დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2026
საქმის ნომერი
24აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142225702257651

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე№24აგ-25 ქ.თბილისი ო-ძე გ, 24აგ-25 26 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა განაჩენით:

1.1. გ. ო-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

1.2. გ. ო-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N05/14/კ-050 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის N05/14/კ-050 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ო-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.4. გ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 26 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი გ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

3. 2024 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ღ-მ და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრისა (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვა.

4. 2024 წლის 25 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ღ-მ და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და გ. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ. ო-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობების (2024 წლის 22 და 25 იანვრის) საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც დაუშვებლად ცნო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატ მ. ღ-ას შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

7. 2024 წლის 26 აპრილს მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატმა მ. ღ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

10. 2025 წლის 15 იანვარს მსჯავრდებულმა გ. ო-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

13. 2025 წლის 14 მარტს მსჯავრდებულმა გ. ო-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატის შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად.

16. 2025 წლის 11 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ო-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

18. მსჯავრდებული გ. ო-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში; ასევე სსსკ-ის 3321-ე მუხლებში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სტაბილურობისა და განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლის/ების შემთხვევაში. კანონმდებლობა ამ ნაწილში სასამართლოს არ ანიჭებს უფლებას გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე და 3321-ე მუხლებში გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას.

4. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას, მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული განაჩენის/განჩინების საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის საფუძველზე შეცვლის/გაუქმების შესახებ, ისევე როგორც მის მტკიცებას, საქართველოს სსსკ-ის 310-313-ე მუხლების მითითების გამო, გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე.

5. მსჯავრდებულ გ. ო-ის მითითება საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლზე არასწორია, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრების წესსა და საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას ადგენს სპეციალური ნორმა - საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის განხილვას, საქართველოს სსსკ-ის XXVII თავის (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი, საქართველოს სსსკ-ის 310-314 მუხლები) მიღმა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სწორედ მითითებული მუხლებით.

7. კასატორი - მსჯავრდებული გ. ო-ძე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის (ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენების გადასინჯვას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბერის განჩინების საფუძველზე. ამასთან, უთითებს აღნიშნული გადაწყვეტილების მე-9-10 პუნქტებს და აღნიშნავს, რომ მითითებული პუნქტებით მოცემულია კანონის ახალი განმარტება, სადაც მოსამართლეს სავალდებულო წესით დაევალა ვერდიქტის გაუქმება, როცა საქმეში არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, კასატორის მტკიცებით საკონსტიტუციო სასამართლომ, გ. ო-ის საქმეში, სადაც არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოსამართლე დაავალდებულა, გააუქმოს ვერდიქტი.

8. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილებასა და კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტებთან მიმართებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს №10აგ-24, №22აგ-24, №10აგ-25, №12აგ-25 განჩინებებში. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით (გ. ო-ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გ. ო-ის კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად, ხოლო დაცვის მხარის მიერ მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-9 და მე-10 პუნქტებით საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ განმარტა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებულ პუნქტებში საუბარია სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებაზე, რომ შესაბამისი შემთხვევების არსებობისას (კერძოდ, მაშინ, როდესაც ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და მისი გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა), მიიღოს ვერდიქტის გაუქმების გადაწყვეტილება და არ შეიცავს მითითებას (დავალებას, როგორც ამას კასატორი უთითებს) ვერდიქტის უპირობო გაუქმების შესახებ.

10. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გ. ო-ის და მისი ადვოკატის შუამდგომლობებთან დაკავშირებით მიღებულ არაერთ განჩინებაში უკვე იმსჯელეს და ამომწურავი პასუხები გასცეს კასატორის მიერ განსახილველი საქმის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნებზე, ხოლო რაიმე ახალ გარემოებაზე კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №10აგ-24, №22აგ-24, №10აგ-25, №12აგ-25 განჩინებები).

12. შესაბამისად, კასატორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის ახალი ფაქტი/გარემოება/მტკიცებულება, რაც გახდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი; საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა; კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებებზე, რომლებიც უკვე იყო განხილული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გ, ო-ის ადვოკატის, მათ შორის, იგივე (იდენტური) საფუძვლითა და იმავე გარემოებებზე დამყარებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №47აგ-19, №46აგ-19, №10აგ-24, №22აგ-24); კასატორი არ უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემომითითებულ განჩინებებში განხილულისგან განსხვავებულ გარემოებაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით შეფასებას.

13. კასატორი ასევე არ უთითებს რაიმე ისეთ ახალ ფაქტზე/გარემოებაზე, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 310-ე ან/და 3321-ე მუხლების საფუძველზე ქმნის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის) გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველს და არ იყო შეფასებული/განხილული კასატორის წინარე საჩივრების/შუამდგომლობების ფარგლებში. შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არაერთხელ იქნა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რის გამოც სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე