საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100122006209219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №840აპ-25 ქ. თბილისი
ა-ი ი, 840აპ-25 3 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ა-ს, - დაბადებულს ... წლის .. თებერვალს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, წ-ოს რაიონის სადგურ ბ-ას დასახლებაში მდებარე N.. საცხოვრებელ სახლში, ი. ა-ი მეუღლეს - მ. პ-ას, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ ყელს გამოჭრიდა. ი. ა-ის ქმედების შედეგად მ. პ-ას გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 საათზე, წ-ოს რაიონის სადგურ ბ-ას დასახლებაში მდებარე N... საცხოვრებელ სახლში, ი. ა-მა მეუღლეს - მ. პ-ას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სქესობრივ კავშირზე უარის მიღების შემდეგ, დაუმტვრია 400 ლარად ღირებული, ZTE ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენით:
2.1. ი. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა ი. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
2.3. გამართლებულ ი. ა-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენის გაუქმება, ი. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ.საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ა-ის მიერ მეუღლის - მ. პ-ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ნივთის დაზიანების ჩადენას.
8. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აღნიშნულ დანაშაულში იგულისხმება განზრახი მოქმედება, რომლის მიზანიც არის სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რაც გულისხმობს ქონების თვისებრიობის ისეთ შეცვლას, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, მცირდება ქონების ღირებულება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი გამოყენებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
10. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
12. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს ი. ა-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ მ. პ-ს ჩვენება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი დაფუძნებულია დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, შესაბამისად ის ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი მნიშვნელობის მტკიცებულება და ამით ვერ შეიქმნება მტკიცებულებათა სიმრავლე.
13. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის თანამშრომელ ვ. ა-ეს, მისი ჩვენება ირიბი მტკიცებულებაა, იგი არაა ფაქტის თვითმხილველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება არ არის შესაბამისობაში საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებთან, რამდენადაც ამ საგამოძიებო მოქმედებებით არ დადასტურდა საცხოვრებელ სახლში არსებული მაცივრისა და ტელევიზორის დაზიანების ფაქტები, რასაც მ. პ-ა უთითებდა ჩვენების მიცემისას. 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ მართალია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულა ZTE ფირმის მოლურჯო ფერის დამტვრეული ტელეფონის აპარატი, მაგრამ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ტელეფონი ი. ა-მა დააზიანა, არ ადასტურებს სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელიც ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად და დამაჯერებლად.
15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის განაჩენების მოტივაციას ი. ა-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დაადასტურდა გამართლებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს
დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე