საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.02.2026
საქმის ნომერი
2კ-997აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100124008584721

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №997აპ-25 ქ. თბილისი

მ. რ. 997აპ-25 13 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ის, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის მაისში, ქ–ს მუნიციპალიტეტში, რ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა რ. მ–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თმების მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – მეუღლეს – ზ. ტ–ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

1.1.2. აღნიშნული ქმედებით რ. მ–მა ჩაიდინა – ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. 2023 წლის აგვისტოში, ქ–ს მუნიციპალიტეტში, რ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი რ. მ–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ზ. ტ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით რ. მ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.

1.3. 2023 წლის 25 დეკემბერს, ქ–ს მუნიციპალიტეტში, რ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ზ. ტ–ის სამსახურიდან დაბრუნების დროსთან დაკავშირებით გაღიზიანებულმა ალკოჰოლით მთვრალმა რ. მ–მა თმების მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ზ. ტ–ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით რ. მ–მა ჩაიდინა – ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.4. 2023 წლის 25 დეკემბერს, ქ–ს მუნიციპალიტეტში, რ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ზ. ტ–ის სამსახურიდან დაბრუნების დროსთან დაკავშირებით, ალკოჰოლით მთვრალი რ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ზ. ტ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.4.1. აღნიშნული ქმედებით რ. მ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენით:

2.1. რ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, რ. მ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა რ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, ასევე – სასჯელის სახედ და ზომად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ თავისუფლების აღკვეთასთან;

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ს–ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. კასატორი ითხოვს რ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას და მისთვის უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ თავისუფლების აღკვეთასთან;

5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ს–ემ, რომელიც ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ – რ. მ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ. მ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. მ–ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ზ. ტ–მა (გამართლებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – რ. მ–ის (მეუღლის) – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10.1. ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, და უნდა შეფასდეს, რამდენად ქმნის აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია რ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:

12.1. მოწმეები – საქართველოს შსს-ოს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები/ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ების – რ. მ–ის მიერ ზ. ტ–ის მიმართ მუქარის ან/და ძალადობის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);

12.2. შეტყობინება შეეხება მხოლოდ 2023 წლის 25 დეკემბრის შესაძლო ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდება არც მუქარის/ების და არც წინარე ძალადობის ჩადენა.

12.2.1. იმავდროულად, თუ შეტყობინების ინიციატორმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-50-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე შეტყობინება არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარის მტკიცებულებას, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (პირდაპირი/გარემოებითი) არ დასტურდება, მათ შორის, შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სისწორე/რეალურობა, შეტყობინების იმ პირის მიერ განხორციელება, ვინც არის ასეთად დასახელებული შეტყობინებაში.

12.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის, მისი სანდოობის და მის მიერ სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, №1099აპ-24).

12.3. ანალოგიურად, მართალია, შემაკავებელი ორდერი უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის/ები შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის დაზარალებული, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის N661აპ-25 განჩინება);

13. იმავდროულად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – აღნიშნული ქმედებით ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ ტკივილის ან/და შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.

14. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 9 იანვრის N......... დასკვნის თანახმად, ზ. ტ–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (26.12.2023 წ) გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა;

14.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2024 წლის 26 თებერვლის N........ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სს N.......... საქმის მასალების მიხედვით, ზ. ტ–მა მეუღლის რ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად განიცადა თუ არა შეურაცხყოფა, მოახდინა თუ არა ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას ან მიიღო თუ არა რაიმე სახის ფსიქოლოგიური ტრავმა, ამჟამად ვერ დგინდება.

15. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – რ. მ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან რ. მ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედების/ების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას; მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში/ჩვენებაში ასახული ინფორმაცია და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

18. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

19. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის განაჩენზე, რ. მ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე