
3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ს ადვოკატ მ. ღ-ს შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.
4. 2024 წლის 26 აპრილს მსჯავრდებულ გ. ო-ს ადვოკატმა მ. ღ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე;
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-სინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ღ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
4.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ღ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.
5. 2025 წლის 15 იანვარს მსჯავრდებულმა გ. ო-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ო-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. ასევე – საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. სამართლებრივი სტაბილურობის და განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლის/ების შემთხვევაში. კანონმდებლობა ამ ნაწილში სასამართლოს არ ანიჭებს უფლებას გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას.
3.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას, შუამდგომლობით მოთხოვნილი განაჩენი/ების საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის საფუძველზე შეცვლის/გაუქმების შესახებ, ისევე როგორც მის მტკიცებას, საქართველოს სსსკ-ის 310/313-ე მუხლების მითითების გამო, გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე.
3.2. კასატორის მითითება, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლზე არასწორია, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრების წესს და საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას ადგენს სპეციალური ნორმა – საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
3.3 სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ი, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის განხილვას, საქართველოს სსსკ-ის XXVII თავის (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი; საქართველოს სსსკ-ის 310-314 მუხლები) მიღმა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სწორედ მითითებული მუხლებით.
4. კასატორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბერის განჩინების საფუძველზე, უთითებს აღნიშნული გადაწყვეტილების მე-9-10 პუნქტებს და აღნიშნავს, რომ მითითებული პუნქტებით მოცემულია კანონის ახალი განმარტება, სადაც მოსამართლეს სავალდებულო წესით დაევალა ვერდიქტის გაუქმება, როცა საქმეში არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, დაცვის მხარის მტკიცებით საკონსტიტუციო სასამართლომ, გ. ო-ს საქმეში, სადაც არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოსამართლე დაავალდებულა, გააუქმოს ვერდიქტი.
5. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილებასთან და კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტებთან მიმართებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე იმსჯელა 2024 წლის 28 მარტის №10აგ-24, ასევე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის №22აგ-24 განჩინებებში. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით (გ. ო.საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გ. ო-სკონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად, ხოლო ადვოკატის მიერ მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-9 და მე-10 პუნქტებით საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ განმარტა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები.
5.1. უზენაესი სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებულ პუნქტებში საუბარია სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებაზე, რომ შესაბამისი შემთხვევების არსებობისას (კერძოდ, მაშინ, როდესაც ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა), მიიღოს ვერდიქტის გაუქმების გადაწყვეტილება და არ შეიცავს მითითებას (დავალებას, როგორც ამას კასატორი უთითებს) ვერდიქტის უპირობო გაუქმების შესახებ.
5.2. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
5.3. საკასაციო სასამართლომ 2024 წლის 28 მარტის №10აგ-24 და 2024 წლის 22 ნოემბრის №22აგ-24 განჩინებებში ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ივნისის №47აგ-19 და 2020 წლის 12 ივნისის №46აგ-19 განჩინებებზე და მიუთითა, რომ ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე (ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაზე) სასამართლომ უკვე იმსჯელა აღნიშნული საქმეების ფარგლებში, იმავე გარემოებებზე განმეორებით მსჯელობის საჭიროება არ არსებობს.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გ. ო-ს და მისი ადვოკატის შუამდგომლობებთან დაკავშირებით მიღებულ არაერთ განჩინებაში უკვე იმსჯელეს და ამომწურავი პასუხები გასცეს კასატორის მიერ განსახილველი საქმის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნებზე, ხოლო რაიმე ახალ გარემოებაზე დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის N10აგ-24 განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის №22აგ-24 განჩინება).
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის ახალი ფაქტი/გარემოება/მტკიცებულება, რაც გახდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი; საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა; კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებებზე, რომლებიც უკვე იყო განხილული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გ. ო-ს ადვოკატის, მათ შორის, იგივე (იდენტური) საფუძვლით და იგივე გარემოებებზე დამყარებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №47აგ-19, №46აგ-19, №10აგ-24, №22აგ-24); კასატორი არ უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებულ განჩინებებში განხილულისგან განსხვავებულ გარემოებაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით შეფასებას.
7.1. კასატორი ასევე არ უთითებს რაიმე ისეთ ახალ ფაქტზე/გარემოებაზე, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 310-ე ან/და 3321-ე მუხლების საფუძველზე ქმნის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის) გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველს და არ იყო შეფასებული/განხილული კასატორის წინარე საჩივრების/შუამდგომლობების ფარგლებში.
7.2. შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არაერთხელ იქნა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რის გამოც სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ გ. ო-სსაკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ წარმოდგენილი მასალები იძლევა შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასებისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და დადგენა არ არის საჭირო.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 304-ე მუხლის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საქმის განმხილველ შემადგენლობას შეუძლია განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ: ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას) მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინამდებარე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მოთხოვნის ნაწილშიც.
11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი