საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №943აპ-25 12 თებერვალი, 2026 წელი
ზ–ე ზ., №943აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ზ–ეს - ბრალად ედებოდა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. ზ. ზ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 17 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-ს–ს მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს გამომძიებლის მიერ, ხ. კ–ის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი მეუღლის – ზ. ზ–ის – მიმართ 1 თვით გამოიცა №...... შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ზ. ზ–ეს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – ხ. კ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება, ასევე – ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ზ–ე გაფრთხილებული იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და, მისი დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2023 წლის 6 მაისს, ღამის საათებში, თ–ში, ..... ქუჩისა და პ–ს ქუჩის მიმდებარედ ზ. ზ–ე მიუახლოვდა, დაჯდა ხ. კ–ის კუთვნილ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით – “......”) და სიტყვიერი კომუნიკაცია დაამყარა მასთან. აღნიშნული ქმედებით, ზ. ზ–ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ხ. კ–ს მიადგა მორალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განაჩენით, ზ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით, რაც, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით (2023 წლის 7 მაისიდან 2023 წლის 8 მაისის ჩათვლით), შეუმცირდა და, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათის ვადით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ზურა ბაიდოშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. ზ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ზურა ბაიდოშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. ზ–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის ზ. ზ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ზ. ზ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ზოგადსავალდებულო გარემოებები – დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, აგრეთვე – დამნაშავის წარსული ცხოვრება (ზ. ზ–ე ნასამართლობის არმქონეა). შესაბამისად, ზ. ზ–ისთვის განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
4.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.8. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე