საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №908აპ-25 თბილისი
ნ. ფ. ჰ. რ., 908აპ-25 23 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენით ჰ. რ. ნ. ფ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა აეთვალოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 24 ივნისიდან 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ჰ. რ. ნ. ფ-იმ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 22 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. ზ-ში, სატელეფონო კომუნიკაციის გზით ჰ. რ. ნ. ფ-ი მეუღლეს – ს. ო-ას – გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გულისხმობს ჰ. რ. ნ. ფ-ის სტერეოტიპულ შეხედულებას ს. ო-ას, როგორც ქალის და მეუღლის, პოზიციის ქმრის მოსაზრებასთან შესაბამისობის თაობაზე, სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ, როგორც შეჰპირდა, მოკლავდა და დაწვავდა იმ საცხოვრებელ სახლსაც, რომელშიც ცხოვრობდა. ს. ო-ამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ღ-ამ. დაცვის მხარე ითხოვს ჰ. რ. ნ. ფ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის უდანაშაულოდ ცნობას.
5. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი შორენა გვილავა შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ჰ. რ. ნ. ფ-ის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და, საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულ ს. ო-ას, მოწმეების: ნ. ნ. ფ-ის, ნ. კ-ას, თ. ო-ას ჩვენებები, ს. ო-ას განცხადება, ამოღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ჰ. რ. ნ. ფ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
11. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა სრულებით საკმარისია ჰ. რ. ნ. ფ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად. სახეზეა არა მხოლოდ დანაშაულთა ფაქტობრივად განხორციელების დასტური, არამედ ის ობიექტური ნიშნები, რომლებიც თითოეულ განსახილველ დანაშაულს ახასიათებს, კერძოდ, შიშის განცდა. დაზარალებულმა ს. ო-ამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 22 ივნისს ნ. მამას „სმარტ საათის“ საშუალებით დაუკავშირდა და გაიგონა ჰ-ის სიტყვები, „შენი ნაგავი დედა ჩემთან ისევ არ გიშვებს?!“. ვინაიდან ადვოკატიც გააფრთხილა, რომ ჰ-ს ბავშვისთვის არ ეთქვა ასეთი სიტყვები, გაბრაზდა მისი იმავე ქცევის გამო და ნ-ს ხელიდან გამოსტაცა „სმარტ საათი“, გამოვიდა საძინებელი ოთახიდან, კარის მიხურვისთანავე იქვე, სამზარეულო ოთახში, სკამზე ჩამოჯდა და ინგლისურად ჰკითხა, რატომ ეუბნებოდა ბავშვს დედაზე ასეთ სიტყვებს. ჰ-მა მას უპასუხა, რომ ახალი პასპორტი ჰქონდა, ბავშვი მისი იყო და წაიყვანდა. ასევე, ჰ. რ. ნ. ფ-მა მას ქართულ ენაზე უთხრა – „მოგკლავ!“, ინგლისურ ენაზე კი – „I will burn you at home“, რაც ნიშნავდა „სახლში დაგწვავ-ო“. ამ დროს მშობლები მის გვერდით იმყოფებოდნენ. მუქარის დროს დაეუფლა მისი განხორცილების რეალური შიში და ხელები აუკანკალდა, ვინაიდან მისი სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ. შ-ში ცხოვრების პერიოდშიც ძალადობდა მეუღლე მასზე და, ამის გამო, გარკვეულ პერიოდში, ცხოვრობდა შ-ის ქალთა თავშესაფარში. მამამ, თ. ო-ამ, არ იცის ინგლისური ენა, ხოლო დედას, ნ. კ-ას, ესმის და მან ზუსტად გაიგო ჰ-ის სიტყვები. მეუღლე მას მშობლებთან ურთიერთობას უკრძალავდა, ასევე ჩაცმის დროს სხეული არ უნდა გამოეჩინა და ჰ-ის გარეშე სადმე წასვლის უფლებაც არ ჰქონდა. ვინაიდან შეეშინდა ჰ-ის მუქარის, იმავე საღამოს დაუკავშირდა გამომძიებელ მ. ხ-ას (რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა აღნიშნული ფაქტი), რომელსაც უთხრა, რომ სურდა განცხადების დაწერა. გამომძიებელმა დაიბარა მეორე დღეს, ვინაიდან კანცელარია იყო დაკეტილი და განცხადებას ვერ დაარეგისტრირებდა. აქედან გამომდინარე, განცხადება დაწერა 2023 წლის 23 ივნისს. დაზარალებულმა განმარტა, რომ ჰ. რ. ნ. ფ-ის ადვოკატმა გამოუგზავნა დაწერილი ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ ჰ-თან პრეტენზია არ გააჩნდა, თუ გადაუფორმებდა გარკვეულ ქონებას, რასაც დასთანხმდა, ვინაიდან მას შვილი ჰყავს გასაზრდელი და ქონების ნახევარი ისედაც მას ეკუთვნის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მას ჰ-ის დამუქრებისა არ შეშინებია.
12. დაზარალებულის ჩვენებას შეესაბამება და ადასტურებს მოწმეების: ნ- ნ. ფ-ის, ნ. კ-ასა და თ. ო-ას ჩვენებები, კერძოდ, მოწმე ნ- ნ. ფ-იმ სასამართლო სხდომაზე (საპროცესო წარმომადგენელთან ერთად) მოწმედ დაკითხვისას განაცხადა, რომ არის ჰ. რ. ნ. ფ-ის შვილი. მამა დედას მუდამ უყვიროდა, სცემდა, შემდეგ ს. ტიროდა. 2023 წლის 22 ივნისს ბებიას სახლში, საძინებელ ოთახში იმყოფებოდა, როდესაც „სმარტ საათის“ საშუალებით ესაუბრა მამას; ს.მ მათი საუბარი გაიგონა, გამოსტაცა ხელიდან „სმარტ საათი“ და გავიდა ოთახიდან. მშობლების საუბარი მას არ გაუგია. ბაბუამ, თ. ო-ამ ინგლისური ენა არ იცის, ხოლო ბებიას, ნ. კ-ას – ესმის.
13. მოწმე ნ. კ-ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა,რომ არის დაზარალებულ ს. ო-ას დედა. 2023 წლის 22 ივნისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. ნ. „სმარტ საათის“ საშუალებით დაუკავშირდა მამას, რომელმაც უთხრა, „შენ ნაგავ დედას მოვკლავ“-ო. ამ დროს ს.მ ხელიდან გამოსტაცა საათი, გამოვიდა საძინებელი ოთახიდან სამზარეულოში და იქვე, სკამზე დაჯდა. გაიგონა ჰ-ის ნათქვამი: „–მოგკლავ“; ასევე მოისმინა სიტყვები ინგლისურ ენაზე – „Kill you house!“ და „burn you!“. ინგლისური ესმის, მაგრამ ვერ საუბრობს. აღნიშნული სიტყვების მოსმენის შემდეგ ს.ს შეეშინდა სახლში წასვლისა. ჰ-ი, ზოგადად, ეჭვიანი მამაკაცი იყო და ს.ს უკრძალავდა მის გარეშე სიარულს, ასევე – კაბის ჩაცმას, მშობლებთან ურთიერთობისთვის კი მხოლოდ კვირაში ერთი დღე გამოუყო.
14. მოწმე თ. ო-ამ (დაზარალებულ ს. ო-ას მამა) სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას აჩვენა, რომ 2023 წლის 22 ივნისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იყვნენ თავისი მეუღლე – ნ. კ-ა, შვილი –ს. ო-ა და შვილიშვილი – ნ- ნ. ფ-ი. ნ. „სმარტ საათის“ მეშვეობით დაუკავშირდა მამას, ჰ. რ. ნ. ფ-ს, რა დროსაც ს.მ ბავშვს საათი გამოსტაცა ხელიდან. საუბრის დასრულების შემდეგ ს. ტიროდა და ცახცახებდა, შემდეგ კი უთხრა, რომ ჰ-ი მას დაემუქრა სახლის დაწვით და ასევე – მოკვლით. თვითონ ეს სიტყვები არ გაუგია.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეძლო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობის წარმოდგენა, რომელთა ანალიზი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადასტურებს ჰ- რ. ნ. ფ-ის მხრიდან მეუღლეზე დამუქრებას.
16. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულ დროს – 1 წუთსა და 12 წამს, აღნიშნული არ გამორიცხავს დაზარალებულის მიერ აღწერილი გარემოებების 54 წამში ჩატევის შესაძლებლობას, რამდენადაც სასამართლოსთვის უცნობია, თუ რა ინტენსივობით მიმდინარეობდა საუბრები რეალურ დროში და რა ინტენსივობით – ექსპერიმენტის დროს. ამასთან, რომან ქირიას განმარტებით, ინგლისური ენა არ იცის და გაიმეორა ის სიტყვები, რომლებზეც ადვოკატმა მას მიუთითა. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა არა დაზარალებულთან, არამედ – მისგან სრულიად განსხვავებული მონაცემების მქონე პირთან. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ს. ო-ას და მოწმე რომან ქირიას საუბრის ხანგრძლივობა არ დაემთხვეს ერთმანეთს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და, ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
18. სააპელაციო სასამართლომ ჰ. რ. ნ. ფ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
21. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჰ. რ. ნ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ-ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე