საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124010576389
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №797აპ-25 ქ. თბილისი
ბ-ე რ. 797აპ-25 10 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის განაჩენით:
1.1. რ. ბ-ე, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 19 ნოემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ბ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი რ. ბ-ე 2024 წლის 19 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თ-ში, ვ. კ-ს ქუჩის N... , ბინა N...-ში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ო. ბ-ს, კერძოდ, დანის დემონსტრირებით უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ო. ბ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენის გაუქმება და რ. ბ-ს გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატ დ. თ-ს პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. ბ-ს მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასთან, დამაჯერებლობასა და საკმარისობასთან დაკავშირებით.
7. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დასჯადია მუქარა (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების), როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
8. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ო. ბ-ის ჩვენებით დადგენილია როგორც მუქარის, ისე შიშის განცდის ფაქტი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა რაიმე მოტივი, რაც მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი იქნებოდა.
9. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს და ეწინააღმდეგება სსკ-ის 244-ე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, პირდაპირი დაკითხვისას დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა, გამოკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვა კი სხვა არაფერია, თუ არა - შეხსენება პასუხზე. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება ავტომატურად არ არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში, ო. ბ-ს მიეცა შესაძლებლობა თავისუფალი თხრობისა და პირდაპირი დაკითხვის ფარგლებში მიეცა ჩვენება და გაეცა პასუხები. ბრალდების მხარეს ჩვენების დაწყებამდე არ მოუთხოვია მისი გამოკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვა. გარდა აღნიშნულისა, ო. ბ-მ, გამოკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვამდეც დაადასტურა, რომ რ. ბ-მ დაიწყო დანის ქნევა მისი მიმართულებით, რისიც შეეშინდა. დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა კითხვები დაესვა დაზარალებულისათვის. მან დამაჯერებლად ისაუბრა განცდილ შიშთან დაკავშირებითაც და მიუთითა, რომ მუქარის ძალიან შეეშინდა, რადგან მარტო იყო სახლში, ხოლო რ. ბ-ე იყო მთვრალი და თვალები ჰქონდა გადმოცვენაზე. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და რ. ბ-ს მხრიდან, რომელიც არის სოციალურად საშიში, წარსულშიც ჰქონია მუქარის ფაქტს ადგილი.
11. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ო. ბ-მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მუქარის ძალიან შეეშინდა და შვილისთვის დასარეკად მისაღებ ოთახში გაიქცა. ამ ნაწილში დაზარალებულის ჩვენების სისწორეს მოწმობს სასამართლოში გამოკვლეული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში, ო. ბ-ს შვილის - ნ. ბ-ს ზარის აუდიოჩანაწერი, რომლითაც დადგენილია, რომ ნ. ბ-მ ოპერატორს შეატყობინა მთვრალი მამის - რ. ბ-ს მხრიდან დედის - ო. ბ-ს მიმართ დანის გამოყენებით დამუქრების შესახებ, რის გამოც ითხოვა დახმარება, ასევე განაცხადა, რომ თავადაც ბრუნდებოდა სახლში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ დაზარალებულ ნ. ბ-ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სრულებით არ ამცირებს შესაძლებლობას, აღდგენილ იქნას რ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ერთიანი სურათი მეუღლის მიმართ მუქარის ნაწილში, ვინაიდან, ჩანაწერში ასახული გარემოებები გადამოწმებადია სხვა მტკიცებულებებით, პირველ რიგში, დაზარალებულ ო. ბ-ის ჩვენებით, რომლის შინაარსი არ იძლევა ეჭვის შეტანის საფუძველს მის ნამდვილობაში.
12. დაზარალებულ ო. ბ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია 2024 წლის 19 ნოემბერს, რ. ბ-ის მხრიდან დანის მეშვეობით ჩადენილი მუქარის შესახებ, ასახულია ო. ბ-ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემულ N019588 შემაკავებელ ორდერში. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერი ხელმოწერით აქვს დადასტურებული დაზარალებულს და არ გასაჩივრებულა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია დაეჭვდეს იმ გარემოებაში, რომ დაზარალებულმა შემაკავებელი ორდერის შევსებისას, გამომძიებელს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერის ოქმში, შეკითხვაზე: ფიქრობთ, რომ მოძალადე მოგაყენებთ ჯანმრთელობის დაზიანებას, მოგკლავთ.. (დადებით შემთხვევაში, მიუთითეთ, რატომ ფიქრობს მსხვერპლი ამგვარად) მონიშნულია დადებითი პასუხი და აღნიშნულია, რომ ო. ბ-ის განმარტებით, რ. ბ-ე წარსულში რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მათ საერთო შვილს. იგი სწორედ ამის გამო ფიქრობს, რომ შეიძლება მუქარა აღასრულოს, ხოლო გრაფაში - „მოძალადე იმყოფება ალკოჰოლური თრობის ქვეშ?“, ,,მოძალადე მიდრეკილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისკენ?“, პასუხად მონიშნულია „კი“. გარდა ამისა, ალკოტესტით შემოწმების ოქმით დადგენილია რ. ბ-ის ყოფნა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. შედეგი - 3,296 პრომილეს სახით, რაც შეესაბამება ძლიერ თრობას. 2024 წლის 19 ნოემბერს მუქარის ჩადენისას, რ. ბ-ის ხელში დანის არსებობის ფაქტი დადასტურებულია როგორც დაზარალებულ ო. ბ-ის პირდაპირი ჩვენებით, ისე შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაციით.
13. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
14. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების - ლ. მ-სა და ვ. ჩ-ს ჩვენებების ნაწილი, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი, ვინაიდან, მართლაც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც მათთვის დაზარალებულისგან გახდა ცნობილი, თუმცა მოწმეთა მონათხრობი, რომლებსაც მყისიერი კონტაქტი ჰქონდათ დაზარალებულთან, ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს, თუ რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული ო. ბ-ე შემთხვევის ადგილზე მცირე დროში მისვლისას. მოწმეების ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც ისინი აღწერენ დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობას, რომ ო. ბ-ე იყო აღელვებული, შეშინებული და კანკალებდა, ასევე, მათი განმარტებები რ. ბ-ს ქცევასთან დაკავშირებით, რომ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, იქცეოდა არაადეკვატურად, იყო აგრესიული და მეუღლეს მათი თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ წარმოადგენს ირიბს. რასაკვირველია, პატრულ-ინსპექტორები ვერ იქნებოდნენ რ. ბ-სა და ო. ბ-ს ოჯახში არსებული მუქარის შემსწრე პირები და დაკითხვისას არც განუცხადებიათ რაიმე ფაქტზე წასწრების შემთხვევაზე. მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას მიუთითეს დაზარალებულის მიერ გადმოცემული და საკუთარი თვალით დანახული გარემოებები, რაც გადამოწმდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად და წარმოადგენს შეფასების საგანს.
15. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული ეჭვი დაზარალებულის მიერ პატრულ-ინსპექტორებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნული ცალსახად არ გამომდინარეობს მოწმეების - ლ. მ-სა და ვ. ჩ-ის ჩვენებების შინაარსიდან. სხდომაზე დაკითხვისას ორივე მოწმემ დაადასტურა, რომ, მართალია, ო. ბ-ს უჭირდა ქართულ ენაზე საუბარი, თუმცა მისგან განმარტებები მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით, მოისმინეს ორივე ენაზე, ქართულადაც და რუსულადაც. მოწმეებს არ მიუთითებიათ რუსული ენის არცოდნაზე ან ენობრივი ბარიერის არსებობაზე დაზარალებულთან კომუნიკაციისას (როგორც ამის წარმოჩენას დაცვის მხარე ცდილობს), პირიქით, განმარტეს, რომ იციან რუსული ენა და დაზარალებულის ნათქვამი მათთვის სრულად იყო გასაგები.
16. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მსჯავრდებულის ბრალეულობა.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე