გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ/385-01 20 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ო. ს-ავა და რ. რ-ავა მუშაობდნენ ზუგდიდის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორებად, კ. ხ-ავა კი ზუგდიდის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროს ინსპექტორად. 2000 წლის 16 თებერვალს ზუგდიდში, ... მცხოვრებ ო. წ-იას ოჯახს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, მძევლად აიყვანეს ოჯახის წევრი ლ. წ-ია და გაიტაცეს ო. წ-იას ავტომანქანა. ქ. ზუგდიდის ცენტრში ამ შეიარაღებულ პირებს დაედევნენ ზუგდიდის შს სამმართველოს თანამშრომლები მოსარჩელეები: კ. ხ-ავა, რ. რ-ავა და ო. ს-ავა, მაგრამ თავდამსხმელებმა მძევლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარით პოლიციის თანამშრომლებს წაართვეს 3 ერთეული ავტომატური იარაღი, ერთი “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, ხელის რადიოსადგური, კ. ხ-ავას კუთვნილი ავტომანქანა და მიიმალნენ. ამ შემთხვევის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზ. უ-ძის 2000 წლის 18 აპრილის ¹ 136 ბრძანებით კ. ხ-ავა, რ. რ-ავა და ო. ს-ავა დათხოვილ იქნენ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. სამუშაოდან მათი დათხოვნის ბრძანება დაეფუძნა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-10 მუხლის I, II, III და V პუნქტების მოთხოვნათა უგულებელყოფას, “საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდების” მე-17 თავის VI და VII პუნქტების და მე-18 თავის I, II და III პუნქტების მოთხოვნათა უხეშ დარღვევას, რასაც მოჰყვა ბოროტმოქმედთა მიერ ზუგდიდის შს სამმართველოზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღების გატაცება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსმა შ. ბ-შვილმა 2000 წლის 11 მაისის ¹ 220 ბრძანებით შს ორგანოებიდან დაითხოვა ო. ს-ავა, რ. რ-ავა და კ. ხ-ავა.
კ. ხ-ავამ, ო. ს-ავამ და რ. რ-ავამ 2000 წლის 16 ივნისს სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა კ. ხ-ავას, რ. რ-ავას და ო. ს-ავას სარჩელები, აღადგინა ისინი სამუშაოზე და მათ სასარგებლოდ მოპასუხეს დააკისრა გაცდენილი დროის _ სამი თვის ხელფასი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ქ. ზუგდიდის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე პოლიციელები ვერ გამოიყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, რადგან ასეთ მოქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა ადამიანთა მსხვერპლი. “პოლიციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლი პოლიციის მუშაკს უფლებას აძლევს კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი მოვალეა ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ დაურღვევიათ შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის I ნაწილი. მათ ბრძანების ასლები არ ჩაბარებიათ. ზუგდიდის შს სამმართველომ ბრძანების ასლები მიიღო 16 მაისს, მოსარჩელეები კი გაეცნენ 2000 წლის 2 ივნისს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ს. დ-ალმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 8 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა “პოლიციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ შეტაკება მოხდა შუაღამისას, ხოლო ამ დროს ქალაქში ხალხი იშვიათად მოძრაობს, რადგან საქმეზე დაკითხულმა პირებმა აღნიშნეს, რომ იმ დროისათვის მოედანზე 15 ტაქსი იდგა და რამდენიმე დაგვიანებული მგზავრიც მოძრაობდა. პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებმა არ დაარღვიეს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2000 წლის 18 აპრილის ბრძანების საფუძველზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსმა მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოსცა 2000 წლის 11 მაისს, ხოლო პირადი შემადგენლობას გასაცნობად კი გადაეცა 16 მაისს. მოსარჩელეები ბრძანებას გაეცნენ 2000 წლის 2 ივნისს.
საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა ს. დ-ალმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა “პოლიციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი, რადგან თებერვალში, ღამის 24 საათზე ქ. ზუგდიდის ცენტრში ხალხი იშვიათად მოძრაობდა და პოლიციის მიერ იარაღის გამოყენება არავის დააშავებდა. სასამართლომ არ გამოიყენა იმავე კანონის მე-13 მუხლის სხვა პუნქტები, რომლითაც პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს და ვალდებულია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი. მოსარჩელეებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს შს მინისტრის 1997 წლის 18 ნოემბრის ¹ 603 ბრძანებით დამტკიცებული “შსს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდების” მე-17 თავის _ “პოლიციის განწესების მოქმედება შემთხვევის ადგილზე”, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნები, რომლის თანახმად, “დამნაშავეთა დევნა გრძელდება მანამ, სანამ ისინი არ იქნებიან დაკავებულნი და განიარაღებულნი”, მაგრამ მოხდა პირიქით, ყაჩაღებმა პოლიციელები განაიარაღეს. მოსარჩელეებმა დაარღვიეს, ასევე, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის I ნაწილი და ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს. 2000 წლის 18 აპრილს მათ უკვე იცოდნენ, რომ დათხოვილი იყვნენ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ზუგდიდის შს სამმართველოს თანამშრომლები: რ. რ-ავა, ო. ს-ავა და კ. ხ-ავა 2000 წლის 16 თებერვალს მონაწილეობდნენ ქ. ზუგდიდში, ... მცხოვრები ო. წ-იას ოჯახზე თავდამსხმელი შეიარაღებული პირების დაკავების ოპერაციაში. ისინი დაედევნენ შეიარაღებულ პირებს, რომლებსაც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ლ. წ-ია და ქ. ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ღამის საათებში მოსარჩელეებმა ცეცხლი გაუხსნეს ბოროტმოქმედებს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თავდამსხმელებმა ლ. წ-იას სიცოცხლის ხელყოფის მუქარით წაართვეს მოსარჩელეებს 3 ერთეული ავტომატური იარაღი, ერთი პისტოლეტი, ხელის რადიოსადგური, კ. ხ-ავას კუთვნილი ავტომანქანაც წაიყვანეს და მძევალთან ერთად მიიმალნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზ. უროტაძის 2000 წლის 18 აპრილის ¹ 136 ბრძანებით კ. ხ-ავა, რ. რ-ავა და ო. ს-ავა დათხოვილ იქნენ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. მათი დათხოვნის საფუძველია: “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-10 მუხლის I, II, III და V პუნქტების მოთხოვნათა უგულებელყოფა, “საპატრულო-საგუშაგო სამსახურის წესდების” მე-17 თავის VI და VII პუნქტების და მე-18 თავის I, II და III პუნქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევა, რასაც მოჰყვა ბოროტმოქმედთა მიერ ზუგდიდის შს სამმართველოზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღების გატაცება. ამ ბრძანების მიღების შემდეგ იმავე საფუძვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსმა შ. ბ-შვილმა 2000 წლის 11 მაისის ¹220 ბრძანებით შს ორგანოებიდან დაითხოვა პოლიციის უბნის უფროსი ინსპექტორები: ო. ს-ავა და რ. რ-ავა, ზუგდიდის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსი ინსპექტორი კ. ხ-ავა. კ. ხ-ავამ, ო. ს-ავამ და რ. რ-ავამ კი 2000 წლის 16 ივნისს სარჩელი აღძრეს სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლზე, რადგან მოსარჩელეები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მათ მიმართ ვრცელდება არა შრომის კანონთა კოდექსი, არამედ კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”. კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში სპეციალური კანონია კანონი ,,პოლიციის შესახებ”, რომლითაც დარეგულირებული არ არის სასამართლოსთვის მიმართვის ვადა; ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომლის 127-ე მუხლის I პუნქტში აღნიშნულია, რომ მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოქმედება. ამდენად პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტების თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.B
მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმის დარღვევის გარეშე, ახალი მტკიცებულებების გამოკვლევა საჭირო არ არის, საკასაციო პალატას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება.
,,საჯარო სამსახურის” შესახებ კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ბრძანების გამოცემის დღიდან და არა მოხელისათვის ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან; გარდა ამისა, ეს მუხლი არ ითვალისწინებს მოხელის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის გაშვებული ერთთვიანი ვადის საპატიოდ ჩათვლას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსარჩელეთა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანება მიიღო 2000 წლის 18 აპრილს, ხოლო მათ სასამართლოს მიმართეს ორი თვის შემდეგ. კ. ხ-ავა სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს, რომ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ მხოლოდ ზეპირი ინფორმაცია მიიღო, ხოლო ბრძანების ასლი კი ჩაბარდა 2 ივნისს.
ამდენად, მოსარჩელეებისათვის ბრძანების გამოცემის მომენტიდან ცნობილი იყო სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე. მათ გაუშვეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა და უფლება არ აქვთ სასამართლო წესით მოითხოვონ დარღვეული უფლების დაცვა. რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ მათი სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ს. დ-ალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 თებერვლის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
კ. ხ-ავას სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ზუგდიდის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სსს განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის და გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
რ. რ-ავას სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ზუგდიდის შს სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის განყოფილების პროფილაქტიკის ქვეგანყოფილების პოლიციის უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის და გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
ო. ს-ავას სარჩელი მოპასუხე ზუგდიდის შს სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის მიმართ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების პროფილაქტიკის ქვეგანყოფილების პოლიციის უბნის უფროსის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის და გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.