საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007388748
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №799აპ-25 ქ. თბილისი
უ-ს ო-უ ნ. 799აპ-25 10 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ო-უ უ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში, თ-ში, პ. ი-ს ქ. №..., ბინა №...-ში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნ. ო-უ უ-მ ა. ა-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის მარცხენა არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, მხრებში ხელების მოჭერით და შენჯღრევით ცემა. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 ივნისის განაჩენით:
2.1. ნ. ო-უ უ-უ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გამართლებულ ნ. ო-უ უ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენის გაუქმება, ნ. ო-უ უ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურ შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა ნ. ო-უ უ-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ნ. ო-უ უ-ს მხრიდან დაზარალებულის ცემის დასადასტურებლად წარმოადგინა ერთადეთი პირდაპირი მტკიცებულება, თავად დაზარალებულ ა. ა-ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხოლოდ გამოქვეყნებული მტკიცებულება, თუ იგი გამყარებული არ იქნა სხვა მტკიცებულებით, არ შეიძლება საფუძლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ მოწმე მ. კ-ს ჩვენების თანახმად, იგი თავად არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს და ადგილზე მისვლისას ნახა მხოლოდ დამტვრეული ჭურჭელი, ხოლო დაზარალებულის სხეულზე დაზიანების კვალი არ შეუნიშნავს; მოწმეების - ლ. ი-ს, დ. ს-ს, შ. გ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითხმხილველი მოწმეები და ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას; მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ნ. ჩ-ს ჩვენება და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა ადასტურებს მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის კვალს ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
8. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს, ნ. ო-უ უ-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo - პრინციპიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე