საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.11.2025
საქმის ნომერი
2კ-695აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006620638

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №695აპ-25 ქ. თბილისი

ს. ლ., 695აპ-25 14 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი გოგალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით - ლ. ს–ას, პირადი ნომერი: ............, - ბრალად ედებოდა:

1.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

ლ. ს–ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 29 ივნისს, დღის საათებში, ქ. თ–ში, .... ქუჩა №.., ბინა №..-ში, საკუთრებით ურთიერთობებთან დაკავშირებული კონფლიქტის დროს, ლ. ს–ამ ორჯერ ჰკრა ხელი გ. შ–ეს, რის შედეგადაც გ. შ–ე მიეჯახა კედელს. აღნიშნული ქმედებებით, გ. შ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2022 წლის 1 ივლისს, დღის საათებში, ქ. თ–ში, .... ქუჩა №.., ბინა №..-ში, საკუთრებით ურთიერთობებთან დაკავშირებული კონფლიქტის საფუძველზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ. ს–ამ, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაარტყა გ. შ–ეს, რის შედეგადაც გ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენით:

2.1. ლ. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. ლ. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2.3. ლ. ს–ას განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი გოგალაძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. ს–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ლ. ს–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჩ–მ, რომელმაც მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენი ლ. ს–ას მიმართ დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი გოგალაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ლ. ს–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მისთვის კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.

5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ ლ. ს–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჩ–ის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განაჩენი.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს ლ. ს–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.

7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე და მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც ლ. ს–ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება განაპირობა.

8. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

9. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ლ. ს–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხველი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულებები (კონფლიქტში მონაწილე დაზარალებულთა და გამართლებულ პირთა ჩვენებები). ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ან არარელევანტურია წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, ან ბრალდების მხარის მიერ მოხსნილ იქნა არსებითი სასამართლო განხილვის დროს. კერძოდ,10.1. დაზარალებული გ. შ–ე და მისი დედა ნ. დ. ჩვენებებში უთითებენ, 2022 წლის 29 ივნისსა და 1 ივლისს ლ. ს–ას მიერ გ. შ–ის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების (მიკერძოება) ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარე – ლ. ს–ა და ლ. ს–ას დედა თ. ს–ე სრულიად განსხვავებულად აღწერენ 2022 წლის 29 ივნისსა და 1 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, კატეგორიულად უარყოფენ ლ. ს–ას მიერ გ. შ–ის მიმართ სხვაგვარი ძალადობის ჩადენას (29 ივნისის ფაქტზე ლ. ს–ა (თ. ს–ე კონფლიქტის დროს არ იმყოფებოდა სახლში) და 1 ივლისის ფაქტზე ლ. ს–ა და თ. ს–ე) და პირიქით, გ. შ–ეს ადანაშაულებენ ლ. ს–ას მიმართ ძალადობაში.

10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები, მათ შორის თვითმხილველი მოწმე მ. ჭ–ი (ხელოსანი ვისაც უნდა დაენგრია სადავო ფართში კედელი), ვინც 2022 წლის 29 ივნისს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

11. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა: მ. ყ–ს, ო. ბ–ს, ი. შ–ს ჩვენებებს, მოწმეები აღნიშნავენ, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე ძალიან აღელვებული იყო და კონფლიქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ფიზიკურ ძალადობაზე ისინი ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ კონფლიქტის მონაწილეების მხრიდან. ლ. ს–ა და გ. შ–ე კი მიუთითებდნენ ერთმანეთზე, როგორც ძალადობის განმახორციელებელ პირებზე.

12. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარე გამართლებულ პირს ედავება სხვაგვარ ძალადობას, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 29 ივნისს – ლ. ს–ამ ორჯერ ჰკრა ხელი გ. შ–ეს, რის შედეგადაც გ. შ–ე მიეჯახა კედელს. აღნიშნული ქმედებებით, გ. შ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხოლო, 2022 წლის 1 ივლისს – ლ. ს–ამ, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაარტყა გ. შ–ეს, რის შედეგადაც გ. შ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ პირველ ვიდეოჩანაწერში არ ისმის და არ ჩანს რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ან მუქარის ფაქტი; ხოლო მეორე ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ აღნიშნულ ვიდეოს იღებს ნ. დ–აი და გ. შ–ე, ხოლო ბინაში იმყოფებიან ინციდენტში მონაწილე პირები, კერძოდ: ლ. ს–ა, მ. ს–ე, თ. ს–ე, დ. ა–ა, მ. ჭ–ი, ნ. დ–აი და გ. შ–ე. ვიდეოებში ისმის ბინაში მყოფი ზემოაღნიშნული პირების ხმამაღალი კამათი, (მ. ჭ–ი არ შედის პოლემიკაში და არ ერთვება კამათში). ვიდეოჩანაწერში არ ისმის და არ ჩანს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

13. სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერი არ შეიცავს ინფორმაციას ლ. ს–ას მხრიდან გ. შ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ, დაზარალებული გ. შ–ე ფიზიკური საფრთხის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ შეჭრილები არიან მის უძრავ ქონებაში.

14. სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა.

15. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ლ. ს–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

16. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი გოგალაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის განაჩენზე ლ. ს–ას მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე