საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.02.2026
საქმის ნომერი
2კ-989აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100125011131747

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №989აპ-25 ქ. თბილისი

თ. ი. 989აპ-25 25 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი.თ–ს, - პირადი ნომრით: ..........., - ბრალად ედებოდა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

ი.თ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 17 ნოემბერს ი.თ–ი ქ. ა–ში, დ–ს ქუჩაზე მოძრაობდა ავტომანქანა „Toyota Rav4” , სახელმწიფო ნომრით: ........., რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძარობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს თ. ი–ს, შეჯახების შედეგად თ. ი–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით:

2.1. ი.თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი;

2.2. ასევე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის გამოყენებით 2 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

2.3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ი.თ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ი.თ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ა–მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა. ბრალდების მხარე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ი.თ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ი.თ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

11.1. სააპელაციო სასამართლომ ი.თ–ს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ი.თ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რაც აღიარა და მოინანია, არ არის ნასამართლევი, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

11.2. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ი.თ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

11.3. სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

12. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე კასატორი სასჯელის დამძიმებას ითხოვს ორ არგუმენტზე დაყრდნობით: ი.თ–ის მიერ დანაშაულის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენაზე და განსახილველი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. კერძოდ, კასატორი უთითებს, რომ დაზარალებულის არაერთი მცდელობის/მიმართვის მიუხედავად მსჯავრდებული არ იჩენს მის მიმართ სათანადო ყურადღებას და არ ეხმარება მას. დანაშაულის შედეგად მიყენებული დაზიანების გამო დაზარალებულს კვლავაც „დაქვეითებული აქვს შრომისუნარიანობა, არ შეუძლია სრულყოფილად მუშაობა და თავის რჩენა“.

13. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც ასევე უთითებს კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება; 2024 წლის 10 ივლისის 36აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N500აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მა-ს №51აპ-19 განჩინება; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინება; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24 განჩინება; 2024 წლის 1 აგვისტოს 854აპ-24 განჩინება; 2024 წლის 14 ნოემბრის 845აპ-24 განაჩენი), აღნიშნული განაჩენის საფუძველზე გამარტივებული წარმოების წესით (იხ.: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავი XXXIV3).

14. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დანაშაულის ჩადენის შესახებ კასატორის მითითებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი.თ–ი მსჯავრდებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის, იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალების მართავს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, შესაბამისად, ი.თ–ის ალკოჰოლური თრობის ფაქტი, მისი ქმედების კვალიფიკაციის შემადგენელი ნაწილია და დამატებით, სასჯელის დამძიმების საფუძვლად მხედველობაში ვერ მიიღება.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, ი.თ–ისათვის დამატებით სასჯელად ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის განსაზღვრისას თბილისის სააპელაციო სასამართლო უთითებს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი დამატებითი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, დამატებით საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითება - არასწორია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის N681აპ-25 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2025 წლის 20 იანვრის N1087აპ-24; 2024 წლის 18 მარტის N1106აპ-23; 2023 წლის 3 ნოემბრის N771აპ-23), თუმცა აღნიშნული ვერ გახდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ვერ შეფასდება მატერიალური სამართლის ნორმის ისეთ მნიშვნელოვან დარღვევად, რასაც შეუძლია არსებითად იმოქმედოს საქმის განხილვის შედეგზე.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე ან/და ზომა „აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009).

19. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე