დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.06.2001
საქმის ნომერი
3კ/509-01
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/509-01 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე

სარჩელის საგანი: ბინაში შესახლება, ნივთის მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 22 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ა. კ-ძემ სარჩელი აღძრა მ. რ-ოვას მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1994 წელს დაქორწინდა მ. რ-ოვაზე. მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი.

მოსარჩელის განმარტებით, 1994 წელს მეუღლეებმა მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულების ოროთახიანი ბინა, რადგანაც იგი იყო სამხედრო მოსამსახურე.

ოჯახური უთანხმოების გამო მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს.

ა. კ-ძემ სარჩელში ითხოვა მათი საცხოვრებელი ბინიდან ფართის გამოყოფა სარგებლობის უფლებით, აღნიშნულ ფართში შესახლება, მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან წილის მიკუთვნება და პირადი მოხმარების ნივთების დაბრუნება.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1988 წლიდან იგი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... სამხედრო დასახლების ბინაში, რომელიც 1996 წლის მაისიდან ეკუთვნოდა მას და მის მცირეწლოვან შვილს, რადგანაც მამამისის _ ი. რ-ოვის ბინიდან ამოწერის შემდეგ, ორდერი გაიცა მ. რ-ოვაზე. მოპასუხის განმარტებით, მისი ყოფილი მეუღლე სადავო ბინაში რეგისტრირებული არ ყოფილა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. კ-ძე სარგებლობის უფლებით შესახლებულ იქნა სადავო ბინაში. მოსარჩელეს მიეკუთვნა ვიდეო მაგნიტოფონი “აივა”, ტელევიზორი “სუპრა”, ტელევიზორის მაგიდა, ჟურნალის მაგიდა და პირადი მოხმარების ნივთები.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-ოვამ, რომელმაც სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას შეამცირა მოთხოვნა ნივთების ა. კ-ძისათვის მიკუთვნების ნაწილში. კერძოდ, აპელანტმა სადავოდ გახადა მოსარჩელისათვის მხოლოდ ტელევიზორი “სუპრას” მიკუთვნება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ოვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე შეიცვალა იმგვარად, რომ ა. კ-ძეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... სამხედრო დასახლებაში მდებარე სადავო სახლში სარგებლობის უფლებით შესახლებაზე. აგრეთვე, ა. კ-ძისათვის მიკუთვნებული ნივთებიდან ამოირიცხა ტელევიზორი “სუპრა” და იგი საკუთრების უფლებით გადაეცა მ. რ-ოვას. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. კ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 296-ე და 306-ე მუხლები, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 574-ე მუხლი, რის გამოც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნა სადავო ბინაში შესახლებისა და ტელევიზორი “სუპრას” მოსარჩელისათვის მიკუთვნების თაობაზე.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი ბინაში შესახლების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ტელევიზორის მიკუთვნების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 296-306-ე მუხლები.

საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 მაისის ბრძანებულებით საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 291-334-ე მუხლები ჩაითვალა ძალადაკარგულად.

პალატა, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს ა. კ-ძის განმარტებას, რომ მისი სადავო ბინაში შესახლება უნდა მომხდარიყო სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 1158-ე მუხლით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ახალი სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) ამოქმედებამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო ბინის ორდერი გაიცა მ. რ-ოვაზე. აღნიშნულ ორდერში მ. რ-ოვას ოჯახის წევრებიდან მითითებულია მხოლოდ მისი მცირეწლოვანი შვილი გ. კ-ძე. კასატორი ა. კ-ძე ორდერში აღნიშნული არ არის და არც სადავო ბინაში ყოფილა ოდესმე რეგისტრირებული. ამდენად, მ. რ-ოვასთან განქორწინების შემდეგ კასატორ ა. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნა სადავო ბინაში შესახლების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება კასატორის მეორე მოთხოვნას ტელევიზორ “სუპრას” მიკუთვნების შესახებ, პალატა თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის საგნის (ტელევიზორი “სუპრა”) ღირებულება არ აღმატება 1000 ლარს, ხოლო კასატორს მისი ღირებულება არ დაუდასტურებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

ამდენად, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... სამხედრო დასახლებაში მდებარე სადავო სახლში შესახლების ნაწილში, ხოლო ტელევიზორი “სუპრას” მიკუთვნების ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

ა. კ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.