საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №787აპ-25 13 თებერვალი, 2026 წელი
ბ–ე ს., №787აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ბ–ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება – „მორფინის“ (ფუძე), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „თებაინის“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონის“ უკანონო შეძენა-შენახვა), საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ს. ბ–მ, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონი“, წონით – 28,9187 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „თებაინი“, წონით – 0,0144 გრამი და ნარკოტიკული საშუალება – „მორფინი“ (ფუძე), წონით – 0,0405 გრამი. 2022 წლის 9 ნოემბერს, 28,1214 გრამ მეთადონს, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „თებაინს“ და ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“ (ფუძე), ინახავდა თ–ში, მ–ს დასახლების .... მიკრორაიონში, №.. კორპუსში მდებარე №.. ბინაში, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, წონით – 0,7973 გრამს, ინახავდა თ–ში, ... მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში მდებარე, №.. კორპუსში, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ს. ბ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ს. ბ–ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებების შედეგად.
ს. ბ–ემ უკანონოდ შეიძინა ფსიქოტროპული ნივთიერებები – 3,3 გრამი „პრეგაბალინი“ და 0,853 გრამი „კეტამინი“, რომელთაც, 2022 წლის 9 ნოემბერს, უკანონოდ ინახავდა თ–ში, ....ის დასახლების .... მიკრორაიონში, №.. კორპუსში მდებარე №.. ბინაში. აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები საქართველოს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ს. ბ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
ს. ბ–ემ, შემდგომი გასაღების მიზნით, დააფასოვა, გაანაწილა და თ..ში, .... მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში მდებარე, №.. კორპუსში, სხვადასხვა სართულზე, ხუთ ლოკაციაზე განათავსა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 0,7973 გრამი „მეთადონი“ (ფუძე). მიუხედავად იმისა, რომ ს. ბ–ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში, დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა და 2022 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მითითებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს თ–ში, .... მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში მდებარე, №.. კორპუსში, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე, ს. ბ–ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღების შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენით:
ს. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ს. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ბ–ეს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ე. მ–მ. სააპელაციო საჩივრითა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი პოზიციის თანახმად, დაცვის მხარემ მოითხოვა ს. ბ–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში – თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ს. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;
ს. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით;
საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ს. ბ–ე გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ბ–ეს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ე. მ–ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო მსჯავრდების სხვა ნაწილში – დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით შეფარდება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან ეფუძნება სტერეოტიპულ მსჯელობასა და ეჭვებს, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადებას. ადვოკატის მტკიცებით, ს. ბ–ეს, როგორც ნარკოტიკის მომხმარებელს, ნარკოტიკული საშუალებები შეძენელი და შენახული ჰქონდა პირადი მოხმარების და არა – გასაღების მიზნით და მას გასაღების მომზადების განზრახვა არ ჰქონია. კასატორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები არის ირიბი და იმავდროულად – ურთიერთსაწინააღმდეგო, რის გამოც, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ს. ბ–ის მითითებით ნარკოტიკული საშუალების ამოღების ნაწილში), ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მსჯავრდებულის შემხებლობას ნარკოტიკთან და არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს გასაღების მომზადების ნაწილში. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია (ფოტოსურათები), აღნიშნული წარმოადგენდა განაჩენის შეცვლის უპირობო საფუძველს. ამასთან, კასატორის მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უსამართლოა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – უკანონო, რადგან სცდება შესაბამისი სანქციის ფარგლებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ს. ბ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა, შესაბამისად – მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით. საკასაციო საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ს. ბ–ის მსჯავრდების სისწორე საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, მისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა/კანონიერება.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს. ბ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ს. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:
5.4. ს. ბ–ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ თავად ს. ბ–ის მითითებით, თ–ში, .... მე-3 მიკრორაიონის მე-.. კვარტალში მდებარე, №.. კორპუსის სადარბაზოში, ხუთ სხვადასხვა სართულსა და შესაბამისად, ხუთ სხვადსხვა ლოკაციაზე, ნანახი და ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ, თითქოს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მსჯავრდებულის მითითებით ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის ნაწილში არ შეიძლება შეფასდეს ჩვენების ადგილზე შემოწმებად, შესაბამისად, ხსენებული ოქმის აღნიშნული ნაწილის გაზიარება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების/განმარტების თვალსაზრისით არსებულ სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ როდესაც ბრალდებული უარყოფს გამოძიების სტადიაზე მიცემულ აღიარებით ჩვენებებს, ანდა იყენებს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებულ უფლებას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია იმ ინფორმაციის გამოყენება რომელიც პირმა (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა) მიაწოდა გამომძიებლებს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაუშვებელია მთლიანად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და მასში ასახული სხვა მონაცემების და ფაქტების გამოყენება. შესაბამისად, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ვითარებას აღადგენს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო შერაცხული ქმედების ჩასადენად და ახდენს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენას, ეს ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც, მის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის (იხ., მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15, 2016 წლის 30 დეკემბრის N424აპ-16, 2020 წლის 20 მარტის N738აპ-19 განაჩენები).
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, თ–ში, .... მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში მდებარე, №.. კორპუსის სადარბაზოს პირველ, მესამე, მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე სართულებზე ჩატარებული ამოღების ოქმებით დგინდება, რომ ს. ბ–ის მითითებით, თითოეული ლოკაციიდან ამოღებულ იქნა თითო-თითო, თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცში მოთავსებული, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული ნივთიერება.
5.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლისს 10 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის №........... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ხუთ ლოკაციაზე ამოღებული და პოლიეთილენის პაკეტებში დალუქული, ყვითელი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში ხუთ ცალად დაფასოებული, ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე, თეთრი, კრისტალისებური ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით – 1,2681 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“(ფუძე), საერთო რაოდენობით – 0,7973 გრამს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 სექტმებრის N.......... ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებათა შესაფუთ მასალაზე, აღმოჩენილია ს. ბ–ის გენეტიკური კვალი.
5.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდეულის მხრიდან გასაღების განზრახვის არარსებობასთან დაკავშირებით, სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (0,7973 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონი“ (ფუძე)), შეფუთვის მდგომარეობა (ხუთ პაკეტად დაფასოებული), თითოეულის განთავსების ადგილმდებარეობა (თ–ში, ..... მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში მდებარე, №.. კორპუსის სადარბაზოს პირველ, მესამე, მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე სართულებზე), ს. ბ–ის საცხოვრებელი ბინიდან, მათ შორის, იმავე სახეობის ნარკოტიკული საშუალების (28,1214 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“) ამოღება, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ს. ბ–ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის მოტივს და მიუთითებს მსჯავრდებულის განზრახვაზე, რომ მოეხდინა მათი შემდგომი რეალიზაცია, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აქტიური, ქმედითი ნაბიჯების გამო, ბოლომდე ვერ აღსრულდა და აღკვეთილ იქნა დანაშაულის მომზადების სტადიაზე.
5.8. რაც შეეხება ს. ბ–ისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თითოეული მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისთვის და შემდგომ, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ბ–ეს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლების სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის უკანონობის შესახებ (იმ საფუძვლით, რომ, თითქოს, სცდება შესაბამისი სანქციის ფარგლებს), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს. ბ–ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაენიშნა ერთიანი სასჯელი ხსენებული მუხლის მე-6 ნაწილის (და არა – პირველი და მე-3 ნაწილების) სანქციის ფარგლებში. შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი მითითებული მუხლის შესაბამისი ნაწილის სანქციის ფარგლებშია და ადვოკატის პოზიცია სასჯელის უკანონობის შესახებ – უსაფუძვლოა.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. მ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ლევან თევზაძე