საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 170100124010423605
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №970აპ-25 16 თებერვალი, 2026 წელი
გ. ჰ., №970აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ ჰ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ლ. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჰ. გ–ი (პირადი ნომერი: ……….) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2019 წელს, ქ. თ–ში, ......... არსებულ ნაქირავებ ბინაში, ჰ. გ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ კაცი არის ოჯახის უფროსი და როგორც ის იტყვის, ისე უნდა მოიქცეს ქალი, დანის მუცელზე მიდებით და სიტყვებით – „დანით გამოვჭრი ეხლა ბავშვს“, იცოდა რა მისი ორსულობის შესახებ, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის მეუღლეს - ფ. გ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2024 წლის მაისში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში არსებულ ნაქირავებ ბინაში, ჰ. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ კაცი არის ოჯახის უფროსი და როგორც მას უნდა, ისე უნდა მოიქცეს ქალი, ხელების მარცხენა თვალისა და თავის არეში დარტყმების გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ფ. გ–ის მიმართ, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2024 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ–ში, ...... არსებულ ნაქირავებ ბინაში, ჰ. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ კაცი არის ოჯახის უფროსი და როგორც მას უნდა, ისე უნდა მოიქცეს ქალი, ხელის მარჯვენა მკლავის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ფ. გ–ის მიმართ, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2024 წლის 27 აგვისტოს, ჰ. გ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს ქმარს დაშორდეს, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, სიტყვებით - „დაუყოვნებლივ დაბრუნდი სახლში, თორემ შენც მოგკლავ და შენს მშობლებსაც“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, მ–ს მუნიციპალიტეტში მყოფ, თავის მეუღლეს - ფ. გ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2024 წლის 27 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით დროის შუალედში, ჰ. გ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს ქმარს დაშორდეს, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, სიტყვებით - „ან სახლში დაბრუნდი ან შვილი დამიბრუნე, თორემ შენც მოგკლავ და შენს მშობლებსაც“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ–ში მყოფ, თავის მეუღლეს - ფ. გ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჰ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ჰ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
2.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განაჩენით, ჰ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.
ჰ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2024 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27-29 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 27-29 აგვისტოს ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, მთლიანი შეკრების წესით, ჰ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, ხოლო დამატებით სასჯელად – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლის ვადით.
ჰ. გ–ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 30 აგვისტოდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა მოხდილად.
2.4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ჰ. გ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებებით და მისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრა.
2.5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ჰ. გ–ის წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
3.3. 2025 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.4. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, ბრალდების მხარის, პოზიციით, სააპელაციო სასამართლო განაჩენში მსჯელობს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, ჰ. გ–ის ბრალეულობას გამამართლებელ ეპიზოდებში, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება. ბრალდების ყველა ეპიზოდს ადასტურებს თავად დაზარალებული და ოჯახის წევრები. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია საგამოძიებო ექსპერიმენტის და ვიზუალური დათვალიერების ოქმებთან. შესაბამისად, ჰ. გ–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ყველა წარდგენილი ბრალდებით და სასჯელი უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით.
4.2. კასატორის, დაცვის მხარის, პოზიციით, სისხლის სამართლის საქმეში არ წარმოდგენილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობილობა, რაც აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერსაწინააღმდეგოა ერთმანეთთან და გამოძიების ეტაპზე მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან. აღნიშნული მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. კასატორის აზრით, დაზარალებული დაინტერესებულია და ამოძრავებს მატერიალური სარგებლის მიღების მიზანი. დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კომუნიკაციის ენასთან მიმართებით. ამასთან, დაცვის მხარის მითითებით სააპელაციო სასამართლოს განაჩენი განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან, კერძოდ, დაცვის მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო საჩივრების თანახმად: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, როდესაც ჰ. გ–ი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით, ხოლო დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ ეყრდნობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების ფარგლებში იმსჯელებს და შეაფასებს რამდენად არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
5.3. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა, ასევე დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ჰ. გ–ის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ფაქტებთან და სამართლებრივად სწორად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებები.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ზემოხსენებულ ეპიზოდებში დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებების ჩადენას სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ – თითოეული ქმედების შესაბამისად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად – რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლებდა გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. საკასაციო პალატა, ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდების ეპიზოდში უკანონოა და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დაზარალებულ ფ. გ–ის ჩვენება, სრულად თანხვდება მოწმეების – ზ. მ–ასა და გ. მ–ს ჩვენებებსა და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ში“ განხორციელებულ №........ შეტყობინებასა და „სელფი მობაილიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმს. საგულისხმოა, ასევე მოწმე – ლ. ხ–ს ჩვენება, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებული იყო შეშინებული და ტიროდა. ასევე, კონფლიქტის დაწყების მიზეზთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის დის – ზ. მ–ას ჩვენება, რომელმაც, ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულმა მას თავად სთხოვა მშობლების სახლში წაყვანა.
5.10. დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები წინააღმდეგობრივია – საკასაციო პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების საგანთან მიმართებით, აგრეთვე, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს N117აპ-18 განაჩენი). შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს (მაგ. ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების შემთხვევაში). მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე კი გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე – საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს N763აპ-19 განაჩენი).
5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა მოწმის ჩვენება იდენტური ვერ იქნება და გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, შესაძლოა, არსებობდეს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა ისინი არ უნდა იყოს არსებითი, რაც, გონივრულ კითხვებს გააჩენს მტკიცების საგანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, კი მსგავსი სახის წინააღმდეგობები, რაც, მსჯავრდების ეპიზოდებში, მტკიცების საგანთან მიმართებით გააჩენდა კითხვებს – სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
5.12. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან. ამასთან, კასატორის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ ჰ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ლ. მ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე