საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.02.2026
საქმის ნომერი
2კ-839აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100124009275744

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №839აპ-25 ქ. თბილისი

გ-ე პ. 839აპ-25 10 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ პ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

1.1. პ. გ-ე, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 29 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. გ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის ოქტომბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ზ-ის რაიონის სოფელ კ-ში, ავტომობილში ყოფნისას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა პ. გ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე ხელი ერთხელ დაარტყა სახეში მეუღლეს - მ. ს-ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლიდან 2023 წლამდე (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ-ს რაიონის სოფელ კ-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - ა. გ-ის თანდასწრებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა პ. გ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე თმებში მოქაჩა, ასევე ხელი დაარტყა მუცლისა და ხელის არეში მეუღლეს - მ. ს-ს, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის ოქტომბერში, საღამოს საათებში, ზ-ის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა პ. გ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით, მეუღლეს - მ. ს-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით დაალევინა რამდენიმე აბი წამალი.

· 2023 წლის ოქტომბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ზ-ის რაიონის სოფელ კ-ში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა პ. გ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა რეზინს და შეაგდო მანქანის ქვემოთ, ხოლო მანქანაში მყოფ მეუღლეს - მ. ს-ს ეუბნებოდა, რომ დაწვავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 17 ნოემბერს, საღამოს საათებში, ზ-ში, ჭ-სა და მ-ს ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი პ. გ-ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. ს-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. პ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 29 მარტიდან.

4. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ პ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენის გაუქმება და პ. გ-ს გამართლება.

4.2. მსჯავრდებულ პ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ-მ შესაგებლით მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, პ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას პ. გ-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ს-სა და მოწმეების - მ. ს-ის, გ. ს-ს, ა. გ-ს, გ. ო-სა და სხვათა ჩვენებებით, შეტყობინების მიღების შესახებ ოქმით, შემაკავებელი ორდერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

8. დაზარალებულ მ. ს-ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2023 წლის ოქტომბერში, მისმა მეუღლე პ. გ-მ სამსახურში მიაკითხა და ერთად წავიდნენ მანქანით, რა დროსაც, პ. მაღალი სიჩქარით, საშინლად ატარებდა, ეჭვიანობდა, ეუბნებოდა, როგორ შეეძლო ასე თამაში და მისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. იგი პ-ს დამშვიდებას შეეცადა და სახლში წასვლას სთხოვდა. სახლის გზაზე მარკერტთან პ-მ მანქანა გააჩერა, ჩავიდა, ტელეფონზე ვიღაცას დაურეკა და წაეჩხუბა, სხვის ცოლს როგორ გახედა. ამ დროს თავად საჭესთან გადასვლა მოახერხა, თუმცა პ-მ გასაღები წაართვა, საბარგულიდან ამოიღო ველოსიპედის რეზინი, რომელსაც ცეცხლი წაუკიდა და მანქანის ქვეშ შეუგდო, თან უთხრა, რომ ერჩივნა დაეწვა, ვიდრე ესუნთქა და ეარსება. მუქარისა ძალიან შეეშინდა, ეგონა მანქანა აფეთქდებოდა და მოკვდებოდა. როდესაც ჩათვალა, რომ ყველაფერი დასრულდა, პ-მ მანქანის კარი გააღო და ხელი ტუჩების არეში დაატყა, რის გამოც ძლიერი ტკივილი განიცადა, ასევე სახეში შეაფურთხა. ასევე იყო შემთხვევები, როცა პ. გ-ე მას ჩხუბის დროს დამამშვიდებელ აბებს ასმევდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, უნდოდა თუ არა ამ აბების დალევა, პ. ძალით უდებდა პირში წამლებს და შემდეგ ან ყლაპავდა ან აფურთხებდა, ასეთ ფაქტს ერთხელ მისი შვილიც შეესწრო. ასევე იყო შემთხვევა, როცა ა-ც შეესწრო ფაქტს, თუ როგორ დაატყა პ-მ ხელი მუცლისა და ხელის არეში, რის გამოც ძლიერი ტკივილი განიცადა. ამ ჩხუბის მიზეზიც უსაფუძლო ეჭვიანობა იყო. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, საღამოს საათებში, ეჭვიანობის გამო პ-მ სახეში შეაფურთხა, ორივე ხელით მთელი ძალით შეარყია, ეუბნებოდა, რომ პატარა ბიჭები მოსწონდა, აგინებდა და ეჩხუბებოდა. როდესაც პ-სგან თავის დაღწევა მოახერხა, დაედევნა, თან ემუქრებოდა, რომ თუ დაეწეოდა, არ აცოცხლებდა, თუმცა მოახერხა და ჭ-ს ქუჩაზე ავტოფარეხებთან დაიმალა. გამოქცევის დროს დასაც ესაუბრა, მაგრამ რადგან ვერ დაეხმარებოდა, სიმართლე არ უთქვამს. მალვისას ძმას მიწერა, რომ მიეკითხა და წაეყვანა, რამდენიმე წუთში მისი ძმის მანქანა დაინახა, თუმცა გასვლა ვერ გაბედა, რადგან ფიქრობდა, რომ პ. ჩასაფრებული იყო. გასვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როცა უფროსმა შვილმა მიწერა, რომ მამა და გ. ჩხუბობდნენ, ამ დროს ჩათვალა, რომ უსაფრთხოდ იყო.

9. დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია მოწმე ა. გ-ს ჩვენებასთან, რომლითაც დასტურდება, რომ პ-ს მხრიდან მ-ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს თავადაც შესწრებია, კერძოდ ორი-სამი წლის წინ, სოფელ კ-ში, საცხოვრებელ სახლში, პ-მ მ-ს თმებში მოფქაჩა, ხელით შეეხო და მუცელში ჩაარტყა, თუმცა მიზეზი რა იყო, არ იცის. ასევე მ-სგან იცის, რომ პ-მ მანქანის ქვეშ ცეცხლმოკიდებული რეზინა შეუგდო და დაწვით დაემუქრა; იცის ისიც, რომ პ. მ-ს პირს აღებინებდა და მწვანე აბების მიღებას აიძულებდა, ერთ ერთ ასეთ შემთხვევას თავადაც შეესწრო, თუმცა მაშინ მ-მ წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა და წამლები არ დაულევია. მოწმის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, პ-ს ზეწოლისა და ძალადობის გამო დედა ჭ-ს ქუჩაზე იმალებოდა. დედასგან იცის, რომ შეეშინდა და ამის გამო ავტოფარეხებში იმალებოდა.

10. დაზარალებულ მ. ს-ს ჩვენება ასევე შესაბამისობაშია მოწმეების - გ. ს-სა და მ. ს-ის ჩვენებებთან.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ, დაზარალებულ მ. ს-ს მონაწილეობით, ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მ. ს-მ დეტალურად მიუთითა, იმ ადგილების შესახებ, სადაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პ. გ-ე. საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულადაა თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ მ. ს-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან, კერძოდ, ე.წ. ,,სქრინშოთებით“ ირკვევა, რომ მ. ს-ე გ. ს-ს წერს: რაც ატელიეში დატოვა, პ. მას შემდეგ ეჩხუბება საწარმოს, ე.წ. ,,ცეხის’’ უკან კარიდან გავიდა და ,,გარაჟებში’’ იმალება, ხოლო პ. ეძებს, სთხოვს დახმარებას.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები წარმართულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადვოკატის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

13. რაც შეეხება მსჯავრდებულ პ. გ-ის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ პ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე