საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142225702235078
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №19აგ-25 ქ. თბილისი
ც. ა. 19აგ-25 19 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 იანვრის განაჩენით მათ შორის:
1.1. ა. ც–ე (პ/ნ ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ა. ც–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და დამატებითი სასჯელი – 3000 ლარი და ა. ც–ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
1.3. ა. ც–ეს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2022 წლის 11 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 იანვრის განაჩენი ა. ც–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ლ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე.
4. 2025 წლის 19 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ს–მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა და მსჯავრდებულ ა. ც–ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. შუამდგომლობის ავტორის მტკიცებით,4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ქმედების კვალიფიკაციის დადგენისას, შეცდომის გამოსარიცხად, ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეესწავლა და გაეანალიზებინა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, რათა გამოეკვეთა დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რაც აჩენს ვარაუდს იმისა, რომ სასამართლომ შეგნებულად აუარა გვერდი საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და არგუმენტებს, რათა უცვლელად დაეტოვებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა. ც–ის ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ა. ც–ის მიმართ პირდაპირ მტკიცებულებად გამოიყენა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერებით შეუძლებელი იყო ბრალადშერაცხული ქმედების ფაქტობრივი გარემოებების ერთიანად აღქმა და წარმოდგენა.
4.2. სასამართლოს მიერ მხრიდან დარღვეულია უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე; სათანადოდ არ მოსმენილა და შეფასებულა საქმეში არსებული დარღვევები, სასამართლომ არ შეაფასა გამოძიების მიკერძოებულობის საკითხი, არ არის ამომწურავი პასუხი გაცემული დაცვის მხარის მიერ გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევებზე. დაცვის მხარე ორივე ინსტანციის სასამართლოში უთითებდა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ სახეს და არა „ოპერატიულ – საგამოძიებო მოქმედებას“, როგორც ეს წარმოჩენილია სასამართლო განაჩენებში, როდესაც სასამართლო უთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და მისი შედგენის სტანდარტი და შინაარსი სრულად შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მრავალტომიან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდებოდა ა. ც–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა; მხოლოდ საუბრები არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, როგორც აუცილებლად მომხდარი ან მოსახდენი ფაქტი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი საუბრები არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას;
4.3. სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს – მტკიცებულებათა შეფასებას, ფაქტების დადგენას, სამართლებრივ არგუმენტებს და მათ შორის საპროცესო საკითხებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არგუმენტაცია მხოლოდ ვარაუდებია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან: სასამართლოს უტყუარად არ დაუდგენია არცერთი ფაქტი, ბრალდების არცერთი ეპიზოდი და ამ ეპიზოდების შემადგენელი ელემენტები: კრიტიკულად ერთობლივი ანალიზის საფუძველზე არ შეუფასებია მტკიცებულებები, განაჩენში არ მოიპოვება დამაჯერებელი სამართლებრივი არგუმენტები.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ს–მა. დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას შუამდგომლობა განსახილველად, ვინაიდან: სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა წარიმართა კანონის უხეში, არსებითი დარღვევებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ 17 ტომიანი სისხლის სამართლის საქმე განიხილა ერთპიროვნულად, როდესაც სავალდებულო იყო საქმე განხილულიყო პალატის სრული შემადგენლობით. ამასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ა. ც–ის ქმედებას და ისე მიიღო მის მიმართ არასწორი გადაწყვეტილება; სასამართლო განაჩენი ემყარება ბრალდების მხარის დაუსაბუთებელ პოზიციას, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ ა. ც–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.
7. 2025 წლის 19 აგვისტოს და 29 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ის წერილები, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება, დამატებით, კასატორი წერილებში ასევე უთითებს ა. ც–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობის საკითხზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
4. კასატორის მითითებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საქმის ერთპიროვნულად განხილვით უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილს, რომლის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ. შესაბამისად, ვინაიდან ა. ც–ისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ერთპიროვნულად და სისხლის სამართლის საქმის მხოლოდ მოცულობა ( საქმის მასალების/ტომების რაოდენობა, რაზეც უთითებს კასატორი, per se მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია).
5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში კასატორი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნისას ერთი მხრივ არ უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის რომელი პუნქტით ითხოვს განაჩენის გადასინჯვას, იმავდროულად, არ უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე გარემოებაზე/გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კასატორი უთითებს, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას სასამართლოების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 იანვრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინება) მიერ, კასატორის მტკიცებით დაშვებულ დარღვევებზე, გამოთქვამს ეჭვს გასაჩივრებული განჩინების მიმღები სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
6. იმავდროულად, კასატორი არ ითხოვს (და არც ასაბუთებს) გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას განაჩენის დამდგენი სასამართლოს შემადგენლობის (ცალკეული მოსამართლის) უკანონობის საფუძვლით, მხოლოდ გამოთქვამს ვარაუდს/ ეჭვს შესაძლო მიკერძოებასთან დაკავშირებით.
7. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებისა და სისხლის სამართლის საქმეში ა. ც–ის მსჯავრდებისათვის არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული საკითხები ფასდება სამართალწარმოების შესაბამის ეტაპებზე პროცესის მწარმოებელი პირების მიერ. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 იანვრის განაჩენში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) სასამართლოებმა იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც რელევანტურობის და დასაშვეობის, ასევე, მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მათი საკმარისობის თვალსაზრისითაც.
8. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული, დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომელიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის - საქმეში არსებული მტკიცებულებების სარწმუნოობის ან/და საკმარისობის შემოწმება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ცნობილი არ იყო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში საქმის განხილვის დროს და არ იქნა შეფასებული პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე, ასევე არ უთითებს და საქმის მასალებითაც არ იკვეთება, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, ა. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
11. სასამართლო ასევე კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ი 313-ე მუხლის მე-2 ნაწილი მკაფიოდ ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადას - განჩინების გამოტანიდან 2 კვირა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მსჯავრდებულ ა. ც–ის ადვოკატ ლ. ს–ის მიერ 2025 წლის 27 მაისის განჩინების გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამატებით წარმოდგენილ 2025 წლის 19 აგვისტოსა და 29 სექტემბრის წერილებში მითითებულ გარემოებებზე.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინება, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ს–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე