საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100124009194154
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №857აპ-25 ქ. თბილისი
კ- ი კ, 857აპ-25 25 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. კ-ს, - დაბადებულს .. წლის ... ივნისს, - ბრალად ედება სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 24 მარტს, დაახლოებით 11:30 საათზე, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, საკუთარ სახლში, შინიდან ნივთების წაღებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კამათისას, ძალადობისთვის ნასამართლევმა კ. კ-მა მარჯვენა ხელის მარცხენა ხელზე მოკიდებით და მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა ყოფილ რძალზე - ა. ბ-ზე. კ. კ-ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 24 მარტს, დაახლოებით 11:30 საათზე, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ოში, საკუთარ სახლში, შინიდან ნივთების წაღებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კამათისას, მუქარისთვის ნასამართლევი კ. კ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ რძალს - ა. ბ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა. კ. კ-ის მუქარა ა. ბ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
2.1. კ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გაუქმდა კ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
2.3. კ. კ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განაჩენის გაუქმება, კ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა ლ. კ. კ-ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
7. დაზარალებულ ა. ბ-ის ჩვენებით, 2024 წლის 24 მარტს, დედასთან ერთად მივიდა კ. კ-ის სახლში ტანსაცმლის წამოსაღებად. დედა დარჩა გარეთ, თავად კი შევიდა სახლში, რა დროსაც კ. კ-მა დაიწყო ყვირილი - გაეთრიეო, ორჯერ და მეტჯერ დაუჭირა ხელი, რა დროსაც ტკივილი იგრძნო, მერე კი დაემუქრა თავის მოჭრითა და დაჭრით. ყვირილზე მანქანიდან გადავიდა და სახლში შევიდა დედა - მ. ა-ა, რომელმაც ასევე მოისმინა მუქარა. მოწმე მ. ა-ას ჩვენებით კი, 24 მარტს ა. ბ-ს გაყვა ბავშვის ჩასაცმლის, საწოლისა და სხვა ნივთების - მზითევის - წამოსაღებად. ა-ა შევიდა სახლში, თავად კი დარჩა მანქანაში. ცოტა ხანში სახლიდან შემოესმა ხმაური, შევიდა შიგნით, რა დროსაც დაინახა, რომ კ. კ-ი, რომელსაც აკავებდა თავისი დედა, იწევდა ა. ბ-ენ, აგინებდა, ემუქრებოდა მოკვლითა და დახრჩობით, შემდეგ კი ხელი მოჰკიდა ა-ას, მოუჭირა და გააგდო.
8. ამდენად, დაზარალებული და მოწმე ძალადობისა და მუქარის თანმიმდევრობასა და ფაქტებს აღწერენ წინააღმდეგობრივად; დაზარალებულის ჩვენებით, ჯერ იყო ძალადობა და გინება, მერე კი - მუქარა, რასაც შეესწრო სახლში შესული მოწმე. მოწმე კი ცალსახად აცხადებს, რომ შინ შესულმა მოისმინა გინება და მუქარა, ბოლოს კი შეესწრო ფიზიკურ ძალადობას, რომლის დროსაც კ. კ-მა ხელი მოჰკიდა ხელზე ა-ას და შინიდან გააგდო. დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები წინააღმდეგობრივია მუქარის შინაარსთან მიმართებითაც. დაზარალებული განმარტავს, რომ მუქარის შინაარსი იყო თავის მოჭრა და დაჭრა, მოწმე კი აცხადებს, რომ მის შვილს გამართლებული ემუქრებოდა მოკვლითა და დახრჩობით. ასევე მოწმის განმარტებით, კ. კ-ს აკავებდა დედა, დაზარალებული კი ასეთ ფაქტს საერთოდ არ ადასტურებს.
9. დაზარალებულ ა. ბ-სა და მოწმე მ. ა-ას ჩვენებების სანდოობისა და უტყუარობის შეფასებისას მნიშვნელოვანია ასევ,ე წარდგენილი ბრალდების წინა პერიოდთან დაკავშირებით, აღნიშნულ პირთა ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობებიც. დაზარალებულის განმარტებით, 2020 წელს ფიზიკურად იძალადა მასზე კ. კ-მა, 2023 წელს კი ნაჯახით ემუქრებოდა. დედასთან გადასვლის შემდეგ, ნივთების წასაღებად მისვლისას, ეჩხუბებოდა. ყოველდღე ურეკავდა, მოგკლავო. ალკოჰოლის დალევვისას მიდიოდა დედის, მ. ა-ას, სახლთან, იგინებოდა, ეჩხუბებოდა, ყვიროდა, რაც, რა თქმა უნდა, ცნობილი უნდა ყოფილიყო მ. ა-ის, რომელიც ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში. თუმცა მ. ა-ას ჩვენებით, 24 მარტამდე ჩვეულებრივ შედიოდა ხოლმე ა-ა ქმრის (მამამთილის) სახლში და გამოჰქონდა ნივთები. 24 მარტამდე ცემასა ან რაიმე მსგავზე ა-ას მისთვის არაფერი უთქვამს და არც არაფერი იცის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დაზარალებულს არც გამოძიებისას და არც სასამართლოში უსაუბრია, იყო თუ არა მისული იმავე დღეს უფრო ადრე კ. კ-ის სახლში, ვინმე მეზობელ ზ-ან ერთად. აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს კ. კ-მა, ლ. კ-ამ და არ უარყო მოწმე მ. ა-მაც, რომელმაც სავარაუდო მიზეზიც კი განმარტა, თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო მისული, ა-ი ზ-ნ ერთად.
10. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა. ბ-ისა და მოწმე მ. ა-ას ჩვენება არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებით. პირიქით, ეწინააღმდეგება თვითმხილველი მოწმე ლ. კ-ასა და კ. კ-ის თანმიმდევრულ ჩვენებებს, რაც სრულიად განსხვავებულად აღწერს 2024 წლის 24 მარტს განვითარებულ მოვლენებს და ასახელებს მოტივს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის წინაპირობად. კერძოდ, ა. ბ-ს სურდა საცხოვრებლად დაბრუნებულიყო კ. კ-ის სახლში, რაზეც მიიღო უარი და სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა მ. ა-ას გაბრაზება, ყვირილი, შემდეგ კი პოლიციისათვის მიმართვა.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, საკვანძო საკითხებთან მიმართებით, დაზარალებულ ა. ბ-ის, მისი დედის - მ. ა-ას ჩვენებებს, ასევე ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეების - კ. კ-ისა და ლ. კ-ას ჩვენებებს შორის, ერთმანეთის გამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი გარემოებების არსებობა, დამაჯერებლობას უკარგავს დაზარალებულისა და მოწმე მ. ა-ას ჩვენებებს. ბრალდების მხარეს, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრის - დედის ჩვენებებში ასახული ფაქტების დასადასტურებლად, საქმეში არათუ არ წარმოუდგენია სხვა, ნეიტრალური მტკიცებულება, არც კი უცდია მოპოვება, მათ შორის მეზობლების დაკითხვა, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია, ვინაიდან დაზარალებულისა და მოწმის განმარტებით, ყვიროდა კ. კ-ი, რაც გაიგო ქუჩაში მანქანაში მჯდომმა მოწმემ; კ. კ-ისა და მოწმე ლ. კ-ას ჩვენებით კი ყვიროდა დაზარალებულის დედა.
12. საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემაკავებელი ორდერის ოქმებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს დაზარალებულის ჩვენებისგან განსხვავებულ ინფორმაციას. ინფორმაციის წყარო არის ერთი და იგივე პირი - ა. ბ-ია, მათში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულებითი ხასიათის განსხვავებული ინფორმაცია, რაც არაა დაზარალებულის ჩვენებაში და მისგან დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია. რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ ფონზე, როდესაც დაზარალებულს გარეგანი დათვალიერებით ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, დასკვნაში არსებული დაზარალებულის განმარტება ვერ განიხილება, მისი ჩვენებისგან დამოუკიდებელ ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
13. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას მოწმეების - ვ. გ-სა და თ. ხ-ის მიერ მიცემულ ჩვენებებზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პირთა ჩვენებები ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და შესაბამისად, არის ირიბი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სარწმუნოდ დაადასტურებდა კ. კ-ის ბრალეულობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „In dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №404აპ-16, №410აპ-16), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე