გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹3კ/590-01 3 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. მ-ძემ, მ. მ-შვილმა და ნ. ბ-შვილმა 1999 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ის” და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ა-ის” მიმართ და მოითხოვეს მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1990 წელს თბილისის .......-კომბინატში (ამჟამად თბილისის სააქციო საზოგადოება “დ-ი”) ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ა”, რომელსაც თავმჯდომარეობდა კომბინატის მთავარი ბუღალტრის მოადგილე, მოპასუხის წარმომადგენელი ი. ს-ძე.
საცხოვრებელი ფართის აშენების მსურველთა სიაში თავიდანვე გაერთიანებული იყო ბინის მიღებისათვის სხვადასხვა დროს აღრიცხვაზე მყოფი კომბინატის 16 მუშა-მოსამსახურე, რომლებსაც გარკვეული შეღავათებითა და პრივილეგიური უფლებებით უნდა ესარგებლათ.
მათივე განმარტებით, კომბინატის ხელმძღვანელობამ თავისივე 16 თანამშრომლისათვის ბინათმშენებლობაში თანაბარმნიშვნელოვნად დახმარების მიზნით, სამშენებლო ფირმა “მ-ის” ანგარიშზე სხვადასხვა დროს გადარიცხა სხვადასხვა რაოდენობის თანხა: 1991 წლის ოქტომბერში 918.000 რუსული რუბლი, ხოლო 1992 წლის დეკემბერში 4000 000 რუბლი, უფრო ადრე კი, 1991 წლის თებერვალში, 32 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ჩატარებული საპროექტო-საძიებო სამუშაოების საფასურად შესაბამის ფირმა “ე-ს” გადაურიცხა 17117 რუბლი და 52 კაპიკი. აღნიშნული თანხა მოსარჩელეთა განცხადებით შეადგენს 371 387 ლარს.
მოსარჩელეებმა ამხანაგობა “მ-ის” ანგარიშზე შეიტანეს წინასწარი და დამატებითი თანხები. კერძოდ, ა. მ-ძემ 4 ოთახიანი ბინისათვის 43000 რუსული რუბლი, რაც 10338 ლარს შეადგენს, მ. მ-შვილმა 4 ოთახიანი ბინისათვის 180 000 რუბლი რუბლი, რაც 16571 ლარს შეადგენს და ნ. ბ-შვილმა 5 ოთახიანი ბინისათვის 50 000 რუსული რუბლი, რაც 17 564 ლარს შეადგენს.
მოსარჩელეთა პოზიციით, კომბინატიდან გადარიცხული საერთო თანხა 4 956 117 რუბლი და 52 კაპიკი, რაც სარჩელის წარდგენის მომენტისათვის შეადგენდა 371 387 ლარს თანაბარმნიშვნელოვნად უნდა მოხმარებოდა კომბინატის ამხანაგობაში შესულ 16 თანამშრომელს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ას” დაეკისრა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში მოსარჩელე ა. მ-ძისათვის 45 კვ.მ., მოსარჩელე მ. მ-შვილისათვის 65 კვ.მ., ხოლო მოსარჩელე ნ. ბ-შვილისათვის 73 კვ.მ. საერთო საცხოვრებელი ფართის ბინის გამოყოფა.
მოსარჩელეებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნიეს ნაწილობრივ უკანონოდ, იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მათ უარი ეთქვათ მაუდ-კამვოლის კომბინატის, ამჟამად თბილისის სააქციო საზოგადოება “დ-ის” მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის სესხად გაცემული 4000 000 რუსული რუბლის და 918 000 რუსული რუბლის ამხანაგობა “მ-ის” ბინათმშენებლობის ხარჯებში ჩათვლაზე და შესაბამისი საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე, არა მარტო მათ მიერ რეალური შენატანების, არამედ სადავო თანხებში თითოეულის წილის გათვალისწინებით.
მოპასუხე მხარეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება შეიცვალა. კერძოდ, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ას” მშენებლობის დამთავრებისათვის გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დაეკისრა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში ა. მ-ძის, მ. მ-შვილისა და ნ. ბ-შვილისათვის, დამატებით თითოეულისათვის 307 205 რუსული რუბლის (შესაბამისად ლარებში) ღირებულების საერთო საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.
პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) იმ ნორმებზე, რომლებიც საერთო საქმიანობას არეგულირებენ.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 4 000 000 რუსული რუბლი უპროცენტო სესხის სახით გაიცა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ის” სახელზე საერთო სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად და იგი აღნიშნული ამხანაგობის თავმჯდომარე ი. ს-ძეს, როგორც ფიზიკურ პირს, არ გადასცემია. პალატის მიერ ასევე დადგენილადაა ცნობილი ის გარემოება, რომ მაუდ-კამვოლის კომბინატმა 918 000 მანეთი გამოუყო მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ას” ავანსის სახით საერთო სამშენებლო საწარმოების საწარმოებლად, რაც პირდაპირ გადაერიცხა მცირე საწარმო სამშენებლო ფირმა “მ-ას” სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის მაუდ-კამვოლის 16 თანამშრომლის დასახმარებლად სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებით ამხანაგობის თითოეული წევრის წილი გადარიცხული თანხიდან განსაზღვრა 307 250 რუსული რუბლის (4 918 000 : 16) ოდენობით. აღნიშნული ღირებულების საცხოვრებელი ფართის დამატებით გამოყოფა დააკისრა სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს _ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “მ-ას”.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა “მ-ის” თავჯდომარემ ი. ს-ძემ, რომელიც მოითხოვს საოლქო სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: 1992 წლის 21 დეკემბერს 4 000 000 რუსული რუბლი მაუდ-კამვოლის დირექტორის განკარგულებით უპროცენტო სესხის სახით გადაერიცხა მცირე საწარმო სამშენებლო ფირმა “მ-ას”, მაგრამ აღნიშნული თანხა არ არის სამშენებლო ამხანაგობა “მ-ის” წევრთა კუთვნილი თანხა და იგი მოსარჩელეებს არ ეკუთვნით. აღნიშნული თანხა მისთვის, როგორც მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელისა და ამხანაგობის თავმჯდომარისათვის გადაირიცხა.
კომბინატის მიერ ავანსის სახით გადარიცხული 918 000 რუსული რუბლი გადაირიცხა არა ამხანაგობის ცალკეული წევრებისათვის, არამედ საერთო მშენებლობის საწარმოებლად. ამხანაგობის თავმჯდომარემ იგი სესხის სახით აიღო არა რომელიმე წევრის კუთვნილი ბინის, არამედ საერთო მშენებლობისათვის.
სესხის სახით მიღებული თანხა 1993 წელს უკანვე დააბრუნა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარემ და სააპელაციო სასამართლომ უკვე გადახდილი თანხა გაუნაწილა აპელანტებს.
სასამართლომ გამოიყენა ადრე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 448-ე და 449-ე მუხლები, როცა არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა კასატორსა და სს “დ-ს” შორის, ანდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “მ-ას” შორის არ არსებობს.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციის ნორმები მაშინ, როცა სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის მოქმედი სამოქალაქო კოდექსით უნდა გადაეწყვიტა.
სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ამხანაგობა “მ-ას” 16 წევრს სხვადასხვა რაოდენობის ფართისგან შემდგარი ბინები ეკუთვნით და 4918000 მანეთი ყველას თანაბრად გაუნაწილა, რაც სინამდვილისათვის მაშინაც კი შეუსაბამო იქნებოდა, აღნიშნული თანხა სესხი რომ ყოფილიყო.
სათანადოდ არ შეაფასა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. გადაწყვეტილება მოკლებულია იმპერატიულ ძალას, არ არის განსაზღვრული, უკანონოდ განაწილებული 307 250 რუსული რუბლით თუ რა ფართობი ეკუთვნის თითოეულ მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდეს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ კომბინატის მიერ გადარიცხული 918 000 და 4000 000 რუსული რუბლი მას როგორც ფიზიკურ პირს სესხის სახით გადაურიცხა კომბინატმა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1991 წლის ოქტომბერში მაუდ-კამვოლის კომბინატმა 918 000 რუსული მანეთი გამოუყო მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ას” საერთო სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, რაც პირდაპირ გადაერიცხა მცირე საწარმო სამშენებლო ფირმას “მ-ა”. ასევე დადგენილადაა მიჩნეული, რომ 1992 წლის 27 დეკემბერს ამავე სამშენებლო ფირმას საწარმოს ადმინისტრაციამ გადაურიცხა 4000 000 რუსული მანეთი უპროცენტო სესხის სახით.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული უკანონოდ განაწილებული 307 250 რუსული რუბლით თუ რა ფართობი ეკუთვნის თითოეულ მოსარჩელეს. პალატას მიაჩნია, რომ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა მოთხოვნები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
მოსარჩელეები სარჩელში, ისევე როგორც სააპელაციო საჩივარში, მოითხოვდნენ მშენებარე სახლში საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას. სასამართლომ კი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გაუნაწილა მხარეებს არა საცხოვრებელი ფართი, არამედ საწარმოს მიერ მშენებლობის საწარმოებლად გადარიცხული თანხა, რომელსაც ეს უკანასკნელნი მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდნენ. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე, 249-ე მუხლების მოთხოვნა, რომლის თანახმად გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო წყვეტს საკითხს სარჩელის დაკმაყოფილების ან მათზე უარის თქმის შესახებ. მართალია, სასამართლომ ზოგადად მიუთითა სარეზოლუციო ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ ფაქტობრივად სასარჩელო მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე მიაკუთვნა სესხის სახით გადარიცხული თანხა ამხანაგობა “მ-ას” წევრებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნა, გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულადაა დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატას მიაჩნია, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამხანაგობა ,,მ-ისათვის” გადარიცხული თანხის მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის, მიკუთვნების იურიდიულ საფუძველზე. ასევე უნდა გაარკვიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, თუ რას ეყრდნობა მხარეთა მოთხოვნა კონკრეტული ოდენობის ბინის ფართის გამოყოფის მოთხოვნისას, რა ოდენობის საცხოვრებელ ფართს ითხოვს თითოეული მოსარჩელე და საერთოდ ჰქონდათ, თუ არა ასეთი მოთხოვნა; დადებით შემთხვევაში იმსჯელოს მათი მოთხოვნის იურიდიულ დასაბუთებულობაზე და მისცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია; საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა.
სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს აპელანტთა სამართლებრივი სტატუსი, რისთვისაც სათანადოდ უნდა შეაფასოს გადაწყვეტილება მათი კოოპერატივის წევრობიდან გარიცხვის შესახებ.
პალატა თვლის, რომ საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინაიდან მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას და საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ს-ძის საკასაცო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელეების: მ-შვილის, მ-ძისა და ბ-შვილისათვის 307 250 რუსული რუბლის (ლარებში) შესაბამისი ღირებულების დამატებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე პალატას.
გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.