საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.02.2026
საქმის ნომერი
2კ-947აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №947აპ-25 თბილისი

კ-ა გ., 947აპ-25 20 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის განაჩენით გ. კ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 10 მაისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. კ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 3 მაისს, დღის საათებში, გ. კ- იმყოფებოდა რ-ში, ს. მ-ა ქუჩის N--ში მდებარე, მისი ყოფილი შეყვარებულის, ა. ჯ-ის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რა დროსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა ა. ჯ-ეს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ორივეს მოკლავდა, რაც ა. ჯ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ-ემ. დაცვის მხარე ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მა-მდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა-მდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა-მდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ გ. კ-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.

8. სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დამნაშავე დაემუქრა თუ არა სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით, ანდა ქონების განადგურებით და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში იმას, ვისაც ემუქრებიან. მუქარა მიმართულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. ქმედების დასჯადობა დაფუძნებულია არა ზოგადად აზრის გამომჟღავნებაზე, არამედ – პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით. ამასთან, მუქარა ისეთი ფორმით უნდა იყოს გამოხატული, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

9. მუქარის ბრალდების შემთხვევაში, დაზარალებულის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის შესაფასებლად, იყო თუ არა შიში საფუძვლიანი. შიშის არსებობა და მუქარის საფუძვლიანად მიჩნევა პირის აღქმაზეა დამოკიდებული, ასეთივე მნიშვნელოვანია, რამდენად ადასტურებს დაზარალებული აღნიშნულს.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

11. დაზარალებულმა ა. ჯ-ემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გ. კ-სთან ბევრი წლით ადრე ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა და მოსწონდა მას. ამ ურთიერთობაშიც ის იყო არაადეკვატური, ამიტომ მშობლები ცდილობდნენ, რომ არანაირი კონტაქტი მასთან არ ჰქონოდა. წარსულში ურთიერთობის პერიოდში დაზიანებაც კი მიაყენა ხელის არეში დანით და დღემდე აქვს ეს იარა. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ იგი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისთვის და, გარკვეულწილად, „საფრთხის შემცველ“ პიროვნებად მიაჩნია. ბოლო 5-7 წელი ის ნანახიც არ ჰყავდა. შემთხვევის დღეს, მეუღლესა და შვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. რ-ში, მშობლებთან. გ. კ-ს ეზოში შეხვდა და მან მეგობრის ტელეფონის ნომერი სთხოვა, თუმცა უარი უთხრა. შემდეგ სახლში იმყოფებოდა, როდესაც ეზოდან გინების ხმა მოესმა. ამ დროს მისი მეუღლე ავტოფარეხში უნდა ყოფილიყო. დაინტერესდა, მას ხომ არ ჰქონდა რაიმე პრობლემა და ფანჯრიდან გადაიხედა. შენიშნა, რომ გ. კ- მათი მისამართით იგინებოდა და იძახდა „მაგის ქმარს ს. არ ჰქვია? მაგათ ორივეს დავხოცავ.“ ამ ხმაურზე მისი ძმა ჩავიდა ეზოში. ის და გ. კ- შეკამათდნენ, როგორც იცის, დაარტყა კიდეც. მუქარის და გინების დროს გ. კ- ჯიბეში იდებდა ხელს და ჩათვალა, რომ დანის გამოყენება სურდა. წარსულშიც ახსოვს მისი მხრიდან ძალადობა და ძალიან შეშინდა ამ ინციდენტის გამო, ფიქრობდა, რომ მის მეუღლეს რამეს დაუშავებდა. ორსულობაც კი შეუწყდა სტრესისგან. იგი თანახმა იყო საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა, რადგან ბრალდებული არ იაზრებს ჩადენილ დანაშაულს და არ სურს, აღიაროს, ამიტომ უარს აცხადებს და უნდა, რომ დაისაჯოს.

12. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე ც. ჯ-ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სახლში იმყოფებოდა და სააღდგომო მზადება ჰქონდათ. მან დაადასტურა, რომ იმ დღის განმავლობაში გ. კ-მ ჯერ მის ქალიშვილს მეგობრის ტელეფონი სთხოვა, შემდეგ კითხულობდა მისი მეუღლის სახელს, იყო აგრესიული და გაიგონა, როგორ უთხრა „დაგხოცავთო“. შენიშვნა მისცა ეზოში მყოფ პირებს, რომ სიგარეტის ნამწვავები არ დაეყარათ, რაზეც გ. კ-მ სახლში შესვლა მოსთხოვა. სკოლის ასაკში მოსწონდა გ-ის ა. და, სახლიდან თუ არ გავიდოდა მის სანახავად, ემუქრებოდა ხოლმე.

13. მოწმე გ. ჯ-ემ (დაზარალებულის ძმა) სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში; ა-მ უთხრა, რომ გ. კ- ეზოდან აგინებდა და ემუქრებოდა მათ, ასევე ნერვიულობდა, რადგან მისი მეუღლე ფარეხში იყო ჩასული. შექმნილი ვითარების გამო, ეზოში ჩავიდა, გ. კ- მანქანაში ჩასვა, რათა გაერკვია, რატომ იგინებოდა მისი ოჯახის წევრების მისამართით.

14. მოწმე ა. ს-მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სტუმრად იმყოფებოდა მეუღლის მშობლებთან და, ძირითადად, ფარეხში იყო საქმით დაკავებული. პირადად მას არ გაუგია გ. კ-ს მუქარა, თუმცა მომხდარის შესახებ იცის მეუღლისგან.

15. მოწმე ე. მ-ემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის 3 მაისს შეესწრო მამაკცების ჩხუბს. ერთს თავის არიდან სისხლი მოსდიოდა და მისმა მეგობარმა დარეკა პოლიციაში. ამოცნობა არავისი შეუძლია, რადგან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და, ვინ ვის ეჩხუბებოდა, არ იცის.

16. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას გ. კ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მუქარის დანაშაულის შემადგენლობიდან გამომდინარე, დაზარალებულმა თვითონვე დაადასტურა, რომ შიში იყო საფუძვლიანი. გარდა ამისა, ინციდენტის არსებობა დაადასტურეს სხვა მოწმეებმაც. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები თანმიმდევრული, ურთიერთთავსებადი და სარწმუნოა და სასამართლოს მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.

17. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებას, რომ გ. კ-ს დაზიანებები მიაყენეს ა. ჯ-ის ძმამ და მეუღლემ, მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და რომც იყოს, აღნიშნული არ გამორიცხავს, თავის მხრივ, გ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც მოცემულ საქმეზე დადგენილი და დადასტურებულია.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ იმგვარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

20. სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ს ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.

21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

23. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე