საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.02.2026
საქმის ნომერი
2კ-913აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100124009029735

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №913აპ-25 ქ. თბილისი

დ. ლ. 913აპ-25 24 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 აგვისტოს განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ლ. დ–ს - პირადი ნომრით: ..........., - ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ლ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 29 სექტემბერს, ქ. რ–ში, ა–ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს „მ–მ–“-ს სერვისცენტრში, შპს „მ–მ–“-სა და ლ. დ–ს შორის გაფორმდა ლიზინგის N ....... ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ლ. დ–ს ფლობის, სარგებლობის და მომავალში გამოსყიდვის უფლებით გადაეცა 2004 წელს გამოშვებული BMW-ს მოდელის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ..........). ლ. დ–მა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ლიზინგის საგანი - შპს „მ–ს“ კუთვნილი ავტომანქანა გაყიდა და მიღებული ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც შპს „მ–მ“-ს მიადგა 5657 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენით:

2.1. ლ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი;

2.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობისა და თანამდებობის დაკავების უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. დ–ის მიმართ მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 აგვისტოს განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ. ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. დ–ის მიმართ სასჯელის სახედ – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას.

8. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მსჯავრდებულ ლ. დ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ ლ. დ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

10. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). ამდენად, პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 20 ნოემბრის განჩინება N 886აპ-23)

11.1. ლ. დ–მა მტკიცებულებები სცნო უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, არ არის ნასამართლევი.

11.2. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც ასევე უთითებს კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22 განჩინება).

11.3. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მა-ს №51აპ-19 განჩინება; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინება; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24 განჩინება; 2024 წლის 1 აგვისტოს 854აპ-24 განჩინება; 2024 წლის 14 ნოემბრის 845აპ-24 განაჩენი), გამარტივებული წარმოების წესით (იხ.: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავი XXXIV3).

12. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის სახის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების დებულებათა, ასევე პატიმრობის ultima racio ხასიათის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, ლ. დ–ისათვის დამატებით სასჯელად ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობისა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის განსაზღვრისას თბილისის სააპელაციო სასამართლო უთითებს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე.

13.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი დამატებითი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, დამატებით საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითება - არასწორია (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის N681აპ-25 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2025 წლის 20 იანვრის N1087აპ-24; 2024 წლის 18 მარტის N1106აპ-23; 2023 წლის 3 ნოემბრის N771აპ-23). თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, ვინაიდან არ ახდენს არსებით გავლენას საქმის განხილვის შედეგზე.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ხოლო, განაჩენი უკანონოდ ითვლება მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას“ (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის განჩინება N 987აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25; 2025წლის 8 ოქტომბრის N631აპ-25, 2025 წლის 26 სექტემბრის N 411 აპ-25).

14.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის რომელიმე საფუძვლის არსებობა.

16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009).

17. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).

18. საკასაციო სასამართლომ, იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 აგვისტოს განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე