საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122005987853
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №911აპ-25 9 თებერვალი, 2026 წელი
ტ–ე შ., №911აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ტ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 20 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ.თ–ში, .......... მდებარე „.... ტაქსის“ ოფისში, შ. ტ–ემ ვ. ჯ–ესთან ერთად, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯ. ჯ–ეს, კერძოდ: ვ. ჯ–ემ შებოჭა დაზარალებული, რის შემდეგაც შ. ტ–ემ მუშტები დაარტყა რამდენჯერმე თავში, ასევე, ორივემ ფეხები დაარტყეს სხეულის სხვადასხვა არეში და ჭიქა და ბოთლი ჩაარტყეს თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო 3 ჭრილობა – შუბლის, ტუჩისა და წინამხრის არეში, ასევე დაზიანებები მიიღო სხეულის სხვადასხვა არეში ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული ქმედებით ჯ. ჯ–ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენით, შ. ტ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
შ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შ. ტ–ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა და მოითხოვა შ. ტ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 22 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც მოითხოვა შ. ტ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით და კანონიერი სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ წარდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი და შეესაბამებოდა მსჯავრდებულის მიმართ ბრალადშერაცხილ ქმედებას. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება შ. ტ–ის მიერ ქმედების ჯგუფურად ჩადენა. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაზეც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია. ასევე დაზარალებულის დაკითხვისას უტყუარად დადასტურდა, რომ ჯ. ჯ–ეს მსჯავრდებულის მიმართ სხვა ინტერესი არ გააჩნდა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინა მისი ჩვენების შინაარსი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.
5.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.4. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა შ. ტ–ის მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა შ. ტ–ის მიერ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ჯგუფურად ჩადენის ფაქტი.
5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2022 წლის 20 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ.თ–ში, ............ მდებარე „....... ტაქსის“ ოფისში, შ. ტ–ე და ჯ. ჯ–ე შეკამათდნენ, რის შემდეგაც შ. ტ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯ. ჯ–ეს. აღნიშნული ქმედებით ჯ. ჯ–ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ დაზარალებულ ჯ. ჯ–ის განმარტებით დასტურდება, რომ მისთვის დაზიანება მხოლოდ შ. ტ–ეს არ მიუყენებია და იგი შებოჭა სხვა პირმა რის შემდეგაც, შ. ტ–ემ ფიზიკურად იძალადა მასზედ, თუმცა მეორე მხრივ თავად ბრალდების და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, მსჯავრდებულის და დაზარალებულის კონფლიქტში სხვა პირების უშუალო მონაწილეობა, გარდა მათი გაშველების მცდელობისა და არსებული დაპირისპირების აღმოფხვრის სურვილისა.
5.7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოწმეების ჩვენებებთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ერთადერთი პირი, რომელიც განმარტავს, რომ ვ. ჯ–ემ შებოჭა ჯ. ჯ–ე, რითაც გაუადვილა შ. ტ–ეს ძალადობის განხორციელება არის თავად დაზარალებული, ყველა სხვა მოწმე, მათ შორის თვითმხილველები: ნ. ჯ–ე და დ. ჩ–ე მიუთითებენ, რომ ბრალდების დადგენილებაში ჯგუფის წევრად მითითებული პირი იყო გამშველებელი, რომელიც ცდილობდა კონფლიქტის განეიტრალებას და დაზარალებულის დამშვიდებას.
5.8. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების ჯგუფურად ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მისგან მომდინარე მტკიცებულებები, რაც არ არის საკმარისი აღნიშნული ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს. სხვა მტკიცებულება, კი რაც დაადასტურებდა შ. ტ–ის მიერ ჯ. ჯ–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ფაქტს, ჩადენილს ჯგუფურად წარმოდგენილი არ არის.
5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და ბრალადწარდგენილ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, შ. ტ–ეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე