დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.06.2001
საქმის ნომერი
3კ/451-01
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/451-01 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

განიხილა სს “ენერგობანკის” თბილისის ფილიალი “თ.ე. ბანკის” საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის განჩინებებზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ენერგობანკის” ფილიალი “თ.ე. ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბანკის სასარგებლოდ მოპასუხე ზ. დ-ძეს გადასახდელად დაეკისრა 13838 ლარი.

მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, კერძოდ, 1997 წლის 25 დეკემბერს (საქმე ბანკის სარჩელის საფუძველზე აღიძრა 1997 წლის 10 დეკემბერს) გლდანის რაიონის სასამართლოს მოსამართლის მიერ ქ.თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში და ქ. თბილისის სანოტარო პალატაში გაიგზავნა მიმართვა ზ. დ-ძის სახელზე რიცხულ ბინაზე ყადაღის დადების შესახებ (სასამართლოს მითითებულ ბინაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება არ მიუღია).

1998 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლომ დააკმაყოფილა ს. გ-შვილის სარჩელი და ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა მიაკუთვნა ს. გ-შვილს.

“თ.ე. ბანკმა” შეიტყო რა მითითებული გადაწყვეტილების არსებობა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გნლდანი-ნაძლაადევის რაიონულ სასამართლოს ამავე რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ მოტივით, რომ სადვაო ბინაზე ჯერ კიდევ 1997 წლის 25 დეკემბრის თარიღით დადებული იყო ყადაღა. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ყადაღადადებულ ბინაზე სამოქალაქო დავის საქმე განეხილა საქმეში მხარედ მისი ჩაბმის გარეშე.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის განჩინებით “თ.ე. ბანკს” უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საქმეში მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის საკითხთან დაკავშირებით ბანკი მხარედ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მოწვეული, მითუმეტეს, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სადავო ბინაზე დადგენილი წესის შესაბამისად ყადაღის დადების ფაქტი.

მითითებული განჩინება “თ.ე. ბანკის” მიერ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოში, რომლის 2000 წლის 7 დეკემბრის განჩინებით იმავე მოტივების საფუძველზე, ამ საქმეზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უცვლელად დარჩა.

2000 წლის 2 მარტს სს “ენერგობანკის” თბილისის ფილიალმა “თ.ე. ბანკმა” საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე 2000 წლის 7 დეკემბერს მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განნახლება შემდეგი საფუძვლებით:

მას მიაჩნია, რომ ზ. დ-ძის სახელზე რიცხული სადავო ბინა დაყადაღებული იყო იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის და 142-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცვით, მოსამართლის საკუთარი ინიციატივით. მიუხედავად იმისა, რომ ყადაღის დადების ფაქტი ცნობილი იყო გლდანის რაიონული სასამართლოსათვის და ასევე, ცნობილი იყო, რომ ზ. დ-ძეს ერიცხებოდა ბანკის გადაუხდელი სესხი, რომლის გადახდას თავს არიდებდა, მეუღლეთა შორის ქონების გაყოფისას სასამართლოს კრედიტორი ბანკი უნდა მიეწვია სასამართლო პროცესზე.

მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სადავო ბინაზე ყადაღის დადების განჩინება არ არსებობა, უსაფუძვლოა, რადგან მას მიაჩნია, რომ ასეთი განჩინება სინამდვილეში არსებობდა და საქმიდან ამოღებულია შეგნებულად.

საკასაციო პალატა საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის და 142-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო წერილობით, განჩინების ფორმით, მაგრამ ასეთი განჩინება ბუნებაში არ არსებობს და საქმეს არ ერთვის.

კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ზ. დ-ძის სახელზე რიცხულ სადავო ბინაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება ამოღებულია საქმიდან არ დასტურდება. მითითებულ გარემოებას კასატორი ვერანაირად ვერ ასაბუთებს. მითუმეტეს, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო ბინა ზ. დ-ძის სახელზე არასდროს არ ყოფილა რეგისტრირებული და მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ს. გ-შვილი 1997 წლის 22 ოქტომბრიდან.

აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის შესახებ სამოქალაქო საქმის განხილვაში ვერცერთ შემთხვევაში მხარედ ვერ იქნებოდა მიწვეული ბანკი, მით უფრო რომ არ დასტურდებოდა სადავო ბინაზე დადგენილი წესით ყადაღის დადების ფაქტი, საფუძვლიანია.

პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ენერგობანკის” თბილისის ფილიალი “თ.ე. ბანკის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 7 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.