საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.02.2026
საქმის ნომერი
2კ-950აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124008900462

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №950აპ-25 6 თებერვალი, 2026 წელი

ლ–ი გ., №950აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ლ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ლ–ი (პირადი ნომერი: …………) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 23 იანვარს, შუადღისას, ქ.თ–ში, ....... ქუჩა N.., ბინა N..-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. ლ–მა დედას - ნ. ქ–ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები.

1.3. 2024 წლის 7 თებერვალს, დილის საათებში, ქ.თ–ში, ....... ქუჩა N.., ბინა N..-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. ლ–მა დედას - ნ. ქ–ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით, გ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გ. ლ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 5 ივნისიდან.

მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 7 თებერვლიდან 2024 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.

2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გ. ლ–ის მიმართ 6 თვით გამოიცა დამცავი ორდერი და დაუწესდა შესაბამისი აკრძალვები.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ლ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ხ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ლ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ლ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.

გ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ლ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2025 წლის 5 ივნისიდან.

მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 7 თებერვლიდან 2024 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.

2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გამოიცა დამცავი ორდერი და გ. ლ–ს 6 თვით აეკრძალა: ა) იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ნ. ქ–ი ცხოვრობს; ბ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; და გ) მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (გარდა მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციისა).

დამცავი ორდერის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყო პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლებისთანავე.

3.2. 2025 წლის 9 ოქტომბერს, მსჯავრდებულმა გ. ლ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა და დამცავი ორდერის გაუქმება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, მის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია. დაზარალებული მისი ოჯახის ასაკოვანი წევრია, რომლის ერთადერთი მომვლელი არის თავად, შესაბამისად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები უკანონოა. დამცავი ორდერის პირობებში მას ეზღუდება საკუთრების უფლებით სარგებლობა და მშობელთან კომუნიკაცია, რომელიც ავადაა და მის დახმარებას საჭიროებს. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, დაზარალებულის პოზიცია და ის, რომ მსჯავრდებული საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება არაა. ამდენად, კასატორი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას და დამცავი ორდერის გაუქმებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია სრულად და დააკმაყოფილა ნაწილობრივ, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში, ხოლო ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გ. ლ–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. ლ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

5.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში გ. ლ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.7. რაც შეეხება, გ. ლ–ის მოთხოვნას მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის გაუქმების შესახებ – საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის წინასწარი თანხმობით, როგორც რისკის დამზღვევი მექანიზმი, რა დროსაც მისთვის განჭვრეტადია შესაძლო შეზღუდვები.

5.8. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა თავად განაცხადა თანხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ამნისტიის გავრცელების და დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, შესაბამისად, მისთვის განჭვრეტადი იყო მოსალოდნელი შეზღუდვები, მათ შორის დაზარალებულთან კომუნიკაციის და იმ საცხოვრებელთან მიახლოების აკრძალვა, რომელშიც დაზარალებული იმყოფება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დააკმაყოფილოს დაცვის მხარის მოთხოვნა და დასაშვებად ცნოს საკასაციო საჩივარი.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ლ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე