საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №907აპ-25 10 თებერვალი, 2026 წელი
მ. ს. რ., №907აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ს. რ–ას - ბრალად ედებოდა:
1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
1.1.2. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
1.1.3. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის განზრახ განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187–ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. მ. ს. რ–ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2024 წლის თებერვლის ბოლოს, ბ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №...-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. ს. რ–ამ მკლავების არეში ხელების მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჰ. რ–ს, რითაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
1.2.2. 2024 წლის მარტის შუა რიცხვებში, ბ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №...-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. ს. რ–ამ მკლავების არეში ხელების მოჭერით, ხელის კვრით და ძირს დანარცხებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჰ. რ–ს, რითაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
1.2.3. 2024 წლის მარტის ბოლოს, ბ–ში, .... ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №...-ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად – დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულებით, თანაცხოვრების შეწყვეტის შესახებ დაზარალებულის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული მ. ს. რ–ა, სიცოცხლის მოსპობით (ღმერთთან გასტუმრებით) დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჰ. რ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.4. 2024 წლის 20 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბ–ში, ნ–ს ქუჩის №..-ში მდებარე სასტუმრო „რ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად – დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულებით, შერიგებაზე დაზარალებულის უარყოფითი გადაწყვეტილებით გაღიზიანებული მ. ს. რ–ა, სიცოცხლის მოსპობით (მოკვლით) დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჰ. რ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.5. 2024 წლის 20 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბ–ში, ..... ქუჩაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად – დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულებით, შერიგებაზე დაზარალებულის უარყოფითი გადაწყვეტილებით გაღიზიანებული მ. ს. რ–ამ განზრახ გაანადგურა თავისი ოჯახის წევრის – წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ჰ. რ–ს კუთვნილი „ეფლის“ ფირმის „აიფონ 11“-ს მოდელის მობილური ტელეფონი, რამაც 500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენით, მ. ს. რ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ს. რ–ას მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ს. რ–ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის თითოეული დანაშაულისთვის უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ოლღა მერებაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ს. რ–ას დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის თითოეული დანაშაულისთვის უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ს. რ–ას გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულმა – ჰ. რ–მ – ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ს. რ–ას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მასზე განაჩენის დაფუძნება, თუმცა დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, მისი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს ღირებულებით წონას ავტომატურად და უპირობოდ არ უკარგავს. მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
4.4. მოცემულ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო დაზარალებულის სატელეფონო შეტყობინებით, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ მ. ს. რ–ა ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და რომ მან დაუზიანა მობილური ტელეფონი. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები, რომელთა გამოკითხვის ოქმები, სხვა ცალკეულ მტკიცებულებებთან ერთად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეებმა პრეიუდიციად მიიჩნიეს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები დაზარალებულზე ფიზიკურ ძალადობას ანდა მის მიმართ მუქარას არ შესწრებიან; დამნაშავის შესახებ მათ დაზარალებულმა უამბო, რის გამოც, მათ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია ირიბია. ამგვარი მონაცემების გამოყენება კი, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.5. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ექსპერტიზის №........ დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის „აიფონ 11“-ის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 500 ლარს. მიუხედავად აღნიშნული დასკვნის არსებობისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება ადასტურებს დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზიანებას მ. ს. რ–ას მიერ.
4.6. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, რომელშიც მითითებულია მ. ს. რ–ას მიერ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ, არასაკმარისია ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4.7. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. ს. რ–ა ძალადობდა თუ არა ჰ. რ–ზე, ასევე – დაემუქრა თუ არა მას და დააზიანა თუ არა მისი მობილური ტელეფონი. შესაბამისად, სასამართლო აღარ იმსჯელებს დანაშაულის სუბიექტურ ელემენტზე, რომელიც უკავშირდება ძალადობის შედეგად განცდილი ტკივილისა და მუქარის საფუძველზე, მისი აღსრულების რეალური შიშის განცდის დადასტურებას.
4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განაჩენი მ. ს. რ–ას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე