დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.01.2026
საქმის ნომერი
22აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142225702234333

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №22აგ-25 ქ. თბილისი

პ. ლ. 22აგ-25 12 იანვარი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. პ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენით ლ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა – ჯარიმა 2 000 ლარი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით:

2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

2.2. ლ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის კანონების შესაბამისად, განახევრდა ორჯერ და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა – ჯარიმა 2 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ლ. პ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით ლ. პ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი;

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. პ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ლ. პ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ლ. პ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი;

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინებით ლ. პ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება ლ. პ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით ლ. პ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. 2025 წლის 13 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. პ–მა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენის გადასინჯვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. პ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ლ. პ–ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე, დაკმაყოფილდა და გასაჩივრების ვადა აღდგა.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. პ–მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. ასევე – საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. სამართლებრივი სტაბილურობის და განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლის/ების შემთხვევაში. კანონმდებლობა ამ ნაწილში სასამართლოს არ ანიჭებს უფლებას გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე და საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლებში გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას.

3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენის გადასინჯვას, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

4. კასატორი ახალ ფაქტად/მტკიცებულებად უთითებს: საჯარო რეესტრის ამონაწერს, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო იჯარის ხელშეკრულება დათარიღებულია 2002 წლით (მაშინ როცა, გამოძიება სწორედ 2001 წლის 2002 წლად გადაკეთებას ედავებოდა) და მერიის წერილს, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ მას მერიასთან 2001 წელს არანაირი იჯარის ხელშეკრულება არ გაუფორმებია. იმავდროულად, კასატორის მტკიცებით სისხლის სამართლის საქმის განხილვისას აღნიშნული მტკიცებულებების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო და ისინი არც ბრალდების მხარეს ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმეში.

4.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობას არ ერთვის კასატორის მიერ მითითებული საჯარო რეესტრის ამონაწერი ან/და მერის წერილი.

4.2. შუამდგომლობის ავტორმა – კასატორმა – შუამდგომლობას დაურთო მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება N………. (რომელიც არის ნათარგმნი ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანი ნოტარიულად დამოწმებულია 2025 წლის 8 მაისს), რომლის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია ერთის მხრივ მეიჯარე – ნ–ს რაიონის გამგეობასა და მეორე მხრივ მოიჯარე – ლ. ა–ს ძე პ–ს შორის. იგი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.

5. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, მათ შორის, ითვალისწინებს:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განჩნების თანახმად, აღნიშნული საქმის განხილვისას ლ. პ–მა შუამდგომლობას დაურთო: საჯარო რეესტრის 2006 წლის 27 სექტემბრის ამონაწერი – მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (სარეგისტრაციო №………) და ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 11 დეკემბრის №…. წერილი, რაც მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს მისთვის არ იყო ცნობილი და ბრალდების მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი.

5.1.1. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი მასალები დართული იყო სისხლის სამართლის საქმეზე (კერძოდ: საჯარო რეესტრიის 2006 წლის 27 სექტემბრის ამონაწერის ასლი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერ ……….-ზე, ტ. N1, ს.ფ.43), აღნიშნული დოკუმენტის დედანი და საკადასტრო აზომვა (ს.ფ. 309-310), ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 11 დეკემბრის №… წერილი, იმის შესახებ, რომ ნინოწმინდის გამგეობის 2001 წლის საქმის წარმოებაში არ ყოფილა ლ. პ–სა და გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება მიწის იჯარით გაცემის შესახებ (ს.ფ. 300)) და შესაბამისად, ლ. პ–ის მიერ შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოებები და მასზე დართული მასალები არ წარმოადგენდა ახალ ფაქტებს და მტკიცებულებებს, რომლებიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს მხარეებისთვის არ იყო ცნობილი.

5.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება ლ. პ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა რომ: ,,შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, კერძოდ: ლ. პ–ის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2006 წლის 27 სექტემბრის ამონაწერი და ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 11 დეკემბრის წერილი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და მათ შესახებ, საქმის არსებითი განხილვის დროს, ცნობილი იყო მხარეებისა და სასამართლოსათვის“.

6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლ. პ–ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებებში უკვე იმსჯელეს და ამომწურავი პასუხები გასცეს კასატორის მიერ განსახილველი საქმის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნებზე, ხოლო რაიმე ახალ გარემოებაზე დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის N46აგ-22 განჩინება).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის ახალი ფაქტი/გარემოება/მტკიცებულება, რაც გახდებოდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი; საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა; კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებებზე, რომლებიც უკვე იყო განხილული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ლ. პ–ის, მათ შორის, იგივე (იდენტური) საფუძვლით და იგივე გარემოებებზე დამყარებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №46აგ-22); კასატორი არ უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებულ განჩინებაში განხილულისგან განსხვავებულ გარემოებაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით შეფასებას.

7.1. კასატორი ასევე არ უთითებს რაიმე ისეთ ახალ ფაქტზე/გარემოებაზე, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 310-ე ან/და 3321-ე მუხლების საფუძველზე ქმნის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენის/თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენის) გადასინჯვის სამართლებრივ საფუძველს და არ იყო შეფასებული/განხილული კასატორის წინარე საჩივრების/შუამდგომლობების ფარგლებში.

7.2. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ დასტურდება რაიმე ახალი მტკიცებულებით, იმავდროულად, ისინი უკვე შეფასებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რის გამოც სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ ლ. პ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

9. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. პ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. პ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე