დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142225702257990
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №23აგ-25 26 თებერვალი, 2026 წელი
გ-ე გ. 23აგ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:
1.1. გ. გ-ე, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
2.2. მსჯავრდებულ გ. გ-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მას მოსახდელად დარჩა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის განაჩენით:
3.1. მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი. გ. გ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი. გ. გ-ე გათავისუფლდა დამატებითი სასჯელის - ჯარიმისაგან. გ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით:
4.1. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განჩინებით შემცირებული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
5. 2025 წლის 13 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. გ-ს მიმართ განაჩენის გადასინჯვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ფ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინების გაუქმებას. კასატორის მტკიცებით, გამოკვეთილია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებსაც ეფუძნება შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
4. უსაფუძვლოა ადვოკატ ნ. ფ-ს შუამდგომლობაში მითითებული მოსაზრებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენი გ. გ-ს მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად და იგი სააპელაციო და, შესაბამისად, საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. ამდენად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.
5. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების და მსჯელობას და მიუთითებს შემდეგს: იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულ გ. გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის, მსჯავრდებულს კანონის შესაბამისად, დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 1 თვის ვადაში გააჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გასაჩივრების და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული მოცულობით გამოკვლევის უფლება, არ არსებობს განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, მთლიანად ეყრდნობა დაზარალებულის პოზიციის წარმოუდგენლობასა და შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების შეუძლებლობას. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ახალ არსებით გარემოებას, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, უფლება აქვს გაასაჩივროს იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში ანუ არც განჩინების შემთხვევაშია დასრულებული სამართალწარმოება.
6. ამდენად, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დაუდგენლობა არ წარმოადგენს ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე