საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.02.2026
საქმის ნომერი
2კ-850აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №850აპ-25 18 თებერვალი, 2026 წელი

გ. ჯ., №850აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ადვოკატების – მ. კ-სა და ნ. ტ-ას – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. გ-ეს - ბრალად ედებოდა:

1.1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი; 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.1.2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.1.3. მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.2. ჯ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2023 წლის 7 ივლისს, დაახლოებით, 16:40 საათზე, ბ-ში, თ. მ-ის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ „ს-ის“ მიმდებარედ, ჯ. გ-ემ 0,00788 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 300 ლარად, უკანონოდ მიასაღა კ. დ-ას.

1.2.2. 2023 წლის 14 ივლისს, დაახლოებით, 17:45 საათზე, ბ-ში, ი. ფ-ას ქუჩის №--ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ. გ-ემ 0,00841 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 200 ლარად, უკანონოდ მიასაღა კ. დ-ას.

1.2.3. 2023 წლის 22 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ბ-ში, ი. ფ-ას ქუჩის №--ში მდებარე ავტოსახელოსნოს შესასვლელ ჭიშკართან ჯ. გ-ემ 0,008 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 180 ლარად, უკანონოდ მიასაღა კ. დ-ას.

1.2.4. 2023 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით, 15:48 საათამდე, ბ-ში, ი. ფ-ას ქუჩის №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ჯ. გ-ე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით – 0,08082 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.

1.2.5. ჯ. გ-ემ უკანონოდ შეიძინა 20,371 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რასაც 2023 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით, 15:48 საათზე, უკანონოდ ინახავდა ბ-ში, ი. ფ-ას ქუჩის №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენით:

2.1.1. ჯ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

2.1.2. ჯ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

2.1.3. ჯ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით.

2.1.4. ჯ. გ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 22 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

2.1.5. ჯ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

2.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 22 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

2.1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3911,54 ლარის ოდენობით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 31 აგვისტოდან.

2.1.8. ჯ. გ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ადვოკატებმა – მ. კ-მ და ნ. ტ-ამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენით, მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. კ-სა და ნ. ტ-ას – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის განაჩენი:

3.1.1. ჯ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და 6 თვით;

· საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 22 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3911,54 ლარის ოდენობით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 31 აგვისტოდან.

3.1.4. ჯ. გ-ეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ადვოკატები – მ. კ- და ნ. ტ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და უტყუარობის კრიტერიუმებს; კ. დ-ა აგენტ-პროვოკატორია; საკონტროლო შესყიდვის დროს გამოყენებული დანომრილი ფულადი კუპიურები ჯ. გ-ისგან არ ამოღებულა, რაც უსაფუძვლოს ხდის მის ბრალდებას; ვიდეოჩანაწერებში არ ფიქსირდება ჯ. გ-ის მიერ ფულადი თანხის მიღება და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომენტი; მხარეთა სატელეფონო საუბარში (კრებსებში) ნარკოტიკული საშუალება არ ხსენებულა; ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს ნარკოტიკული საშუალებები.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი მტკიცებულებებიდან:

4.2. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2023 წლის 13 ივნისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო ორგანოს წერილობითი განცხადებით მიმართა კ. დ-ამ, რომელიც აცხადებდა, რომ ჯ. გ-ე იყო ნარკორეალიზატორი, რომელმაც მას შესთავაზა ნარკოტიკული საშუალებების შეუზღუდავად შეძენა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, გამოიკითხა კ. დ-ა, რომელმაც დანაშაულებრივი ქმედებისა და დამნაშავის გამოვლენის მიზნით, ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. გამოძიების მიმდინარეობისას შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთაც დაევალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების – საკონტროლო შესყიდვის, ცნობების შეგროვებისა და ვიზუალური კონტროლის – ჩატარება. იმავდროულად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების წარმართვის მიზნით, გამოიყო ფულადი თანხა, რომელიც საკონტროლო შესყიდვების წინ გადაეცა კ. დ-ას. ეს უკანასკნელი ჯ. გ-ესთან შესახვედრად ფარული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი მიდიოდა.

4.3. მოწმე კ. დ-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა პოლიციასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობის ფაქტი და განმარტა, რომ თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ჯ. გ-ისგან სამჯერ მიიღო ნარკოტიკული საშუალება. სამივე შემთხვევაში, მიღებული ნივთიერებები თავის მხრივ გადასცა გამომძიებელს, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მათ შორის, პოლიციელთა თანხვდენილი ჩვენებებით) დასტურდება, რომ კ. დ-ასგან მიღებული ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით და გადაიგზავნა საექსპერტო ბიუროში.

4.4. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად წარდგენილია რამდენიმე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. კერძოდ:

4.4.1. ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნის თანახმად, 2023 წლის 7 ივლისს კ. დ-ას მიერ საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი და მისგან ამოღებული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ტაბლეტის ნატეხებისა და ფხვნილის ნარევი, წონით – 0,3942 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაოდენობით – 0,00788 გრამს.

4.4.2. ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნის თანახმად, 2023 წლის 14 ივლისს კ. დ-ას მიერ საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი და მისგან ამოღებული:

· უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის ნაჭერში მოთავსებული ერთი ცალი თეთრი, წრიული ფორმის ტაბლეტი, წონით – 0,2 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაოდენობით – 0,008 გრამს (ობ.№1);

· ერთ ცალ 1 მლ-იან ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ სამედიცინო შპრიცში მოთავსებული უფერო, გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით – 0,52 მლ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაოდენობით – 0,00041 გრამს (ობ.№2);

· ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს – 0,00841 გრამს (ობ. №1-2).

4.4.3. ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნის თანახმად, 2023 წლის 22 ივლისს კ. დ-ას მიერ საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი და მისგან ამოღებული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი, წრიული ფორმის 1 ცალი ტაბლეტი, წონით – 0,2 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაოდენობით – 0,008 გრამს.

4.5. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლოში მოწმედ დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრულია და, არსებით დეტალებთან მიმართებით, შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. აღნიშნულ პირთა ჩვენებები ასახავს კ. დ-ას მიერ ჯ. გ-ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის გარემოებებს. საგულისხმოა, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად, პოლიციის თანამშრომელთა ან კ. დ-ას მხრიდან ჯ. გ-ის მიმართ, ნეგატიური დამოკიდებულება ან რაიმე სუბიექტური დაინტერესება არ გამოვლენილა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარის არგუმენტი პოლიციელთა მიკერძოებულობის და კ. დ-ას აგენტ-პროვოკატორობის შესახებ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

4.6. მოცემულ შემთხვევაში, ჯ. გ-ის მიერ კ. დ-ასთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა დადასტურებულია აღნიშნული პირების შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო/ვიდეო ჩანაწერითაც, რომელიც ფონოსკოპიურ, ჰაბიტოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებთან ერთობლიობით, უტყუარად ადასტურებს ჯ. გ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.

4.7. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებულ აუდიოჩანაწერში (კ. დ-ასა და ჯ. გ-ეს შორის გამართული საუბარი) სიტყვების – „ნარკოტიკული საშუალების“ – უთქმელობა გამორიცხავს ჯ. გ-ის ბრალეულობას. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მტკიცებულება უნდა შეფასდეს არა ფრაგმენტულად, ცალკეული სიტყვების ან ტერმინების ფორმალური ანალიზით, არამედ – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით და ლოგიკური კავშირით. ფაქტი, რომ აუდიოჩანაწერში პირდაპირ არ ფიგურირებს სიტყვები – „ნარკოტიკული საშუალება“, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ნიშნების გამორიცხვისთვის, რადგან დანაშაულის ჩამდენი პირები, განსაკუთრებით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში, ხშირად მიზანმიმართულად არიდებენ თავს დანაშაულის საგნის პირდაპირ დასახელებას და იყენებენ კოდურ, ირიბ ან შეფარულ გამონათქვამებს, რათა არ შექმნან საკუთარი ბრალეულობის დამადასტურებელი აშკარა მტკიცებულება. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში საუბრის შინაარსის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონტექსტს, გამოყენებულ ტერმინოლოგიას და მათ წინმსწრებ თუ შემდგომ განვითარებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

4.8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ. დ-ასა და ჯ. გ-ეს შორის გამართული შეხვედრები და კომუნიკაცია, ამ უკანასკნელის მხრიდან, მიზნად ისახავდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ საუბარში სიტყვები – „ნარკოტიკული საშუალება“ – პირდაპირ არ თქმულა, ვერ გამოდგება ჯ. გ-ის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად, ვინაიდან მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის დანაშაულის არსებობის საკმარისად დამაჯერებელ სურათს.

4.9. იმავდროულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორთა არგუმენტი – თითქოს გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალება), რომელიც მხარეთა მონაწილეობით სასამართლოში არ გამოკვლეულა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება მიიჩნია პრეიუდიციად, რითაც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადა მის გამოკვლევაზე. ამის შემდგომ, 2024 წლის 2 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე, წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ, პროკურორმა დამატებით დააზუსტა, რომ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალებები მხარეთა შეთანხმებით მიჩნეული იყო პრეიუდიციად, რასაც დაცვის მხარის მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია. პირიქით, ბრალდების მხარის განმარტების საპასუხოდ, ადვოკატმა პირდაპირ დაუდასტურა, რომ გამოსაკვლევად დარჩენილი იყო მხოლოდ ჩანაწერი და კრებსები (იხ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:44:50 საათი). ამასთან, მომდევნო სასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ, პროკურორის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ადვოკატმა ცალსახად განმარტა, რომ ბრალდების მხარეს გამოსაკვლევად დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ მობილური ტელეფონი (იხ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის სხდომის ოქმი, 14:39:04 საათი). აღნიშნული განმარტებები ცალსახად მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალება დაცვის მხარის მიერ აღარ განიხილებოდა გამოსაკვლევ მტკიცებულებად.

4.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები ადასტურებს, რომ დაცვის მხარეს გაცნობიერებული ჰქონდა ნივთიერი მტკიცებულების პრეიუდიციად მიჩნევის სამართლებრივი შედეგი და სწორედ ამ საფუძვლით არ მოუთხოვია ნარკოტიკული საშუალების გამოკვლევა საქმის არსებითი განხილვისას. ხაზგასასმელია, რომ სასამართლო პროცესში მხარის მიერ მტკიცებულების პრეიუდიციად მიჩნევა წარმოადგენს მის ნებაყოფლობით და გააზრებულ პროცესუალურ ქმედებას, რომელიც გამორიცხავს შემდგომში, იმავე მტკიცებულების სადავოდ გახდომას, მხოლოდ იმ საფუძველით, რომ იგი ფორმალურად არ გამოკვლეულა. შესაბამისად, გაუგებარი და პროცესუალურად არათანმიმდევრულია კასატორთა მტკიცება, თითქოს გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით არ გამოკვლეულა მაშინ, როდესაც თავად დაცვის მხარემ განაცხადა უარი მის გამოკვლევაზე და ეს პოზიცია პროცესის მიმდინარეობისას არ გაუპროტესტებია.

4.11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ჯ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნით) ასევე უტყუარად დასტურდება, რომ 2023 წლის 31 აგვისტოს, ბ-ში, ი. ფ-ას ქუჩის №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ჯ. გ-ე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით – 0,08082 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ და 20,371 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“.

4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას მტკიცებულებების სიმწირესთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის შესაბამისად მოპოვებული, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და მტკიცების საგანთან მიმართებით რელევანტურია. საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტები ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებით პასუხგაცემულია, რის გამოც, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.14. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის პოზიციის შეფასების ნაწილში სწორი და კანონიერია. რაც შეეხება ჯ. გ-ისთვის დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2023 წლის 7 და 14 ივლისის ეპიზოდებთან მიმართებით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი), ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს დანაშაულის რეციდივი, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება (ჯ. გ-ეს ერთ შემთხვევაში, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური, 10 წლის ვადით, ხოლო, მეორე შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და 6 თვით, ნაცვლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთისა).

4.15. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, რომ, თუ საქმე განიხილება მხოლოდ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა. შესაბამისად, მიუხედავად საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის (დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ვადას) გაუთვალისწინებლობისა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულს დაუნიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი და ამით გააუარესოს მისი მდგომარეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 53-ე და 58-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების, ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოთხოვნების შესაბამისია.

4.16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ადვოკატების – მ. კ-სა და ნ. ტ-ას – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე