საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.02.2026
საქმის ნომერი
2კ-1029აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100122006318945

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1029აპ-25 27 თებერვალი, 2026 წელი

გ–ა ფ., №1029აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ ფ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. შ–ის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ფ. გ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 24 მაისს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა N........ ბრძანება, შპს ,,დ–ს“ (ს/ნ ...........) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 30 აპრილამდე პერიოდი. შპს ,,დ–ს“ დარეგისტრირდა 2019 წლის 11 დეკემბერს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თ–ს რესპუბლიკიდან ტანსაცმლის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია ს–ს ბაზარზე. საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელია ფ. გ–ა. საწარმო დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 11 დეკემბრიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2021 წლის 17 აგვისტოს N...... საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,დ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 842098,46 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 540908 ლარი და ჯარიმა – 270555 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო „RS.GE“-ზე, 2021 წლის 24 აგვისტოს, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ გასაჩივრებულა და არც საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულა.

1.3. 2021 წლის 24 მაისს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა N......... ბრძანება, შპს ,,......“-ს (ს/ნ ..........) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 10 ივნისიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდი. შპს ,,......“ დარეგისტრირდა 2020 წლის 10 ივნისს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თ–ს რესპუბლიკიდან ტანსაცმლის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე. საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელია ფ. გ–ა. საწარმო დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2020 წლის 10 ივნისს.

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2021 წლის 09 ივნისის N..... საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,......“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 869160 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 572371 ლარი, ჯარიმა – 286286 ლარი და საურავი – 10503 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო „RS.GE“-ზე, 2021 წლის 15 აგვისტოს, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ გასაჩივრებულა და არც საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განაჩენით, ფ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,დ–ს“ ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,......“ -ს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/5-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,დ–ს“ ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,......“-ს ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ ფ. გ–ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, თინათინ სტურუამ, რომელმაც მოითხოვა უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. შ–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, თინათინ სტურუამ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

3.3. 2025 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მ. შ–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, ფ. გ–ას მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ფ. გ–ას მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მას დაუნიშნა მსუბუქი სასჯელი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევას. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულს არც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ უცდია მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული არ ყოფილა მსჯავრდებულის დამამძიმებელი გარემოებები.

4.2. კასატორის – დაცვის მხარის პოზიციით, ფ. გ–ას მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, იგი არასდროს ყოფილა ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შესაბამისად, სასამართლოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალა პირობით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფ. გ–ას მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება (ორი ეპიზოდი), აღნიშნული მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. საკასაციო საჩივრების თანახმად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ფ. გ–ისათვის დანიშნული სასჯელის თანაზომიერება.

5.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც, არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ფ. გ–ას მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ფ. გ–ას, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თითოეული ეპიზოდისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას, რომ მსჯავრდებულს ზიანის ანაზღაურება არ უცდია, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია სასჯელის სამართლიანობის ერთ-ერთ კომპონენტს მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინება შეადგენს და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის რესტიტუცია მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დანაშაულით გამოწვეულ შედეგს, ასევე ამაღლებს მსუბუქი სასჯელის გამოყენებით სასჯელის მიზნების მიღწევის ეფექტიანობის მოლოდინს, თუმცა ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და, შესაბამისად, სასჯელზე გავლენას ახდენს მხოლოდ შემსუბუქების თვალსაზრისით. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.8. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.9. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, აღიარებს მსჯავრადშერაცხილ ქმედებას და ინანიებს, თუმცა მას მსჯავრი დაედო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის დანაწესის თანახმად, სამართლებრივად შეუძლებელია.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ ფ. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. შ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მამუკა ვასაძე

ლევან თევზაძე