საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100124010706112
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1039აპ-25 27 თებერვალი, 2026 წელი
ჩ–ი მ., №1039აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის, ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ჩ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით, 13:30 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში, გ. ჭ–ის ჯართის მიმღები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. გ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით განზრახ მოკლა გ. ჭ–ი. შემთხვევის ადგილზე მყოფმა დაუდგენელმა პირმა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, მოკლა მ. გ–ი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მ. ჩ–ი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ვალდებულება, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის შეეტყობინებინა მომხდარი ფაქტის შესახებ, მან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თაობაზე არ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენით მ. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა – ვლადიმერ ბექიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 7 ნოემბერს კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ბექიშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, მ. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს, სრულად ადასტურებენ მ. ჩ–ის ბრალეულობას. მათ შორისაა, მ. ჩ–ის გამოკითხვის ოქმი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მიმართულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. მართალია მ. ჩ–მა გამოძიებას მიაწოდა მისეული ვერსია, თუმცა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციითაც დგინდება, რომ იცოდა გ. ჭ–სა და მ. გ–ს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ და როდესაც სანადირო თოფიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლის ხმები გაისმა, მიხვდა, რომ მ. გ–ი და გ. ჭ–ი ესროდნენ ერთმანეთს. კასატორის პოზიციით, აღნიშნული ცალსახად მიუთითებს გარემოებაზე, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა მომხდარი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტი, კერძოდ, მან იცოდა, რომ მ. გ–ი და გ. ჭ–ი ესროდნენ ერთმანეთს, რასაც, მოჰყვა მკვლელობა. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა გ. ი–ის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან გ. ი–ის მიერ მ. ჩ–ის ვერ დანახვა არ გამორიცხავს გამართლებულის იქ ყოფნის ფაქტს. ამასთან, მ. ჩ–მა გამოძიებას, მობილური ტელეფონის დაკარგვასთან დაკავშირებით, არასანდო პასუხები გასცა, რამდენადაც მისი მობილური გამომძიებლებმა გ. ჭ–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბარალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც სასამართლოში უნდა წარმოადგინოს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
5.4. ბრალდების მხარე, კონკრეტულ შემთხვევაში მ. ჩ–ის მიმართ ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს, თავად მ. ჩ–ის გამოკითხვის ოქმზე, თუმცა აღნიშნული გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2024 წლის 24 ნოემბერს მ. ჩ–ი სცემა გ. ჭ–მა, რის შემდეგაც მ. ჩ–ი გაიქცა შორს შემთხვევის ადგილიდან, საიდანაც არ ჩანდა მკვლელობის ადგილი. ამასთან, მან გასროლის ხმა სირბილის დროს გაიგო, არ იცოდა, თუ ვინ ისროლა და რა შედეგით დასრულდა ინციდენტი. საგულისხმოა, რომ არცერთი მოწმე არ უთითებს მ. ჩ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას მაშინ, როდესაც სროლის შედეგად გარდაიცვალნენ მ. გ–ი და გ. ჭ–ი. გამოკითხვის ოქმში მკვლელობის დროს მ. ჩ–ის ადგილზე ყოფნას ასევე არ უთითებს მოწმე გ. ი–ი, რომელიც სროლისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
5.5. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და სროლას, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ გ. ჭ–ი და მ. გ–ი, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა, იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის ადგილზე მ. ჩ–ი. საგულისხმოა, რომ მოწმეები – გ. ხ–ი, მ. ზ–ი, ზ. ზ–ი, ასევე ბ. ხ–ი არ შესწრებიან მოვლენათა განვითარებას, ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მას შემდეგ, რაც გ. ჭ–ი უკვე დაჭრილი იყო, მ. ჩ–ი, კი ამ დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ასევე მათთვის უცნობია, დაჭრამდე იმყოფებოდა თუ არა გამართლებული შემთხვევის ადგილზე. ამდენად, კვალიფიკაციისათვის საკვანძო საკითხთან მიმართებით, ბრლდების მხარეს არათუ ნეიტრალური, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელთა არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ბრალდების მხარის ვარაუდებს დააყრდნოს მსჯავრდება.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევაში, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („In dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.7. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.12. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა, მნიშვნელობა და სწორად განმარტა, რომ საქმეზე არ მოიპოვებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მ. ჩ–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ მ. ჩ–ის მიმართ უტყუარად ვერ ჰპოვა დადასტურება, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტს.
5.13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, გამართლებულის მიმართ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, ხოლო სხვა მოწმეები იძლევიან მხოლოდ ირიბი ხასიათის, ზოგად ჩვენებებს, რომლებიც არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შესაბამისად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, ზემოხსენებული მტკიცებულებები, თუნდაც უდავოდ ცნობილი ვერ გახდება მ. ჩ–ის მსჯავრდების საფუძველი საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
5.14. ამასთან, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის, ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
ლევან თევზაძე