საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.02.2026
საქმის ნომერი
2კ-1035აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100120003787834

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1035აპ-25 ქ. თბილისი

ნ. შ. 1035აპ-25 26 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – შ. ნ–ს, პირადი ნომერი: .........., – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შ. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, შ. ნ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათბურში, უმიზეზოდ გაბრაზებულმა შ. ნ–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - რ. ი–აზე, კერძოდ, მუშტი ერთხელ დაარტყა კეფის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

შ. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 14:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, შ. ნ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, უმიზეზოდ გაბრაზებული შ. ნ–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე რ. ი–ას, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. შ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. შ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.3. გამართლებულ შ. ნ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ. ნ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის შესაბამისი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ შ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა, რომელმაც მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი მექვაბიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს შ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის შესაბამისი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ შ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ შ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.

8. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი – სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის შეტყობინებები, 2020 წლის 14 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2020 წლის 14 ივლისის დაზიანების დათვალიერების ოქმი) საკმარისია შ. ნ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ვინაიდან,10. დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლე) – შ. ნ–ის ჩვენების მიცემაზე.

10.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა/,,შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება, მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ ეტაპზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv), ECtHR, 7/09/2023).

11. სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის შეტყობინებებით დგინდება, რომ 2020 წლის 14 ივლისს, 12:17:49 და 13:41:28 საათზე დაზარალებული დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, ითხოვა დახმარება და მეორე ზარის დროს შეატყობინა მეუღლის მხრიდან ჩადენილი მუქარის ფაქტის შესახებ (იხ.: ტ.1, ს.ფ.2-3).

11.1. სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული შეტყობინება არ შეიცავს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას და ზოგადი ხასიათისაა. ამასთან, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. ნ–ს ბრალად ედება 2020 წლის 14 ივლისს 14:30 წუთზე განხორციელებული მუქარა, მოცემული შეტყობინების თანახმად, კი დაზარალებულმა მუქარის ფაქტის შესახებ შეტყობინება გააკეთა 2020 წლის 14 ივლისს 13:41:28 საათზე.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება (ამასთან, დაზარალებული მხოლოდ ზოგადად უთითებს ძალადობის ფაქტზე და არ შეიცავს ინფორმაციას, როგორც ძალადობის შედეგად განცდილი ტკივილის, ასევე მუქარის შესახებ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 15-20)). მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 და 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23). ანალოგიური მსჯელობა მიემართება 2020 წლის 14 ივლისის დაზიანების დათვალიერების ოქმს (რომლის თანახმად, რ. ი–ამ განმარტა, მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტები. ოქმის თანახმად, დაზარალებულს რაიმე სახის დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება(იხ.: ტ.1, ს.ფ. 10)).

13. რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მხარეთა უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმებს (გ. ფ–ს (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი), ბ. გ–ს (გამომძიებელი) და თარჯიმნების), სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მოცემულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ისინი მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში.

14. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება შ. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

15. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე შ. ნ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე