საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.02.2026
საქმის ნომერი
2კ-789აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№789აპ.-25 თბილისი

ლ–ე ჯ., 789აპ.-25 9 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილისა და მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. ლ–ეს ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, 2 ეპიზოდი); სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, 2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 8 აგვისტოს ნ. კ–ი იმყოფებოდა თ–ში, ....., ა.....ს ქუჩის №.. კორპუსის ბინა №...-ში, რა დროსაც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჯ. ლ–ე, კერძოდ, ჯ. ლ–ემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ნ. კ–ი არის ქალი და არ ჰქონდა მასთან დაშორების უფლება, აგრეთვე უნდა ყოფილიყო კაცის მორჩილი, აპლიკაცია „ვ–ს“ გამოყენებით მისწერა, რომ დანას გაუყრიდა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ნ. კ–მა აღიქვა რეალურად და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

· 2024 წლის 13 სექტემბერს ნ. კ–ი იმყოფებოდა თ–ში, ....., ა.....ს ქუჩის №.. კორპუსის ბინა №...-ში, რა დროსაც მას ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ჯ. ლ–ე, კერძოდ, ჯ. ლ–ემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ნ. კ–ი არის ქალი და არ ჰქონდა მასთან დაშორების უფლება, აგრეთვე უნდა ყოფილიყო კაცის მორჩილი, მობილური ტელეფონის გამოყენებით მისწერა, რომ სკალპს ააძრობდა. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ნ. კ–მა რეალურად აღიქვა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

· 2024 წლის 8 ოქტომბერს თ–ში, ...ის მასივში არსებულ ..ს ტყე-პარკის მიმდებარედ, ჯ. ლ–ემ იძალადა ნ. კ–ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 26 აგვისტოს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ჯ. ლ–ემ იძალადა ნ. კ–ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განაჩენით ჯ. ლ–ე (პირადი №.........), დაბადებული .... წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; ჯ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ჯ. ლ–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 27 ოქტომბრიდან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ლ–ემ ჩაიდინა ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, 2024 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, 2024 წლის აგვისტოს ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 13 სექტემბერს ნ. კ–ი იმყოფებოდა თ–ში, ....., ა.....ს ქუჩის №.. კორპუსის ბინა №...-ში, რა დროსაც მას ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ჯ. ლ–ე, კერძოდ, ჯ. ლ–ემ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ნ. კ–ი არის ქალი და უნდა ყოფილიყო კაცის მორჩილი, მობილური ტელეფონის გამოყენებით მისწერა, რომ, თუ არ უპასუხებდა მის სატელეფონო ზარს, „სკალპს ააძრობდა“. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ნ. კ–მა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 8 აგვისტოს ნ. კ–ი იმყოფებოდა თ–ში, ....., ა.....ს ქუჩის №.. კორპუსის ბინა №...-ში, რა დროსაც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჯ. ლ–ე, კერძოდ, ჯ. ლ–ემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ნ. კ–ი არის ქალი და არ ჰქონდა მასთან დაშორების უფლება, აგრეთვე უნდა ყოფილიყო კაცის მორჩილი, აპლიკაცია „....ს“ გამოყენებით მისწერა, რომ დანას გაუყრიდა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ნ. კ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

6. პროკურორი ვახტანგ ხარებაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ჯ. ლ–ის ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი).

7. მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ს–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივლისის განაჩენის გაუქმებას და ჯ. ლ–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად ქმნის იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა და ყველა საკითხი, რომელიც სათანადოდ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ, არ საჭიროებს გამეორებას.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულ ნ. კ–ის, მოწმეების: ლ. მ-ის, მ. ბ-ის, გ. პ-ისა და ხ. გ-ის – ჩვენებები, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნა, დაზარალებულის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ჯ. ლ–ე გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

11. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის გაანალიზების შედეგად სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის საჩივრის არგუმენტს ძალადობის ეპიზოდებში ჯ. ლ–ის ბრალის დასადასტურებლად სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეები მტკიცებულებების სიმრავლით არ გამოირჩევა, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობას. ბრალდების მხარემ მაქსიმალური ძალისხმევით უნდა მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, შეფასდება განაჩენის გამოტანისას. დაზარალებულმა ნ. კ–მა საგამოძიებო ორგანოებს მიმართა 2024 წლის 26 ოქტომბერს, რის გამოც, უფრო შემცირდა ჯ. ლ–ის მხრიდან დანაშაულებრივი ფაქტების დადასტურების ალბათობა 2024 წლის 26 აგვისტოს და 2024 წლის 8 ოქტომბრის ძალადობის ფაქტებთან მიმართებით. ძალადობის ეპიზოდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული რაიმე სხვა მტკიცებულებით, რომლითაც დადგინდებოდა თუნდაც მითითებულ დღეებში ჯ. ლ–ის და ნ. კ–ის ერთად ყოფნის ფაქტი, არ გამოკითხულა არცერთი მოწმე, რომელიც აღნიშნულ პერიოდში დაზარალებულის მდგომარეობაზე ისაუბრებდა. რაც შეეხება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში დაზარალებულ ნ. კ–ის მიერ ექსპერტთან უშუალო გასაუბრებისას გადმოცემულ ინფორმაციას, ძალადობის ფაქტების დადასტურების თვალსაზრისით არაინფორმატიულია, ვინაიდან დასკვნაში დაზარალებული ყოველგვარი კონკრეტიზაციის, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დროის მითითების, გარეშე აფიქსირებს, რომ ჯ. ლ–ე ფიზიკურადაც ეხებოდა. იმ ვითარებაში, როდესაც, დაზარალებულის ჩვენების საპირისპიროდ, ჯ. ლ–ემ უარყო ძალადობის ფაქტები (რომელთა შესახებაც საუბარია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაში), საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებებისა და მყარი არგუმენტაციის წარმოდგენა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. შესაბამისად, ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ გაკეთებული დასკვნა, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2024 წლის 26 აგვისტოს და 2024 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში ჯ. ლ–ის გამართლების თაობაზე, კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, ხოლო განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

13. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საჩივარში მოყვანილ არგუმენტებსაც, შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილ გარემოებას წარმოადგენს და არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ 2024 წლის 8 აგვისტოს და 2024 წლის 13 სექტემბერს ჯ. ლ–ემ ნ. კ–ს მობილურ ტელეფონზე ნამდვილად გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები, კერძოდ, 2024 წლის 8 აგვისტოს აპლიკაცია „ვაიბერის“ გამოყენებით მისწერა, რომ „დანას გაუყრიდა“, ხოლო 2024 წლის 13 სექტემბერს – „სკალპს ააძრობდა“. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ამ სიტყვების შედეგად მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენის დადგენა.

14. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულისათვის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხამსი მიმართვის ფორმები და მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებების გაგზავნის ფაქტები. დაზარალებულის ჩვენების, საუბრების ამსახველი ჩანაწერების, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ერთობლიობით ცალსახაა, რომ რომ ურთიერთობის ეს ფორმა ნ. კ–ისათვის არ იყო მისაღები, რაც ნათლად ჩანს მის პასუხებშიც. გარემოება, რომ დაზარალებულმა სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა მისი ჩადენისთანავე, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას და შიშის გამოწვევას. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის სავალდებულო კომპონენტი – შიში – არის დაზარალებულის ფსიქოემოციური მდგომარეობა მომდინარე საფრთხესა და ინდივიდუალური დაცულობის განცდას შორის. ფსიქიკური იძულების ერთ-ერთ ხერხია მუქარაც, მათ შორის – ჯანმრთელობის დაზიანებისაც. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხის რისკის იმ ხარისხზე, რომელსაც დაზარალებულში შიშის საფუძვლიანი განცდის გამოწვევა შეეძლო.

15. დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2024 წლის 8 აგვისტოს მუქარის შემდეგ დაზარალებული კვლავ აგრძელებდა ჯ. ლ–ესთან ურთიერთობას და ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, რასაც, მუქარის რეალურად აღქმის შემთხვევაში, არ გააკეთებდა, არ წარმოადგენს მუქარის და შედეგად – შიშის განცდის – გამორიცხვის საფუძველს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის დანაშაულებრივი ქმედებების ერთიან სურათს და არ მიუთითებს დაზარალებულის დაინტერესებასა ან მიკერძოებულობაზე. ნ. კ–მა დამაჯერებლად ახსნა, თუ რატომ შეეშინდა მას 2024 წლის 8 აგვისტოს და 13 სექტემბერს ჩადენილი მუქარების, ასევე – თუ რატომ „გაუტარა“ ხუმრობაში მუცელში დანის გაყრის მუქარა, რისიც, რეალურად, ძალიან შეეშინდა.

16. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას დაზარალებულში მუქარის შიშის საფუძვლიანობის გამომწვევ ფაქტორებზე და მიუთითებს, რომ მუქარის დანაშაულისათვის დამახასიათებელი ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნიშნის – შიშის რეალურობის – განცდის ფაქტი უტყუარად დასტურდება სუბიექტური ტესტით – უშუალოდ ნ. კ–ის ჩვენებით, რომელიც ამ მიმართებით შეუცვლელი მტკიცებულებაა. ანალოგიურად, ფსიქიკური იძულების მომენტიდან კანონმდებელი პასუხისმგებლობას აწესებს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლითაც. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ 2024 წლის 13 სექტემბრის მუქარის („სკალპს აგაძრობ“) მიზანი იყო დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მისი დაშინება, რათა მას ემოქმედა საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ და განეხორციელებინა კონკრეტული ქმედება – ეპასუხა ჯ. ლ–ის სატელეფონო ზარისათვის, რომლის შესრულებაც ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლება იყო.

17. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის სრულად გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რომლებსაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ელი გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

18. ამდენად, საკასაციო პალატას მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი განხილვის უფლება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას – მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

19. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში – შეცვალოს საქმის შედეგი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009, ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

20. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა – და ისე მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისას არ ვლინდება იმგვარი სამართლებრივი პრობლემა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს (მაგ., იხ. სუსგ: №238აპ-23, №25აპ-23).

21. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ჯ. ლ–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა მითითებულ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

22. ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილისა და მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე