საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.02.2026
საქმის ნომერი
2კ-828აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№828აპ-25 თბილისი

გ. თ., 828აპ-25 16 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. გ–ას ბრალად დაედო თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები), ხოლო ს. გ–ეს – თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· თ. გ–ა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს. გ–ე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ს–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ მ.– მდებარე, ნ. ბ–ის კუთვნილ, 57000 ლარად ღირებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი – ..........) და 11600 ლარს, კერძოდ, თ. გ–ამ და ს. გ–ემ, იცოდნენ რა, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულება აღემატებოდა ნ. ბ–ის მიერ სესხის სახით მოთხოვნილ თანხას – 7000 აშშ დოლარს, ნ. ბ–ი დააჯერეს, რომ, ვითომდა, თ. გ–ასგან სესხულობდა 7000 აშშ დოლარს, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას არ შეექმნებოდა პრობლემა და, ნაცვლად სესხის ხელშეკრულებისა, ერთი თვის ვადით ზემოთხსენებულ უძრავ ქონებაზე გაეფორმებინათ ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. დაზარალებულის თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დააორგანიზეს ფიქციური ხელშეკრულების გაფორმება, კერძოდ, 2022 წლის 12 ოქტომბერს თ/ში, ვ–ს ქუჩის N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, გარიგების რეალური შინაარსის შესანიღბად, ნ. ბ–სა და მ. შ–ს ფიქციურად მინდობილ პირს – თ. გ–ას – შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა მხოლოდ ერთი თვე. ამასთან, ს. გ–ემ და თ. გ–ამ ნ. ბ–ი კვლავ შეცდომაში შეიყვანეს და, შეთანხმებული 7000 დოლარის ნაცვლად, ნ. ბ–მა მიიღო მხოლოდ 3500 აშშ დოლარი, დარჩენილ 3500 დოლარს (9772 ლარი) კი დაეუფლნენ მოტყუებით, ვითომდა აღნიშნული თანხა აუცილებელი იყო სესხის ხარჯებისთვის. ს. გ–ემ და თ. გ–ამ ნ. ბ–ს 1 თვის პროცენტის თანხად განუსაზღვრეს 350 აშშ დოლარი და ჩაარიცხინეს ვითომდა სესხისთვის ორი თვის პროცენტის თანხა – 300 აშშ დოლარი (812 ლარი) და 350 ევრო (1016 ლარი). ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ნ. ბ–ის ინფორმირების გარეშე, 2023 წლის 22 მარტს თ–ში, .... ქუჩის N...-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, თ. გ–ამ მ. შ–სგან ვითომდა ნასყიდობის გზით შეიძინა ნ. ბ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქმედებებით ს. გ–ე და თ. გ–ა წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ბ–ის კუთვნილ, 57000 ლარად ღირებულ მიწის ნაკვეთს და 11600 ლარს. ს. გ–ისა და თ. გ–ას ქმედებით ნ. ბ–ს მიადგა ჯამურად დიდი ოდენობით – 68 600 ლარის – ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:

თ. გ–ა ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

ს. გ–ე ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულებს განემარტათ, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვთ, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენის გაუქმება, თ. გ–ას – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ს. გ–ის – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – დამნაშავეებად ცნობა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

6. გამართლებულ ს. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – ი. კ–ი და გ. ძ–ე – შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ გურამ კრავეიშვილის შუამდგომლობა და მას აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. სუსგ: №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16; №837აპ-19). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა თ. გ–ასა და ს. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა თ. გ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ს. გ–ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

11. სასამართლოზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ თ. გ–ასა და დაზარალებულ ნ. ბ–ს შორის 2022 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ნ. ბ–ი თანახმა იყო, 7000 აშშ დოლარად გაეყიდა და საკუთრების უფლება გადაეცა თ. გ–ასთვის, ამასთან, იტოვებდა უფლებას, ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემული ნივთი დაებრუნებინა ერთ თვეში, აღებული თანხის უკან დაბრუნების სანაცვლოდ. აშკარაა, რომ დაზარალებული ნ. ბ–ი იცნობდა ხელშეკრულების პირობებს, რომელიც გაფორმებულია სანოტარო წესით. თავად თ. გ–ამაც განუცხადა, თუ რა პირობით სურდა ნ. ბ-თვის თანხის გადაცემა. მეტიც, მხარეთა შორის დადებული გარიგების შინაარსი დეტალურადაა აღწერილი ხელშეკრულებაში, რომელზეც დაზარალებულსაც აქვს ხელი მოწერილი, რითიც ადასტურებს, რომ იცნობს ხელშეკრულების შინაარსს და ეთანხმება მას. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ნ. ბ–მა იცოდა ყველა პირობა, რომლის საფუძველზეც, თ. გ–ას გადაცა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე მისთვის იმ მომენტისათვის სასურველი საპირწონე სარგებლის – 7000 აშშ დოლარის – სანაცვლოდ. ამ მომენტისათვის თ. გ–ას ნ. ბ–ისთვის არ მიუწოდებია რაიმე ცრუ ინფორმაცია, არაფერი დაუმალავს, არ მოუტყუებია იმ მიზნით, რომ დაზარალებულს მასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება და არამართლზომიერად დაუფლებოდა მის ქონებას, რაც აუცილებელი ნიშანია ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის. მეტიც, სანაცვლოდ გადასცა მატერიალური სარგებელი – 7000 აშშ დოლარი, რაც ყიდვა-გაყიდვის თუ ქონების გაცვლის ერთ-ერთი აუცილებელი მართლზომიერი სამართლებრივი შედეგია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თ. გ–ა ნ. ბ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთს დაეუფლა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა სამოქალაქო ნორმათა დაცვით და რომლის სამართლებრივი ძალა არ არის საეჭვო – იგი კვლავაც მოქმედი და იურიდიული შედეგის მატარებელია. შესაბამისად, ბრალდების მხარის მსჯელობა, რომ თ. გ–ა არამართლზომიერად დაეუფლა ნ. ბ–ის ქონებას, სამართლებრივად უსაფუძვლოა.

12. სასამართლოს შეფასებით, უარგუმენტოა და ვარაუდის დონეზეა კასატორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თ. გ–ამ დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად და კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის შესანარჩუნებლად გამოიყენა მ. შ–ს სახელი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე ხელშესახები მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. თ. გ–ამ კატეგორიულად გამორიცხა თავის ქმედებაში რაიმე უკანონო ზრახვები და განმარტა, რომ, ვინაიდან მ. შ–საგან ჰქონდა მისი ქონების განკარგვის მინდობილობა, მისგანვე ისესხა თანხა – 7000 დოლარი, რაც გადასცა ნ. ბ–ს, რომელთანაც მ. შ–ს სახელით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ერთი თვის ვადით. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ. შ–მ, რომელმაც აღნიშნა, რომ ენდობოდა თ. გ–ას და რამდენჯერმე გაუფორმა მინდობილობა, რათა თ–დან დახმარებოდა სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად. თეამ უთხრა ისიც, რომ ს–ს მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე მისი სახელით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და, ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა, საჭიროდ ჩათვალა, საქმის კურსში ჩაეყენებინა ისიც.

13. მხარეთა შორის გაფორმებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულების ტიპიდან გამომდინარე, საპროცენტო სარგებლის მიღების შესახებ პირობა შეტანილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულება გაფორმდა ერთი თვის ვადით და თ. გ–ას ერთი თვის თავზე ჰქონდა ნ. ბ–ისათვის გადაცემული თანხის – 7000 აშშ დოლარის – დაბრუნების და არა – პროცენტების მიღების მოლოდინი. შესაბამისად, თ. გ–ა ნ. ბ–თან წერილობით ან ზეპირ შეთანხმებას არ დადებდა მომავალი თვეების საპროცენტო სარგებლის მიღებაზე. თ. გ–ამ აიღო ნ. ბ–ისათვის გადაცემული თანხის ერთი თვის სარგებელი, რაც დაადასტურა გამართლებულმა ს. გ–ემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნ. ბ–ის მიერ მისთვის გადაცემული 3500 აშშ დოლარიდან ერთი თვის პროცენტი – 350 აშშ დოლარი – გადასცა თ. გ–ას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ, თ. გ–ას ბრალეულობასთან მიმართებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, მოხდა თუ არა მხარეთა შორის საპროცენტო სარგებლის მიღებაზე ზეპირი შეთანხმება.

14. რაც შეეხება ს. გ–ის ბრალდებას, ს. გ–ის მიერ თ. გ–ასათვის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის გადაგზავნაზე აპელირება, ძალიან სუსტი არგუმენტია ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში მათი მსჯავრდებისათვის. მხარეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ ნ. ბ–ს სურდა მიწის ნაკვეთის ჩადება და გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღება, რის გამოც, მან მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა შუამავლებს, რომელთა შორის იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გადაამოწმეს საკადასტრო კოდი და ნაკვეთი ადგილზეც დაათვალიერეს, რის შემდეგაც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით. მიწის ნაკვეთის ჯგუფურად, თაღლითური გზით დაუფლებასთან დაკავშირებით, რაიმე სხვა ხელშესახები ინფორმაცია ხმოვან და წერილობით მომწერებში ასახული არ არის და ამ ნაწილშიც ბრალდების მხარის არგუმენტაცია გაზიარებული ვერ იქნება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ, ვინაიდან ნ. ბ–ს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიწის ნაკვეთი არ გამოუსყიდია, მასზე საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობითაც რეგისტრირებულია თ. გ–ას სახელზე და გაუგებარია, თუ რა სარგებელი მიიღო ს. გ–ემ უშუალოდ მიწის ნაკვეთიდან. დაზარალებულ ნ. ბ–ის განმარტებით, მას არ აწყობდა თ. გ–ასთან ხელშეკრულების გაფორმება ერთი თვით, თუმცა დასთანხმდა, რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდა; ამასთან, ს. გ–ე დაჰპირდა ერთი თვის ვადაში სესხის ბანკში ან სხვა ორგანიზაციაში გადატანას, რასაც თვითონვე უზრუნველყოფდა. შესაბამისად, ფიქრობდა, რომ მის მიწის ნაკვეთს პრობლემა არ შეექმნებოდა. სწორედ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გადასცა მას 3 500 აშშ დოლარი, ცოტა მოგვიანებით კი გაუფორმა მინდობილობა, კუთვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ბ–მა ს. გ–ეს ნებაყოფლობით გადასცა 3500 აშშ დოლარი, რომელიც, დაზარალებულის განმარტებითვე, საჭირო იყო „სესხის გასაფორმებლად და სხვა პროცედურების“ მოსაგვარებლად. ს. გ–ის ჩვენებით, იგი შეეცადა სესხის სხვა ორგანიზაციაში გადატანას, მაგრამ ვერ შეძლო. აღნიშნული დასტურდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერითაც, რომლის მიხედვით, ს. გ–ემ უთხრა ნ. ბ–ს, რომ სესხის გადატანაზე განაცხადი შეიტანა საფინანსო ორგანიზაცია „კ–ში“, თუმცა მოვიდა უარი (იხ. ტ. 3. ს.ფ. 225). დაზარალებული ნ. ბ–იც ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ 2022 წლის ნოემბრის ბოლოს მას დაუკავშირდა ს. გ–ე და აცნობა, რომ დაპირებულ სესხის გადატანას ჯერჯერობით ვერ ახერხებდა და საჭირო იყო თ. გ–ასთვის ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადაცემა (ანუ 2022 წლის ნოემბერში ნ. ბ–ი ინფორმირებული იყო ს. გ–ის მიერ, რომ სესხის სხვაგან გადატანა ვერ ხერხდებოდა).

16. მართალია, 2022 წლის 27 ოქტომბერს ნ. ბ–მა ს. გ–ეს მისცა მინდობილობა სოფელ მ…. მდებარე მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხავია – გამოსყიდვამდე როგორ უნდა განეკარგა ს. გ–ეს ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2022 წლის 13 ოქტომბრიდან საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო მ. შ–ზე. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებული მოცემულობის გათვალისწინებით (გამოსყიდვამდე იგი აღარ იყო ნ. ბ–ის საკუთრებაში), როგორი სახის მინდობილობაც არ უნდა გაეცა ნ. ბ–ს, ს. გ–ე მაინც ვერც შეძლებდა სესხის სხვა ორგანიზაციაში ან ბანკში გადატანას. იმ პირობებში, როდესაც ნ. ბ–მა 2022 წლის 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადასცა მ. შ–ს, რომლის წარმომადგენელიც იყო თ. გ–ა, ბუნებრივია, ს. გ–ეს მ. შ–სთან (ან თ. გ–ასთან) შეუთანხმებლად, არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი შესაძლებლობა, რომელიმე ორგანიზაციაში სასესხო ვალდებულებით დაეტვირთა მიწის ნაკვეთი. ყოველივე ზემომითითებული კი განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო ნ. ბ–ისათვისაც.

17. ნ. ბ–მა სესხთან დაკავშირებული ხარჯებისათვის, კერძოდ, სესხის სხვაგან გადატანისა და სხვა პროცედურების მოგვარებისათვის, ს. გ–ეს მართლაც გადასცა 3500 აშშ დოლარი. ს. გ–ის განმარტებით, ამ თანხიდან მან გადაიხადა ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო ნოტარიუსის ხარჯები, თ. გ–ას გადასცა ერთი თვის პროცენტის თანხა, საშუამავლო სარგებელი გადასცა ნ. ლ–ას და დ. ო–ს, თითოეულს – 500 აშშ დოლარი – და თავისთვისაც დაიტოვა საშუამავლო სარგებელი. ამასთან, ვინაიდან ვერ შეძლო სესხის სხვა ორგანიზაციაში გადატანა (რის თაობაზეც აცნობა ნ. ბ–ს), თანახმა იყო, დარჩენილი თანხა უკან დაებრუნებინა ნ–თვის. პალატა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გავიზიარებთ თუ არა გამართლებულ ს. გ–ის აღნიშნულ განმარტებას, ფაქტია, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მართლაც დაიფარა ნოტარიუსის ხარჯები, მოწმედ დაკითხულმა დ. ო–მა და ნ. ლ–ამ დაადასტურეს ს. გ–ის მიერ მათთვის საშუამავლო თანხის – 500-500 აშშ დოლარის – გადაცემის ფაქტი. ყოველივე აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო დაზარალებული ნ. ბ–ი, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, რაც დაადასტურა როგორც თვითონ დაზარალებულმა, ისე – მოწმე ნ. ბ–მაც. ამდენად, მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს, რომ თ. გ–ა და ს. გ–ე მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ბ–ის კუთვნილ 3500 აშშ დოლარს.

18. ნ. ბ–ის მიერ ს. გ–ისათვის გადმორიცხულ პროცენტის სახით გადასახდელ თანხებთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ 2023 წლის იანვარში ნიკა და ნ. ბ–ებმა ს. გ–ეს მართლაც გადმოურიცხეს პროცენტის თანხა – 300 აშშ დოლარი და 350 ევრო. პროცენტის სახით ჩარიცხული თანხების შესახებ ს. გ–ემ აუწყა თ. გ–ას და გაუგზავნა თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, თუმცა თ. გ–ამ უარი განაცხადა პროცენტის მიღებაზე, რის შემდეგაც, 2023 წლის მარტში ჩარიცხული თანხა ს. გ–ემ უკან დაუბრუნა ნ. ბ–ს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ს. გ–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ნ. ბ–ის მიერ პროცენტის სახით გადმორიცხული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას.

19. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა თ. გ–ასა და ს. გ–ის ქმედებაში მოტყუების ნიშნები და ნ. ბ–ის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ სახეზე არ გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ. გ–ასა და ს. გ–ის მიერ მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

22.ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე