საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №788აპ-25 11 თებერვალი, 2026 წელი
ი–ი ჰ., №788აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჰ. ი–ს ბრალად ედებოდა:
1.1.1. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ქორწინების იძულება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.1.2. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნება, ესე იგი, პირადად პირის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა, რამაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. ჰ. ი–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2023 წლის სექტემბრიდან 2023 წლის 9 ნოემბრამდე, ჰ. ი–ი ლ. კ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აიძულებდა ქორწინებას, კერძოდ, საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მის, როგორც კაცის, ნებას და გამხდარიყო მისი ცოლი, მისი შვილების დედა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიტაცებდა და ამ ფორმით მაინც მიაღწევდა მიზანს.
1.2.2. ჰ. ი–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ლ. კ–ის, როგორც ქალის, ნების უგულვებელყოფით, 2023 წლის სექტემბრიდან სისტემატიურად ამყარებდა ლ. კ–თან არასასურველ კომუნიკაციას, კერძოდ, მობილური ტელეფონით, ასევე, საკომუნიკაციო ქსელის “....”-ისა და “....”-ის მეშვეობით, უგზავნიდა სასიყვარულო შინაარსის მოკლე ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებებს. 2023 წლის 9 ნოემბერს კი, გაუგზავნა არასასურველი საჩუქარი. ჰ. ი–ის ზემოხსენებული სისტემატური ქმედებების შედეგად, ლ. კ–მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. მასვე შეექმნა რეალური საჭიროება, შეიცვალოს ცხოვრების წესი, კერძოდ, არ გავიდეს სახლიდან თანმხლები პირის გარეშე და მუდმივად თან იქონიოს თავდაცვის საშუალება ელექტროშოკური მოწყობილობის სახით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის განაჩენით, ჰ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – კონსტანტინე ბახუტაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შეცვლა გამამტყუნებელი განაჩენით და დანაშაულის ორივე ეპიზოდისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. პროკურორის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, ჰ. ი–ის ადვოკატმა – გ. ჩ–მა – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი – კონსტანტინე ბახუტაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ჰ. ი–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის დაზარალებულის ჩვენება და მისი ჰ. ი–თან მიმოწერა, ცალსახად ადასტურებს, რომ დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და იქცა ადევნებისა და ქორწინების იძულების მსხვერპლად.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰ. ი–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ჰ. ი–ს ედავება ლ. კ–ის მიმართ ქორწინების იძულებასა და ადევნებას, გამოხატულს სისტემატურ არასასურველ კომუნიკაციაში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და შეიცვალა ცხოვრების წესი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანია, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დაადგინოს – ჰ. ი–მა აიძულა თუ არა ლ. კ–ს ქორწინება და გახდა თუ არა იგი ადევნების ობიექტი ჰ. ი–ის მხრიდან.
4.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქორწინების იძულება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელიც გულისხმობს პირის ქორწინებაზე იძულებას მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკური ძალადობის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით. აღნიშნული ქმედება არის თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შეიძლება განხორციელდეს, როგორც ძალადობითა და მუქარით, ასევე – საზოგადოებრივი თუ ოჯახური ზეწოლის შედეგად. ქორწინების იძულება განზრახი დანაშაულია, რადგან დამნაშავე მიზანმიმართულად ცდილობს პირის ნების დათრგუნვას. იგი დასრულებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც პირის თავისუფალი ნება ქორწინების იძულების შედეგად დაითრგუნება.
4.5. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – ადევნებას – მოიაზრებს, მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას სხვადასხვა საშუალებით, ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია. ფსიქიკური ტანჯვა ადამიანის შინაგანი განცდაა, რომელიც სტრესულ მდგომარეობას უკავშირდება. ფსიქიკური ტანჯვა არ შეიძლება იყოს ერთჯერად, დროის მცირე მონაკვეთში განცდილი დისკომფორტი, იგი არის დროის ხანგრძლივ პერიოდში მიმდინარე პროცესი, რაც შეიძლება გამოიხატოს გამუდმებული ფიქრით, შიშით, მღელვარებით, უძილობით და ა.შ.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის N725აპ.-19 განაჩენი).
4.6. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სასამართლო უპირველესად დაზარალებულ ლ. კ–ის ჩვენებას შეაფასებს. მისი განმარტებით, თავისი სიძის ინიციატივით გაიცნო ჰ. ი–ი, რომელიც მასზე სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც გამოიხატებოდა მუდმივ ზარებსა და შეტყობინებებში, ასევე – ცოლად შერთვის მიზნით მოტაცების მუქარაში. მიუხედავად იმისა, რომ თავად უარყოფითად იყო განწყობილი და არ სურდა ჰ. ი–თან კომუნიკაცია, ეს უკანასკნელი მაინც აგრძელებდა ზეწოლას სხვადასხვა ნომრიდან, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი – თავდაცვის მიზნით შეიძინა ელექტროშოკერი და ოჯახის წევრების თანხლებით დადიოდა სამსახურში.
4.7. სასამართლოში დაკითხული დაზარალებულის ოჯახის წევრთა განმარტებებით, ლ. კ–ი უარყოფითად იყო განწყობილი ჰ. ი–ის მიმართ. კერძოდ, დაზარალებულის ძმამ, ო. კ–მა, განმარტა, რომ მისმა დამ თავდაცვის მიზნით შეიძინა ელექტროშოკერი, ვინაიდან შიშობდა, ჰ. ი–ს არ მოეტაცებინა. მისივე განმარტებით, ჰ. ი–მა ლ. კ–ს საჩუქარი გაუგზავნა, რომლის მიღებაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ლ. კ–ის მშობლებმა სასამართლოს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ქალიშვილს არ სურდა ჰ. ი–თან ურთიერთობა და ასევე ისაუბრეს მისი ზოგადი გაღიზიანების შესახებ. ამასთან, ჩვენების მიცემისას არცერთ მშობელს განუცხადებია, რომ ჰ. ი–ი ლ. კ–ს აიძულებდა მასთან სასიყვარულო ურთიერთობის ქონას ქორწინების მიზნით.
4.8. საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, რის შედეგადაც, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ექსპერტს არ შეუფასებია, თუმცა „გამოიწვია თუ არა პირის ქმედებებმა ტანჯვა, ეს საკითხი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №617აპ-18 განაჩენი). ამდენად, მოცემული სისხლის სამართლის საქმის სიღრმისეული შესწავლის შედეგად, სასამართლოს შესაფასებელია ჰ. ი–ის ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა თუ არა ფსიქიკური ტანჯვა, რაც აუცილებელი წინაპირობაა ადევნების დანაშაულის შემადგენლობისთვის.
4.9. როგორც ადევნების, ისე ქორწინების იძულების დანაშაულთან მიმართებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადავო პერიოდში ჰ. ი–სა და ლ. კ–ს შორის არსებულ მიმოწერას, ვინაიდან აღნიშნული მიმოწერა ობიექტურად და უშუალოდ ასახავს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ხასიათს.
4.10. მიმოწერით დგინდება, რომ კომუნიკაციის ინიციატორი იყო ჰ. ი–ი, რომელმაც პირველად, 2023 წლის 19 სექტემბერს მისწერა დაზარალებულს “.....”-ის საშუალებით, რა დროსაც გამოხატა სიმპათია და სთხოვა გაცნობა. შემდგომში, მიუხედავად იმისა, რომ ლ. კ–ი არაერთხელ უფიქსირებდა კომუნიკაციის სურვილის არქონას, ჰ. ი–ი აგრძელებდა მისთვის მიწერას სხვადასხვა არხით (“.....”, “.....”, ტელეფონის ნომერი). მიმოწერის შინაარსის თანახმად, დაზარალებულს ჰ. ი–ის მიმართ არ გააჩნდა გრძნობა და ურჩევდა მას, მოეძებნა სხვა ადამიანი, თუმცა ჰ. ი–ი კვლავ ცდილობდა ურთიერთობის გაგრძელებას, გამოხატავდა სურვილს ქორწინების შესახებ და ზოგჯერ მიმართავდა მუქარის ფორმულირებებს („პატარა რო ვყოფილიყავი, მოგიტაცებდი. მგონი მაგ ნაბიჯს გადავდგავ“; „შენ სხვა გამოსავალს არ მიტოვებ, გარდა იმისა, რომ მოგიტაცო“). მიმოწერის შინაარსიდან ასევე ირკვევა, რომ ლ. კ–ი, უარყოფის პარალელურად, მაინც შედიოდა კომუნიკაციაში ჰ. ი–თან, უხსნიდა მას საკუთარ შეხედულებებს, ხასიათებს, ზოგჯერ მიმართავდა კნინობითი ფორმით, აძლევდა რჩევებს და ცალკეული საკითხის მიმართ გამოხატავდა მისდამი მადლიერებასაც.
4.11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო მიმოწერა თავისი შინაარსითა და დინამიკით ასახავს ურთიერთობის არასასურველ ხასიათს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მხარეთა შორის კომუნიკაცია სრულად თავისუფალ ნებაზე არ იყო დაფუძნებული, თუმცა, სამართლებრივი შეფასებისას გადამწყვეტია, იკვეთება თუ არა პირის თავისუფალი ნების დათრგუნვა, რაც ქორწინების იძულების დანაშაულის არსებითი ნიშანია. მოცემულ შემთხვევაში, მიმოწერის შინაარსი უტყუარად არ ადასტურებს, რომ ჰ. ი–თან კომუნიკაციის შედეგად ლ. კ–ს რეალურად დაეთრგუნა თავისუფალი ნება და იგი ქორწინების იძულების მსხვერპლი გახდა. მიმოწერაში ასევე არ იკვეთება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებდა ძალადობის, მუქარის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის იმ ინტენსივობაზე, რაც დაზარალებულის ნების სრულ დათრგუნვას გამოიწვევდა. შესაბამისად, ურთიერთობის არასასურველი ხასიათი თავისთავად არ ქმნის ქორწინების იძულების დანაშაულის შემადგენლობას, რის გამოც, ჰ. ი–ის ქმედებაში აღნიშნული დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
4.12. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მხარეთა შორის არსებული მიმოწერებით, ასევე არ დასტურდება ლ. კ–ის ფსიქიკური ტანჯვის მდგომარეობა, რაც ადევნების დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად ვერც ცალკე აღებული ფაქტი – ელექტროშოკერის შეძენა – გამოდგება. თავად დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული თავდაცვის საშუალება შეიძინა მას შემდეგ, რაც ჰ. ი–მა მოტაცებაზე დაუწყო საუბარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, ფსიქიკური ტანჯვა უნდა გამოიხატებოდეს ხანგრძლივ, მდგრად და ინტენსიურ ემოციურ-ქცევით ცვლილებებში, რომლებიც არსებითად ზღუდავს დაზარალებულის თავისუფალ ნებასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებას. კონკრეტულ საფრთხეზე საპასუხოდ მიღებული რაციონალური გადაწყვეტილება, მათ შორის თავდაცვის საშუალების შეძენა, მეტწილად ასახავს პრაგმატულ რეაგირებას სავარაუდოდ მოსალოდნელ რისკზე და არა ფსიქიკური ტანჯვის არსებობას.
4.13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ლ. კ–ი გახდა ჰ. ი–ის მხრიდან ქორწინების იძულებისა და ადევნების მსხვერპლი. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის განაჩენი ჰ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.15. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე