დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.11.2025
საქმის ნომერი
2კ-116-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.11.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225011886318

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №116I-25 ქ. თბილისი

ქ. ე., 116I-25 13 ნოემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ქ-ს (E. K.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ქ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

ü 2019 წლის 29 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ელმადაღის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის პირველი სასამართლოს N .... განაჩენით, ე. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „e” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის რეგიონალური ადმინისტრაციული სასამართლოს მე-14 სისხლის სამართლის პალატის გადაწყვეტილებით და კანონიერ ძალაში შევიდა – 2021 წლის 2 ივნისს;

ü 2021 წლის 14 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის პოზანტის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს N... განაჩენით, ე. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „e” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის ადანას რაიონული სასამართლოს მე-6 სისხლის სამართლის პალატის გადაწყვეტილებით და კანონიერ ძალაში შევიდა – 2023 წლის 25 ოქტომბერს;

ü 2024 წლის 4 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის პოზანტის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს N ..... განაჩენით, ე. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 8 თვის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის ადანას რაიონული სასამართლოს მე-6 სისხლის სამართლის პალატის გადაწყვეტილებით და კანონიერ ძალაში შევიდა – 2024 წლის 30 სექტემბერს;

2024 წლის 11 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის თარსუსის მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს N ..... გადაწყვეტილებით, ე. ქ-ს მიმართ გამოყენებული სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა ჯამურად – 13 წლის და 8 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

2025 წლის 13 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის პოზანტის რესპუბლიკური მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ე. ქ-ს დაკავების ბრძანება;

2025 წლის 17 აპრილიდან ე. ქ. იძებნება თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

ü 2019 წლის 29 აგვისტოსა და 2024 წლის 4 ივნისის განაჩენების მიხედვით:

2019 წლის 25 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი. მ. ქ-სა და უ. დ-თან ერთად, ე. ქ. ფარულად დაეუფლა 2009 წლის ,,KROM” მარკის მისაბმელს, რომელიც, თანამზრახველებთან ერთად, მიამაგრა ევაკუატორს და ჩაიყვანა ა-ში. ამასთან, აღნიშნულის შემდეგ, თანამზრახველებმა გადაღებეს მისაბმელი, მას და ევაკუატორს მიამაგრეს სხვა ავტომანქანაზე რეგისტრირებული სანომრე ნიშნები, გადააადგილეს გაზიანთეფის პროვინციაში და გაყიდეს.

ü 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენის თანახმად:

2019 წლის 29 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ე. ქ. ფარულად დაეუფლა 2015 წლის, სულ მცირე, 80 000 თურქული ლირის ღირებულების მისაბმელს, რომელიც მიამაგრა, ასევე, მის მიერ ფარულად დაუფლებულ ევაკუატორს და გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან.

3. ე. ქ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2025 წლის 18 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ქ.;

იმავე დღეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ე. ქ. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვის ვადით;

2025 წლის 25 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობა ე. ქ-ს ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული მასალები;

2025 წლის 15 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ქ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2026 წლის 18 იანვრამდე;

ამჟამად, ე. ქ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა ე. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ:

4.1. ელმადაღის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის პირველი სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

4.2. ე. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ პოზანტის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის N .... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

4.3. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ე. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის პოზანტის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის N .... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა.

5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ ელმადაღის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის პირველი სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ პოზანტის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

5.3. დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის პოზანტის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის N .... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჯ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: ე. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციით დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებები; ასევე არსებობს ე. ქ-ს სიცოცხლის მოსპობის, მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკები; მისმა ექსტრადიციამ, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა გამოიწვიოს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში მითითებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში კვლავ ფართოდაა გავრცელებული წინასწარი დაკავებისა და საპატიმრო ადგილებში წამება და არაადამიანური დამოკიდებულება.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ქ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 18 ივლისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no.46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no.36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

5. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ზოგადად უთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ე. ქ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე, კერძოდ – ე. ქ-ს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, რა გარემოებებმა შეიძლება განაპირობოს ე. ქ-ს უფლებების დარღვევის რისკი, ამასთან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც „არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი უფლებები დაირღვევა ან/და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ ზოგადი ხასიათის განცხადებები, ექსტრადიციის შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის შესახებ არ არის საკმარისი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობისთვის. ამასთან, მსგავსი ინფორმაცია არც საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება.

6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

7. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

8. საკითხის შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, სრულად იქნება დაცული ე. ქ-ს საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებები.

9. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი გარანტიები აკმაყოფილებს მსგავსი გარანტიებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სანდოობის კრიტერიუმებს, კერძოდ, ისინი საჯარო და ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისთვის და საკმარისად კონკრეტულია. ისინი გაცემულია იმ სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა. ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში. ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ე. ქ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.

11. კასატორს ასევე მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უსამართლოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარეც, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს. ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევას ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ პირს საქართველოში ეყოლებოდა პირთა გარკვეული წრე, რომლებთანაც კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის ოჯახური ურთიერთობები ექნებოდა და მათ ექსტრადიციის შედეგად, დაშორდებოდა.

13. განსახილველ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ე. ქ. საქართველოში შემოსულია უკანონოდ, არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი და – ოჯახური კავშირები. ამასთან, მისი ექსტრადიცია მოთხოვნილია მძიმე კატეგორიის დანაშაულებისათვის, რისთვისაც მან ხანგრძლივი ვადით უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის რისკი.

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ექსტრადიცია შეიძლება, განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმოადგენენ სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის გარანტიას, სადაც ექსტრადირებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით.

16. ამ მიმართებით, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც, ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

17. გარდა ამისა, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენები გამოტანილია ე. ქ-სა და მისი ადვოკატის მონაწილეობით. ამასთან, დაცვის მხარემ ისარგებლა განაჩენების ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ქ-ს (E. K.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე