საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100125011096387
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1138აპ-25 ქ. თბილისი
გ. ნ. 1138აპ-25 11 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილის – გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ნ. გ–ს, – პირადი ნომერი: .............., – ბრალად ედებოდა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის და ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
ნ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენით ნ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2025 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.მ–ში, ტ. ტ–ს ქუჩაზე მდებარე ვ. გ–ის საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ გაბრაზებული, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ. გ–ი ნასამართლობის გაქარწყლებამდე არაერთგზის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მამას ვ. გ–ს, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:
2.1. ნ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. გამართლებულ ნ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის 92-ე) მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე – გიორგი ლობჯანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ნ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ნ. გ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.
8. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის შეტყობინება, 2025 წლის 25 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და გამომძიებელ ლ. ა-ს ჩვენება) საკმარისია ნ. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ვინაიდან,10. დაზარალებულმა ვ. გ–მა (ნ. გ–ის მამა) და ჯ. მ–ამ (ნ. გ–ის დედა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შვილი) – ნ. გ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
10.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა/,,შეეძლოს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ჭეშმარიტებისა და სანდოობის შემოწმება, მისი თანდასწრებით მათი ზეპირი გამოკითხვის გზით, მოწმის მიერ ჩვენების მიცემის დროს ან საქმის წარმოების რომელიმე შემდგომ ეტაპზე“ (mutatis mutandis Okropiridze v. Georgia, nos. 43627/16, 71667/16, par. 81 (iv), ECtHR, 7/09/2023).
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს N....... შეტყობინების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2024 წლის 25 აპრილის N86აპ-24 და 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23).
11.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2025 წლის 24 იანვრის N...... შეტყობინებაში მითითებულია მუქარის ფაქტზე, თუმცა არაფერია ნათქვამი მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშზე.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 და 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23).
13. მოწმე ლ. ა–ს (გამომძიებელი) ნ. გ–ის მიერ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინფორმაცია აქვს დაზარალებულისაგან, შესაბამისად, არ არის შემთხვევის თვითმხილველი და მისი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
14. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ნ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილის – გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ნ. გ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი