საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№811აპ-25 თბილისი
მ. ნ., 811აპ-25 5 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განაჩენით ნ. მ–ა ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 25 000 ლარი – და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 25 000 ლარი. მსჯავრდებულ ნ. მ–ას სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 30 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ–ამ ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 11 აპრილს გასამართ სხდომაზე მიწვეულ იქნა ნ. მ–ა, 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და მომდევნო წლებში შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ ახსნა-განმარტების მიზნით.
· აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარის მიერ 2025 წლის 2 აპრილს შედგენილი დოკუმენტი კომისიის სამდივნოს წარმომადგენლის მიერ იმავე დღეს გაეგზავნა ნ. მ–ას სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, რა დროსაც ასევე ეცნობა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
· მიუხედავად აღნიშნულისა, რომ ნ. მ–ასთვის ცნობილი იყო კომისიის სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობის თაობაზე, იგი განზრახ არ გამოცხადდა 2025 წლის 11 აპრილს გამართულ კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად, რითაც არ შეასრულა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ნ. მ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ნ. მ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე – საქმის არსებით განხილვას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრების ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს ნ. მ–ას უდანაშაულოდ ცნობას. შესაბამისად, პალატის მსჯელობის საგანია, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა მსჯავრდებულმა მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. მ–ას საქართველოს სსკ-ის 349-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წერილსა და თანდართულ მასალებს (კომისიის თავმჯდომარის 2025 წლის 2 აპრილის წერილს, კომისიის სამდივნოს წარმომადგენლის მიერ შედგენილ ოქმს, ნ. ჭ–სა და ნ. მ–ას შორის არსებული საუბრის და მიმოწერის ამსახველ ფოტოსურათებს, ფელდეგერის მიერ შედგენილ ოქმებს, კომისიის 2025 წლის 11 აპრილის სხდომის ვიდეოჩანაწერს), ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, მოწმეების – დ. ხ–ისა და ნ. ჭ–ის გამოკითხვის ოქმებს, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციის დათვალიერების ოქმს, ნ. ჭ–ისგან გამოთხოვილ ინფორმაციას და საქმეში არსებულ სხვა მასალებს, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა.
9. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილებით კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 10 წევრით. დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა განისაზღვრა ხუთი წევრით. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2025 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.
10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 13 თებერვალს გაიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც ესწრებოდა კომისიის 7 წევრი. აღნიშნული ოქმის თანახმად, კომისია წარმოდგენილი იყო „..........ის“ ხუთი დეპუტატით და, ასევე, გამოყოფილი იყო ხუთი კვოტა ოპოზიციისათვის, რომელთაგან ორი ადგილი მიეკუთვნა პოლიტიკურ გაერთიანება „.....ას“, ერთი – „ე...... ებს“ და ორი – „..........სთვის“ პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ამ პარტიის არჩეულმა დეპუტატებმაი უარი განაცხადეს პარლამენტში მუშაობაზე, რის გამოც, მათთვის განკუთვნილი ადგილები იყო ვაკანტური. ამავე სხდომაზე კომისიამ კენჭი უყარა კომისიის წევრების მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, რის შედეგადაც, კომისიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს თ. წ–ი („......“), ხოლო კომისიის მდივნად, ასევე ერთხმად – ს. ს–ი („.........“). ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი პარლამენტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობის შესახებ უსაფუძვლოა.
11. კასატორის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ნ. მ–ასთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და მიუთითებს, რომ, მართალია, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას 1995 წლიდან ითვალისწინებდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ხოლო 1995 წლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, თუ ეს ქმედება ჩადენილია ასეთი დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ. თუმცა 1999 წლის 22 ივლისს, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებისას, კანონმდებელმა მიიჩნია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა უნდა სისხლის სამართლის წესით დასჯილიყო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რის გამოც, 1999 წლიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლში აღნიშნულია, რომ ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები, თავიანთი ხასიათით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. აღნიშნული ნორმის ანალიზით ცხადია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსმა გამორიცხა პირის სამართალდამრღვევად ცნობა იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი კანონმდებლობით, ეს ქმედება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამდენად, ნ. მ–ას მიერ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.
12. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, კანონის შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, ნ. მ–ას მიმართ სისხლის სამართალწარმოებისას არ გამოვლენილა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენების მიღმა პოლიტიკური მიზნის არსებობა. შესაბამისად, ადვოკატის მტკიცება, რომ ნ. მ-თვის პასუხისმგებლობის დაკისრება პოლიტიკური დევნაა, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
13. კასატორს ამავდროულად პრეტენზია აქვს სასჯელთა სრულად შეკრებასთან მიმართებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2025 წლის 20 ივნისის წერილი, რომლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.02.2022 წლის - განაჩენის საფუძველზე (რომლითაც ნ. მ–ას სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 25 000 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ), გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. მოვალეს არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ნ. მ–ას პიროვნება, წარსული ცხოვრება, მის მიმართ დამდგარი განაჩენის აღსრულებისადმი დამოკიდებულება, ახლად ჩადენილი დანაშაულისადმი მისი მიდგომა და მიიჩნია, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი სრულად გამორიცხავს სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გავრცელებას, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამრიგად, სასამართლო ასკვნის, რომ, ზემომითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მსჯავრდებულ ნ. მ–ასათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
14. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქმის არსებითად განხილვის თაობაზე: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე მუხლის მე-32 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, „საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“ (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, საკასაციო პალატას არ აქვს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის უპირობო სამართლებრივი ვალდებულება.
15. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, მისი ფუნქცია არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლოს როლის შესრულება, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. ის მიიჩნევს, რომ პროცედურული ან მატერიალური კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა და ისინი უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან კონკრეტულ საქმეზე მოწმეთა სანდოობისა და მტკიცებულებათა რელევანტურობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
18.ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. მ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე