გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/206-01 4 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი – სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა, მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო ნაწილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ო-შვილმა სარჩელით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა, 1998 წლის 5 თებერვალს ლაგოდეხის ნოტარიუსის მიერ გ. ო-შვილის სახელზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება და დედის, ნ. ო-შვილის სამკვიდროს, ლაგოდეხში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ლ. ო-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გაუქმდა ლაგოდეხის ნოტარიუს თ. ლ-ძის მიერ 1998 წლის 5 თებერვალს გ. ო-შვილის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და ნ. ო-შვილის სამკვიდრო ქონებაზე, ლაგოდეხში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობილ იქნა ლ. ო-შვილი.
კასატორი გ. ო-შვილი მოითხოვს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნები არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, საქმის განხილვისას დააკმაყოფილა შუამდგომლობა. მოწმეთა დაკითხვის შესახებ, მაგრამ შემდეგ დაიკითხა მხოლოდ ზოგიერთი მათგანი, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეთა წარმომადგენლებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 556-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილის განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები უნდა შესრულდეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ლ. ო-შვილმა ფაქტობრივად მიიღო სამკვიდრო, არასრულყოფილადაა დასაბუთებული. სასამართლოს არ გაურკვევია, შეუდგა თუ არა ლ. ო-შვილი სამკვიდრო ქონების ფლობას დედის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში. გადაწყვეტილებაში მითითებული მოწმეები ადასტურებენ მხოლოდ ფაქტს, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ზაფხულობით ისვენებდა ლაგოდეხში. სადავო სახლში დასვენების ფაქტი, ავტომატურად არ ნიშნავს მემკვიდრეობის მიღებას, თუ არ გამოიკვეთა, როდის ისვენებდა ლ. ო-შვილი დედისეულ სახლში: დედის გარდაცვალებამდე, თუ შემდეგ, როგორც ამას მოპასუხე მხარე აღნიშნავს, ლ. ო-შვილის მოწმეთა განმარტებებით ეს საკითხი გარკვეული არ არის.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ლ. ო-შვილის მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტს ის გარემოება ადასტურებს, რომ სადავო სახლი და ძმის გ. ო-შვილის სახლი ერთ ეზოშია, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული სახლები სხვადასხვა მისამართზე მდებარეობს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს როდის შეუდგა უშუალოდ ლ. ო-შვილი სამკვიდროს ფლობას და რაში გამოიხატა იგი, გაუშვა მან სამკვიდროს მისაღები ვადა თუ არა და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.