საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125011498695
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №801აპ-25 ქ. თბილისი
ხ-ძე მ, 801აპ-25 26 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. კ-ისა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით:
1.1. მ. ხ-ძე, - დაბადებული .. წლის . დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2025 წლის 23 ივნისიდან.
1.2. გაუქმდა მ. ხ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს გადამხდელ პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 50000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-მ ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, 2025 წლის 25 მარტის სხდომაზე, ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით, მიწვეულ იქნა მ. ხ-ძე. ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 22 მარტს, კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით, შედგა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც იმავე დღეს გადაეცა მ. ხ-ს და განემარტა კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისას მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მ. ხ-ის ცნობილი იყო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულების მე-2 მუხლის თანახმად დადგენილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების სავალდებულობის თაობაზე და გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც გამოიწვია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 5 სექტემბრის №05/09/01 განკარგულებით მ. ხ-ძე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
5. კასატორებმა - მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ზ. კ-მ და ა. ჭ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და მ. ხ-ის გამართლება.
5.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა - მარი მეშველიანმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. კ-ისა და ა. ჭ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ხ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, ესენია: 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თ. წ-ის 2025 წლის 22 მარტის N1278/1-3/25 წერილი, დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლის - ნ. ჭ-ის მიერ შედგენილი, 2025 წლის 24 მარტით დათარიღებული, ახსნა-განმარტებისათვის მოსაწვევ პირთან სატელეფონო კავშირის ოქმი, მ. ხ-სა და ნ. ჭ-ის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ეკრანის ანაბეჭდები (ე.წ. სქრინშოტები), ნ. ჭ-ის კუთვნილი „Samsung A53-ის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია, მოწმე ნ. ჭ-ის ჩვენება, „Facebook-ის“ დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, N1373/1-3/25 მომართვის წერილზე დართული ვიდეოჩანაწერები და აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, „YouTube-დან“ მოპოვებული ვიდეოჩანაწერი და მათი დათვალიერების ოქმი, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ვებგვერდი, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის დათვალიერების ოქმი და თანდართული დოკუმენტაცია, ვიდეოპორტალ „YouTube-ში“ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური არხის მიერ 2025 წლის 13 თებერვალს განთავსებული ვიდეოჩანაწერი და აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები.
8. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 10 წევრით. დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა განისაზღვრა 5 წევრით. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.
9. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 13 თებერვალს გაიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის 7 წევრი. აღნიშნული ოქმის თანახმად, კომისია წარმოდგენილი იყო „ქ-ის“ 5 დეპუტატით და, ასევე, გამოყოფილი იყო 5 კვოტა ოპოზიციისათვის, რომელთაგან ორი ადგილი მიეკუთვნა პოლიტიკურ გაერთიანება „ხ-ას“, ერთი - „ე-ს“ და ორი - „გ-ის“ პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ამ პარტიის არჩეულმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს პარლამენტში მუშაობაზე. ამის გამო მათთვის განკუთვნილი ადგილები იყო ვაკანტური. ამავე სხდომაზე კომისიამ კენჭი უყარა კომისიის წევრების მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, რის შედეგადაც, კომისიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს თ. წ-ი („ქ-ა“), ხოლო კომისიის მდივნად, ასევე ერთხმად - ს. ს-ი („ხ-ა“). ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი პარლამენტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობის შესახებ. ადვოკატები - ზ. კ-ძე და ა. ჭ-ძე სადავო გარემოებად მიიჩნევენ მ. ხ-ის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების კანონიერებას. ამასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის №1950/1-3/25 წერილით, მასზე თანდართული, მ. ხ-სა და ნ. ჭ-ის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ეკრანის ანაბეჭდებით (ე.წ. სქრინშოტებით), აგრეთვე, ნ. ჭ-ის კუთვნილი „Samsung A53-ის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლის - ნ. ჭ-ის მიერ შედგენილი, 2025 წლის 24 მარტით დათარიღებული, ახსნა-განმარტებისათვის მოსაწვევ პირთან სატელეფონო კავშირის ოქმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლის - ნ. ჭ-ის ჩვენებით, „Facebook-ის“ დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით დადგენილია, რომ მ. ხ-ის ცნობილი იყო 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ მისი დაბარების თაობაზე და იგი არ გამოცხადდა სხდომაზე; შესაბამისად, მან არ შეასრულა კომისიის კანონიერი მოთხოვნა.
10. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წერილი და მოწმე ნ. ჭ-ის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი თავად კომისიის დებულებებსა და შესაბამისად, მ. ხ-ის კომისიაზე დაბარებისათვის ჩატარებულ პროცედურებთან, რაც არ ეწინააღმდეგება დებულებით დადგენილ წესებს.
11. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი ის გარემოება, რომ მ. ხ-ს ნამდვილად პირადად ეუწყა დროებითი საგამოძიებო კომისიის მხრიდან 2025 წლის 25 მარტს, 11 საათზე მისი მოწვევის თაობაზე, რასაც თავადვე მიუძღვნა ვრცელი განაცხადი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან. მოწვევაც მივიღე - “სიგნალში”, მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!“ 2025 წლის 25 მარტის ვიდეოჩანაწერის თანახმად, თ. წ-მა განაცხადა, რომ მ. ხ-მ, მისი ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, კომისიას აღარ დაუტოვა არანაირი კითხვის ნიშანი, აპირებდა თუ არა მისვლას, ან მოგვიანებით ხომ არ მოიცლიდა (ხვალ, ორ დღეში, ერთ კვირაში), ან ხომ არ გამოცხადდებოდა მანამ, სანამ კომისია მუშაობას დაასრულებდა. შემდეგ (01:51:50 წუთი) თ. წ-მა კომისიის წევრებს შესთავაზა, რომ კენჭისყრაზე დამდგარიყო ბატონი მ. ხ-ის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი. ამის შემდგომ თ. წ-ნი განაცხადა, რომ საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ მძიმე სასჯელებს, მათ შორის - ერთ წლამდე პატიმრობას, მხოლოდ იმისათვის, რომ პირი უარს იტყვის გამოცხადებაზე, უარს იტყვის კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენაზე და სხვა. შემდეგ უკვე თ. წ-მა დასვა შეკითხვა, ვინ არის კენჭისყრის მომხრე, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მ. ხ-ის საქმე გადაგზავნილიყო საქართველოს პროკურატურაში შემდგომი რეაგირების მიზნით. კომისიის თითოეულმა წევრმა ხელის აწევით მხარი დაუჭირა კენჭისყრის საკითხს და მხოლოდ ამის შემდგომ თ. წ-მა სამდივნოს მოსთხოვა მ. ხ-ის შეტყობინებასთან დაკავშირებული ყველა არსებული თუ შეკრებილი დოკუმენტის თავმოყრა, სასწრაფოდ კომისიისათვის წერილის მომზადება, რათა საქმე იმავე დღეს გადაგზავნილიყო საქართველოს პროკურატურაში.
12. საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, კატეგორიულად არ ეთანხმება ადვოკატების მიერ საკასაციო საჩივარში მოცემულ, თვითინკრიმინაციის საკითხის მისეულ განმარტებას და აღნიშნავს, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისაგან თავის შეკავების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე მ. ხ-ს არ ედავება დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობას იმ საკითხზე, რომლისთვისაც მას იბარებდნენ, არამედ - კომისიის კანონიერი მოთხოვნის, სხდომაზე გამოცხადების შეუსრულებლობას. დასახელებული ნორმა არ შედის სხდომაზე სასაუბრო თემის შინაარსში და მით უფრო, არ უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას კომისიაზე დაბარებულ პირს, არამედ აფასებს კომისიის გამართულად ფუნქციონირებაში ხელშეშლის საკითხს, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ გამოუცხადებლობის ფაქტი ქმნის.
13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ხ-ძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში დაიბარეს შემდეგი შინაარსის წერილით: „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია (შემდგომში კომისია). კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განსაზღვრულია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა. გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენს მიერ ახსნა-განმარტების მიცემა შპს „მაგნატის“ საქმეზე, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 25 მარტს, 11:00 საათზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. აღნიშნული წერილი შედგენილია ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, საგამოძიებო კომისიის შესაბამის ბლანკზე, მასზე დატანილია ელექტრონული შტრიხკოდი და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა. წერილის შინაარსიდან ნათელია, თუ რა საკითხთან დაკავშირებით იბარებდა მას დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა ეს ფაქტი არ ათავისუფლებდა მას კომისიაზე გამოცხადების ვალდებულებისაგან. უშუალოდ მოცემული საქმის ირგვლივ საუბრის ან თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მ. ხ-ს უნდა მიეღო კომისიაზე ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ.
14. საკასაციო სასამართლო მსჯელობას იქონიებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ ნორმათა შორის კონკურენციაზე და კვლავ მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოადგენენ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.
15. მართალია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლით (1995 წლის 7 მარტის კანონი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოგვიანებით მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (1999 წლის 22 ივლისის კანონი) - ქმედება დანაშაულად გამოცხადდა.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტებიდან რომელი უნდა იქნეს გამოყენებული. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების იერარქიის გათვალისწინებითა და ორგანული კანონის იმპერატიული დანაწესით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო გვიან გამოცემულ საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს.
17. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
18. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ნორმათა კოლიზიის შემთხვევაშიც კი, სამართლის ნორმათა სისტემური განმარტების თანახმად, „თუ კოლიზიური ნორმები სპეციალურია და ამავე დროს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, მაშინ გვიან გამოცემულ ნორმას უპირატესობა ენიჭება ადრე გამოცემული ნორმის მიმართ: Lex posterior derogate legi priori. გვიან გამოცემული სამართლის ნორმა უფრო ზუსტად ასახავს კანონმდებლის ნებას. კანონი ჩვეულებრივ, პირდაპირ უთითებს მანამდე მოქმედი ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. თუ მსგავსი მითითითება კანონის ტექსტში უშუალოდ არ გვხვდება მაშინ მოქმედებს წესი - Lex posterior derogate legi priori“ (იხ. სამართლის თეორია. გ.ხუბუა, თავი XVIII, სამართლის ნორმათა განმარტება).
19. კასატორები თავიანთ საჩივარში ასევე მიუთითებენ მ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დაუსაბუთებლობის თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 300-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
21. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის, როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე - სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. დანიშნული სასჯელის დაუსაბუთებლობაზე, საკასაციო საჩივრის ავტორების პრეტენზიის პირობებში კი, მათ აქვთ ვალდებულება, წარმოადგინონ ამ საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობა, რაც საკასაციო საჩივარში არ იკვეთება. შესაბამისად, ვერც აღნიშნული საკითხი გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
22. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატების - ზ. კ-სა და ა. ჭ-ს მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მოწმეების სახით დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონიერად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
23. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას საქმის არსებითად განხილვის თაობაზე: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე მუხლის მე-32 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, „საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“ (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილი). შესაბამისად, საკასაციო საკასაციო სასამართლოს არ აქვს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის უპირობო სამართლებრივი ვალდებულება.
24. ამდენად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც საჩივარში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ. კ-ისა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ნ. სანდოძე