საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1091აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124010045798

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1091აპ-25 ქ. თბილისი

უ. ო. 1091აპ-25 9 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. უ–ის, – პირადი ნომერი: ………, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, სოფელი ….ი, ა–ს ქუჩა N.. ბინა N..-ის მისაღებ ოთახში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ო. უ–მა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი შვილის – კ. უ–ის თანდასწრებით, ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის, ს. კ–ას მიმართ. კერძოდ, მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ს. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

1.1.2. აღნიშნული ქმედებით ო. უ–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.2. 2024 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. თ–ში, …… ქუჩის N…. სახლის ეზოში, ო. უ–მა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა განახორციელა ყოფილი მეუღლის ს. კ–ას მიმართ. კერძოდ, უთხრა, რომ ამოთხრიდა თვალებს. აღნიშნული მუქარის შედეგად ს. კ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ო. უ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განაჩენით:

2.1. ო. უ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ო. უ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ნოზაძემ. აპელანტმა მოითხოვა ო. უ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ო. უ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ფ–მ და ლ. ს–მა. დაცვის მხარემ შესაგებლით მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო დაშვების შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილემ – ნიკოლოზ დგებუაძემ. კასატორი ითხოვს ო. უ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას.

5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ო. უ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ფ–მ და ლ. ს–მა. დაცვის მხარე ითხოვს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაშვების შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ო. უ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე, შესაგებლით, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაშვების შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ო. უ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. დაზარალებულმა ს. კ–ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო/გამორიცხა ყოფილი მეუღლის – ო. უ–ის – მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ან/და მუქარის ფაქტი/ები და, მათ შორის, განმარტა, რომ: 2024 წელს, მესამე მშობიარობის შემდეგ, დაეწყო პოსტმშობიარობის დეპრესია, სტრესი, შფოთვები, ფაქტებსა და მოვლენებს გამძაფრებულად და არასწორად აღიქვამდა. ამის გამო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან, უჭირდა საკუთარი ქცევების გაანალიზება, მცირედ გაუგებრობებსაც კი გადაჭარბებულად აფასებდა. 2024 წლის 31 ივლისს, 3 თვის შვილთან – კ. უ–თან და ბიძაშვილთან – ნ. კ–ასთან ერთად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში არაადეკვატურ მდგომარეობაში, იყო გაბრაზებული ყველაზე, მათ შორის, მეუღლეზეც. პოლიციაში განცხადების შედგენისას, ვერ აცნობიერებდა, რას წერდა. გამოკითხვის დროსაც ვერ იაზრებდა, რა ფაქტებს და ინფორმაციას გადმოსცემდა. მისი გამოკითხვის ოქმიდან შესაბამისი ამონარიდების გამოქვეყნების შემდეგ, მან კატეგორიულად გამორიცხა, 2024 წლის 25 ივლისს, ო. უ–ის მხრიდან მისი მისამართით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ჩადენა, ასევე – 2024 წლის 26 ივლისს ო. უ–ის მხრიდან ხელის დარტყმა.

10.1. დაზარალებულმა ს. კ–მა ასევე განმარტა, რომ ნ. კ–ას მიერ გადაღებულ ფოტოზე ასახული სიწითლე არ უკავშირდებოდა ფიზიკურ ძალადობას. აქვს მგრძნობიარე და პრობლემური კანი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, რის გამოც ხშირად უწითლდება სახის კანი.

11. მოწმე ნ. კ–ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ შესწრებია 2024 წლის 25 ივლისს ო. უ–ის მხრიდან ს. კ–ას მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას ან/და 2024 წლის 26 ივლისს – ფიზიკურ ძალადობას. მისი გამოკითხვის ოქმიდან გამოქვეყნებულ ამონარიდებთან (სადაც იგი ადასტურებდა ო. უ–ის მხრიდან ოჯახური დანაშაულების ჩადენის ფაქტებს) დაკავშირებით განმარტა, რომ მსგავსი ინფორმაცია გამომძიებლისთვის არ მიუწოდებია და კატეგორიულად უარყო მისი თანდასწრებით ო. უ–ის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის და ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტები ს. კ–ას მიმართ.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი).

13. ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, და უნდა შეფასდეს, რამდენად ქმნის აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს.

14. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისა და მოწმე ნ. კ–ას ჩვენებების (სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყვეს გამართლებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ან/და მუქარის ფაქტი) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (დანაშაულის შესახებ დაზარალებულის განცხადება, გამომძიებელ გ. მ–ს ჩვენება (რომელმაც დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული თითოეული სიტყვა ნაკარნახევი იყო ს. კ–ას მიერ, რომელმაც გამოკითხვის ოქმი წაიკითხა და ხელი მოაწერა თითოეულ გვერდზე), ფოტოსურათი) საკმარისია ო. უ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:

15.1. გამომძიებელ გ. მ–ის ჩვენება, რომელზეც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი, არის ირიბი, რადგან იგი ინციდენტის/ების – ო. უ–ის მიერ ს. კ–ას მიმართ ძალადობის ან/და მუქარის – შემსწრე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადმოცემით იცის დაზარალებულისა და მოწმისაგან, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს აღნიშნული გარემოებები. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);

15.2. ამასთან, მართალია, დანაშაულის შესახებ დაზარალებულის განცხადება უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულების პირველწყარო არის დაზარალებული, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას არ დაადასტურა განცხადებასა და გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის N661აპ-25 განჩინება);

15.3. სავარაუდო ფიზიკური დაზიანების ამსახველ ფოტოსურათთან მიმართებით, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ფოტოსურათით შეუძლებელია ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 9 ივლისის N186აპ-25 განჩინება).

16. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ გამართლებულის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების უარყოფის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება დაზარალებულის მიერ ტკივილის ან/და შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.

17. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე ო. უ–ის მსჯავრდებისათვის უთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლის წყარო არის ის დაზარალებული და მოწმე, რომლებმა არ დაადასტურა პირის ბრალდების დადგენილებაში/გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები; სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს ეჭვი შეეტანა დაზარალებულისა და მოწმის ჩვენების სარწმუნოობაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ო. უ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის/ების ჩადენას.

18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

20. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე, ო. უ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი