საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100125010876013
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №800აპ-25 ქ. თბილისი
თ-ე გ. 800აპ-25 25 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურისა და მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის განაჩენით:
1.1. გ. თ-ე, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის და 2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდები) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე, 76-ე მუხლების საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით შინაპატიმრობა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით შინაპატიმრობა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 თვით შინაპატიმრობა, რომლის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს მოცემული განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
1.2. გ. თ-ს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება - 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
1.3. გაუქმდა გ. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
1.4. ცნობად იქნა მიღებული, რომ გ. თ-ს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2025 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 12:40 საათზე, ქ. რ-ში, მე-... მ/რ-ის N...-ე კორპუსთან მდებარე შპს ,,რ. ჯ-ის“ კუთვნილ მაღაზიათა ქსელ ,,მ-ის“ ფილიალში, არასრულწლოვანი გ. თ-ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სპირტიან სასმელებს, კერძოდ, მოითავსა ქურთუკის ჯიბეში ალკოჰოლური სასმელების ბოთლები და დატოვა მაღაზიის ტერიტორია ისე, რომ არ გადაიხადა პროდუქციის საფასური. აღნიშნული ქურდობის შედეგად, შპს ,,რ. ჯ-ს“ მიადგა ჯამში 506 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2025 წლის 10 იანვარს დაახლოებით 13:30 საათიდან 13:35 საათის შუალედში ქ.რ-ში, მ-ა ქუჩის N...-ში მდებარე შპს ,,რ. ჯ-ს” კუთვნილ მაღაზიათა ქსელ ,,მ-ში” არასრულწლოვანი გ. თ-ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 10 ცალ კარაქ ,,პრეზიდენტს“, კერძოდ, მოითავსა ქურთუკში და დატოვა მაღაზიის ტერიტორია ისე, რომ არ გადაიხადა პროდუქციის საფასური. აღნიშნულით შპს ,,რ. ჯ-ს” მიადგა 207 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. გ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის და 2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდები) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით შინაპატიმრობა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით შინაპატიმრობა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 თვით შინაპატიმრობა.
3.3. გ. თ-ს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება - 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
3.4. გ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მისი დაკავებაში ყოფნის დრო - ორი დღე - 2025 წლის 13 იანვრიდან იმავე წლის 14 იანვრის ჩათვლით პერიოდი, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - შინაპატიმრობის ორი დღე.
3.5. გ. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
3.6. ცნობად იქნა მიღებული, რომ გ. თ-ს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენით სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენის მე-11 აბზაცში შევიდა შესწორება, კერძოდ:
4.2. განაჩენის მე-11 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,ცნობად იქნას მიღებული, რომ გ. თ-ს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მაისის განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი“.
5. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. თ-ს განაჩენთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპის საფუძველზე განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულისა და მოწმეების - ც. შ-ს, ბ. ბ-ს, ნ. ბ-ს, ე. გ-ს გამოკითხვის ოქმებით; დანაშაულის შესახებ შეტყობინება, ამოცნობის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვისა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ გ. თ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორები ხდიან სადავოდ.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, დაცვისა და ბრალდების მხარის საჩივრების დასაშვებობის საფუძველი არ იკვეთება.
9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა გ. თ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღნიშნულ ქმედებათა ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი (17 წლის), ნასამართლობის არმქონე; ასევე მას თავი არ აურიდებია არასაპატიმრო სასჯელისათვის; მის საუკეთესო ინტერესსა და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს (როგორც კანონის იმპერატიულ მოთხოვნას); მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია, ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა სასჯელის დამძიმების ნაწილში დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
11. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გ. თ-ის სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით არ დაუნიშნავს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში, დაცვის მხარის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
12. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურისა და მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე