შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100123008028428
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №607აპ-25 ქ. თბილისი
დ-ე მ., 607აპ-25 18 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით მ. დ–ის, – პირადი ნომერი: ........, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. მ. დ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 5.213 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს” (α-PVP) შემცველ ფხვნილს, რომლიდანაც – 4.152 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α -PVP) შემცველი ფხვნილი ამოიღეს 2023 წლის 19 სექტემბერს, ........., თ–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. დ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო – 1.061 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α -PVP) შემცველი ფხვნილი, მ. დ–ისაგან ამოღებული იქნა 2023 წლის 19 სექტემბერს, ქ......., თ.......... მიმდებარე ტერიტორიიდან (ოთხი ლოკაცია), მასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით მ. დ–ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. მ. დ–ემ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების დაუდგენელ პირებზე შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, დააფასოვა, გაანაწილა და ქ......., თ.......... მიმდებარე ტერიტორიაზე (ოთხი ლოკაცია) განათავსა 1.061 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს “ (α-PVP) შემცველი ფხვნილი. მიუხედავად იმისა, რომ მ. დ–ის ქმედება მიმართული იყო უშუალოდ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისაკენ, 2023 წლის 19 სექტემბერს, პოლიციის თანამშრომლების მიერ გატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მის მიერ სარეალიზაციოდ დატოვებული ნარკოტიკული საშუალება მ. დ–ისაგან ამოიღეს, რის გამოც, განზრახული დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით მ. დ–ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივნისის განაჩენით:
2.1. მ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. მ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
2.3. მ. დ–ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2.4. მ. დ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 19 სექტემბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ. დ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 5.213 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს “ (α -PVP) შემცველ ფხვნილს, რომლიდანაც – 4.152 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს “ (α -PVP) შემცველი ფხვნილი ამოიღეს 2023 წლის 19 სექტემბერს, ქ......., თ–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. დ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად. აღნიშნული ქმედებით, მ. დ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა მოითხოვა მ. დ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის – უმკაცრესი ზომის განსაზღვრა;
4.2. მ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ.....ემ მოითხოვა მ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. მ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
5.2. მ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
5.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. დ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
5.3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ. დ–ეს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5.3.1. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მ. დ–ეს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
5.4. მ. დ–ე დაუყოვნებლივ – განაჩენის გამოცხადებისთანავე, სასამართლოს სხდომის დარბაზიდან – გათავისუფლდა პატიმრობიდან.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. კასატორი ითხოვს მ. დ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ,,უმკაცრესი ზომის“ განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს მ. დ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის – უმკაცრესი ზომის განსაზღვრას;
2.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს მ. დ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. დ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სასჯელისაგან); შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
2.2. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ჩაიდინა თუ არა და შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა მ. დ–ეს, იმ ქმედებისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა ბრალი (გასაჩივრებული განაჩენით აღნიშნულ ეპიზოდში მ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ).
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მ. დ–ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე), ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. დ–ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების – 1.061 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს “ (α-PVP) შემცველი ფხვნილის – ქ......., თ.......... მიმდებარე ტერიტორიაზე (ოთხი ლოკაცია) განთავსება, დაუდგენელ პირებზე შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
4.1. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო მ. დ–ის მიმართ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (იხ. ტ.N1; ს.ფ.1)).
4.2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის (2023 წლის 19 სექტემბრის) თანახმად, ბ...........ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. დ–ეს 15:10-15:35 საათების შუალედში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ექსპერტი გ.........., გარეშე პირი გ–ე, დეტექტივი ზ–, უბნის ინსპექტორი ე. დ–ე, ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი ბ–. აღნიშნული ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკის დაწყებამდე მ. დ–ემ განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას პირადად ინახავდა შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში. პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას მ. დ–ის შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს 16 ცალი მოწითალო, წებოლენტში შეფუთული მასა, რომელიც ექსპერტმა დალუქა სპეცპაკეტში. ასევე შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს „აიფონი 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ექსპერტმა დალუქა სპეცპაკეტში. აღნიშნულის შემდეგ კვლავ გაგრძელდა პირადი ჩხრეკა, თუმცა სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა (იხ. ტ. N1, ს.ფ. 8-23).
4.3. ბრალდებულის დაკავების ოქმის (2023 წლის 19 სექტემბრის) თანახმად, იმავე დღეს 15:35 საათზე, ბ...........ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დააკავეს მ. დ–ე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 29-33).
4.4. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 19 სექტემბრის ოქმის თანახმად, ბ....., 17:44-19:15 საათების შუალედში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი (მ. დ–ის ჩვენების შემოწმების მიზნით), რომელშიც მონაწილეობდნენ მ. დ–ე, გარეშე პირი გ.........., ექსპერტი გ.........., დეტექტივი ზ–, უბნის ინსპექტორი ე. დ–ე, გამომძიებელი მ–ე (ოქმის შემდგენელი პირი). საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მ. დ–ე გაეცნო მისი გამოკითხვის ოქმს და წერილობით განაცხადა თანხმობა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე (იხ. ტ. N1, ს.ფ. 40). საგამოძიებო ექსპერიმენტისას მ. დ–ემ მიუთითა კონკრეტული ადგილები (4 ლოკაცია), სადაც მისივე განმარტებით თავად განათავსა ნარკოტიკული საშუალებები, შემდგომი გასაღების მიზნით (იხ. ტ. N1, ს.ფ. 41-57).
4.5. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა (მათ შორის, ნეიტრალურმა მოწმემ – გარეშე პირმა – გ..........მ) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, რომ მ. დ–ემ ნებაყოფლობით მიუთითა იმ ადგილებზე, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.
4.6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების 2023 წლის 19 სექტემბრის ოქმების თანახმად, 2023 წლის 19 სექტემბერს, 17:54-18:09, 18:18-18:33, 18:40-18:54 და 18:59-19:12 საათების შუალედებში დ–, თ..........-ე მ. დ–ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მის მიერ მითითებული ადგილებიდან ამოიღეს მოწითალო მწებავი ლენტის შენაფუთები (სულ ოთხი შეფუთვა), მ. დ–ის განმარტებით, მათში არსებული ნარკოტიკული საშუალებით. აღნიშნული მოთავსდა სპეც. პაკეტში და დაილუქა სათანადო წესით (იხ. ტ. NI, ს.ფ. 59-63, 70-74, 81-85, 92-96).
4.7. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის N...---ქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, – FCD ....... პაკეტში არსებული ფხვნილი, წონით – 0,251 გრამი, FCD........ პაკეტში არსებული ფხვნილი, წონით – 0,31 გრამი, FCD .......... პაკეტში არსებული ფხვნილი, წონით – 0,25 გრამი და FCD ........... პაკეტში არსებული ფხვნილი, წონით – 0,25 გრამი, არის ნარკოტიკული საშუალება α -PVP-ს შემცველი ფხვნილი (იხ. ტ.N1, ს.ფ. 131-136).
4.8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლებს მიეცეთ ნებართვა, რათა მ. დ–ის კუთვნილი ,,აიფონის” ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოეთხოვათ საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული ინფორმაცია (ტ. N1; ს.ფ. 182-184).
4.8.1. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, 2023 წლის 7 ოქტომბერს, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით, მ. დ–ის კუთვნილი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა კომპიუტერული ინფორმაცია. გამოთხოვილი ფოტოსურათების (მობილური ტელეფონით გადაღებული) თანახმად, ბოლო შვიდი ფოტოსურათი დათარიღებულია: 2023 წლის 19 სექტემბრის 13:22, 13:27, 13:30, 13:34, 13:37, 13:39 და 13:43 საათით (გალერეაში მობილურ ტელეფონს აქვს ფუნქცია, რომელიც აფიქსირებს სურათის გადაღების ადგილმდებარეობას. აღნიშნული რუკის მიხედვით, სურათები გადაღებულია ჩ–ა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტ. N1; ს.ფ. 187-194)).
5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება მ. დ–ის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზანი. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, მ. დ–ის მიერ სხვადასხვა ადგილას ნარკოტიკული საშუალებების განთავსება უტყუარად არ ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზანს და არ გამორიცხავს პირადი მოხმარებისათვის შენახვის მიზნით გადამალვას; სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მ. დ–ის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ადგილმდებარეობის ფოტოები სწორედ მის მიერ მითითებულ ლოკაციებზე გადაღებული ფოტოებია, ასევე არ დგინდება აღნიშნული ფოტოსურათების ნარკოტიკული საშუალების პოტენციური შემძენისათვის გადაგზავნა.
6. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის №801აპ-19 განჩინება). ამასთანავე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირის მიერ მოგვიანებით, სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე/ებზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება მსჯავრდებისათვის დასაშვებია, როდესაც აღნიშნული პირის ჩვენების ადგილზე შემოწმებისას მის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში ,,დამატებით აღმოჩენილი იქნება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ე.ი. საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს” (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბერი №682აპ-21 განაჩენი).
6.1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა – გ..........მ, გ..........მ, ზ–მ, ე. დ–ემ დაკითხვისას დაადასტურეს, რომ მ. დ–ემ ნებაყოფლობით მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც, მისივე განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა შენახული.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის N400აპ-21 განჩინება).
7.1. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირ გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება).
7.2. საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 აგვისტოს N225აპ-24 განჩინება).
7.3. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ განსახილველ დანაშაულს – ნარკოტიკული დანაშაული – მისი ბუნებიდან გამომდინარე გააჩნია ლატენტური ხასიათი, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, ხდება კერძო გარემოში.
7.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა/ხელი შეეშალა დაცვის უფლების განხორციელებაში, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვებაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევაში, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენაში. ამასთანავე, საქმის მასალებიდან ასევე არ იკვეთება მ. დ–ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე დაინტერესება ან/და მიკერძოებული დამოკიდებულება. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა მიუკერძოებლობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.
8. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, მოწმეების – გ–ის, გ. ნ–ის, ზ. უ–ის, ე. დ–ის ჩვენებებით, 2023 წლის 7 ოქტომბერს მ. დ–ის კუთვნილი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ფოტოსურათებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. დ–ემ სხვადასხვა ადგილებზე განათავსა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მსჯავრდებულის ტელეფონში აღმოჩენილი ადგილმდებარეობის ამსახველი ფოტოსურათების ნარკოტიკული საშუალების პოტენციური შემძენისათვის გადაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება/ებები, აღნიშნული ფოტოსურათები დამოუკიდებლად არ ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანს.
9.1. დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, ხოლო დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24 განაჩენი).
9.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ლოკაციების ამსახველი ფოტოსურათების სხვა პირ(ებ)ისათვის გადაგზავნა მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთდა სწორედ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მცდელობას (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია), ხოლო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ტელეფონში შენახული ჰქონდა ლოკაციების ამსახველი ფოტოსურათები, თუმცა არავისთვის გაუგზავნია, ადასტურებს, რომ მსჯავრდებული ამზადებდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, თუმცა მისი ქმედება დანაშაულის მცდელობაში არ გადაზრდილა, რაც არ გამორიცხავს ნარკოტიკული დანაშაულის მომზადებისათვის მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24, 2025 წლის 16 აპრილის №1214აპ-24, 2025 წლის 26 ივნისის №1331აპ-24 და 2025 წლის 4 ნოემბრის №610აპ-25).
9.3. სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ მ. დ–ემ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი დატოვა ოთხ სხვადასხვა ადგილას. აღნიშნული ქმედებით მან განზრახ შექმნა წინაპირობა დანაშაულის – ნარკოტიკული საშუალების გასაღების – ჩადენისათვის.
9.4. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დაადასტურებდა, რომ მ. დ–ე კონკრეტულ პირს დაეკონტაქტა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით ან მოითხოვა თანხის ჩარიცხვა, ან/და ვინმეს მიუთითა ნარკოტიკული საშუალების ლოკაცია და სხვა (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24 , 2025 წლის 10 ივნისის №1348აპ-24, 2025 წლის 4 ნოემბრის №610აპ-25 განაჩენები, ასევე 2022 წლის 10 იანვრის №825აპ-21 განჩინება).
9.5. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩადენილია არა გასაღების მცდელობა, არამედ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 par.33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, paras. 52, 56, ECtHR, 17/07/2021, Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, par. 32, ECtHR, 24/07/2007).
11.1. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ბრალდების მხარე, მ. დ–ეს ედავება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობას. მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალის საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება) გადაკვალიფიცირება გამოიწვია, იმ გარემოებამ, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება მ. დ–ის მიერ კონკრეტულ პირთან/პირებთან კონტაქტი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით.
11.2. ამდენად, ცვლილება არ ეხება ბრალადწარდგენილ ძირითად დანაშაულს – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების გასაღებას. ცვლილება ეხება აღნიშნული დაუმთავრებელი დანაშაულის სახეს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განხილვის საკითხს წარმოადგენდა მ. დ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება თუ მცდელობა. შესაბამისად, მ. დ–ისათვის განჭვრეტადი იყო, რომ ბრალდების მხარე ედავებოდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების შემადგენლობას. ამასთან, ბრალადწარდგენილი ქმედების კვალიფიკაციის დაზუსტება, მოცემულ შემთხვევაში, არ იწვევს ბრალადწარდგენილ ქმედებასთან მიმართებით არც სასჯელის დამძიმებას. შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს ახალ ბრალს ან ახალი ბრალდების შემადგენელ ელემენტს.
12. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ (ნარკოტიკული დანაშაულის – XXXIII – თავი) თავის მიზნებისათვის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, მსჯავრდებული საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების შეთავაზების – ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან/და ნივთიერება – შემდეგ, ნებაყოფლობით წარადგენს, როგორც პირადად შენახულ, ასევე – სხვადასხვა ლოკაციებზე დაწყობილ ნარკოტიკულ საშუალებებს – აღნიშნული ქმედება ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის №1348აპ-24 განაჩენი, პარაგრაფი II. 10-10.2).
13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ:
13.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
13.2. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან ,,ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
13.4. საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე;
13.4.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მ. დ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება.
13.5. მ. დ–ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული; იგი არ არის ნასამართლევი და სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სასჯელის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.
13.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მ. დ–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის უმკაცრესი ზომის დანიშვნის შესახებ და მიაჩნია, რომ მ. დ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009); „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით“(Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
15. 2025 წლის 16 აპრილს და 2 ივლისს საქართველოს სსკ-ში შესულ ცვლილებებთან (ნარკოტიკული დანაშაულის თავი) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის თანახმად, კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ასევე – საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს (პირველი ნაწილი); თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში (მე-2 ნაწილი); თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი (მე-3 ნაწილი).
15.1. მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 16 აპრილსა და 2 ივლისს საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ცვლილებებით მკაცრდება სასჯელი, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის (მოქმედი რედაქციით – მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემისათვის, რეალიზაციისათვის/აღნიშნულის ხელშეწყობისათვის).
16. იმავდროულად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლებების ჩამორთმევა ხორციელდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. აშკარაა, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის საპასუხოდ. შესაბამისად, სახეზეა სახელმწიფოს რეაქცია პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიების ბუნების, მისი გამოყენების წესის, ვადებისა და გაუქმების მექანიზმების ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას სადამსჯელო ბუნება აქვს და მიმართულია სასჯელის მიზნების მიღწევისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომას - სასჯელს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 იცნისის №2/1/702 გადაწყვეტილება ,, კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14,25).
16.1. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ცვლილება შევიდა, მათ შორის, აღნიშნული კანონით რეგულირებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილშიც, რომლის შესაბამისადაც, კანონის ახალი – მიმდინარე – რედაქციით, მოცემულ შემთხვევაში, უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა, კერძოდ:
16.2. 2025 წლის 2 ივლისს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სსკ-ს დაემატა 2604-ე მუხლი (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა). აღნიშნული მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,ამ მუხლის მიზნებისთვის ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა გულისხმობს ამ ნივთიერების/საშუალების უკანონო რეალიზაციისთვის პირობების შექმნას, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული ნივთიერების/საშუალების დაფასოებას, მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთების/ხელსაწყოების ქონას, აღნიშნული ნივთიერების/საშუალების საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ღიად ან ფარულად განთავსებას, მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ამ ნივთიერების/საშუალების შეძენის ხერხებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ან/და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ამ მუხლით გათვალისწინებული ნივთიერების/საშუალების რეალიზაციას“.
16.2.1. 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სსკ-ს დაემატა 2602-ე მუხლი (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე).
16.3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონში 2025 წლის 16 აპრილს შესული ცვლილებებით კანონის მე-2 მუხლით განმარტებულია ნარკოტიკული დანაშაული (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული), ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი (პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული), ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი (პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260−2602-ე და 261-268-ე მუხლებით ან 271-ე, 272-ე ან 2731 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული), ნარკომოვაჭრე (პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა (,,ე” პუნქტი)), ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (რომელიც, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 2602-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს) ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს (რომელიც, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 2604-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება) გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) და „გ“−„ზ“ (საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.
16.3.1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით, საქართველოს სსკ-ის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) ან 2731 (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ითვლებოდა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელად და მის მიმართ კანონი ითვალისწინებდა უფლებების ჩამორთმევას შემდეგი ხანგრძლივობით: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 5 წლით; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 15 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით.
16.3.2. შესაბამისად, მართალია საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავში განხორციელებული ცვლილებები ამკაცრებს სასჯელს ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის (მოქმედი რედაქციით – მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემისათვის, რეალიზაციისათვის/აღნიშნულის ხელშეწყობისათვის), თუმცა, იმავდროულად, მოცემულ შემთხვევაში, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ამსუბუქებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას – ითვალისწინებს უფლებების შეზღუდვას იმაზე ნაკლები ხანგრძლივობით, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო ამავე კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს.
16.3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მ. დ–ის მსჯავრდების ნაწილში ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევისას – განაჩენის მიღების დროს მოქმედი რედაქციით. შესაბამისად, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, მ. დ–ეს 5 წლით უნდა ჩამოერთვას – სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
17. სისხლის სამართლის საქმეზე დართული ყველა ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
17.1. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებები, ნერწყვის ნიმუში და შენაფუთები-მწებავი ლენტები უნდა განადგურდეს, ხოლო მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განაჩენში:
3. მ. დ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე;
4. მ. დ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4.1. საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
4.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
4.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. დ–ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით – მოხდისაგან;
4.3. მ. დ–ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის (მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვას – სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
4.4. მ. დ–ეს სასჯელი ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 19 სექტემბრიდან 2025 წლის 24 მარტის ჩათვლით;
5. ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალებები, ნერწყვის ნიმუში და შენაფუთები-მწებავი ლენტები – განადგურდეს, ხოლო მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე