საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124009745668
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1014აპ-25 16 თებერვალი, 2026 წელი
კ–ე მ., №1014აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. კ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ოთხი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 18 მაისს, თ–ში, ..... გამზირი N.., ბინა N..-ში მომვლელად მუშაობის დროს, მ. კ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჟ. გ–ის კუთვნილ 1200 ლარად ღირებულ ოქროს ცეპს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ჟ. გ–ს მიადგა 1200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.3. 2024 წლის 20 მაისს, დილის საათებში, თ–ში, ..... გამზირი N.., ბინა N..-ში მომვლელად მუშაობის დროს, მ. კ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჟ. გ–ის კუთვნილ 1200 ევროდ (3589,2 ლარად) ღირებულ ერთ ცალ ოქროს ბეჭედს ბრილიანტის თვლებით. აღნიშნული ქმედების შედეგად, ჟ. გ–ს მიადგა 3589,2 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.4. 2024 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, თ–ში, ..... გამზირი N.., ბინა N.. მომვლელად მუშაობის დროს, მ. კ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჟ. გ–ის კუთვნილ 1120 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ჟ. გ–ს მიადგა 1120 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.5. 2024 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვებში, თ–ში, ..... გამზირი N.., ბინა N.. მომვლელად მუშაობის დროს, მ. კ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჟ. გ–ის კუთვნილ 2000 ევროდ (5982 ლარად) ღირებულ ერთ ცალ ოქროს ბეჭედს ბრილიანტის თვლებით. აღნიშნული ქმედების შედეგად, ჟ. გ–ს მიადგა 5982 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენით, მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 18 მაისის ეპიზოდი) – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე.
2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 9 თვე და 18 დღე;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 მაისის ეპიზოდი) – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე.
2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 9 თვე და 18 დღე;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 მაისის მე-2 ეპიზოდი) – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე.
2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 9 თვე და 18 დღე;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვების ეპიზოდი) – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე.
2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 9 თვე და 18 დღე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 20 მაისის მე-2 ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 9 თვე და 18 დღე.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 7 ოქტომბერს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. კ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და საშიშროების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მსუბუქია. კასატორის აზრით, მ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, შესაბამისად, კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლოს დანიშნული სასჯელი უნდა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა მ. კ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. კ–ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და განმარტავს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე