საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100125010881198
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №988აპ-25 ქ. თბილისი
ქ. ტ. 988აპ-25 10 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ტ. ქ–ს, – პირადი ნომერი: ........., – ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ტ. ქ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 19 ოქტომბერს, შუადღის საათებში, დ–ს რაიონში, „.....ის“ მინდორში, ტ. ქ–მა შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხ. დ–ს, კერძოდ, ჯოხი ჩაარტყა სახისა და იდაყვის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად ხ. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის განაჩენით:
2.1. ტ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ტ. ქ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნიკა უსუფაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ტ. ქ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ტ. ქ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ზ–მა, რომელმაც მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიშიკო ჯანგულაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ტ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ტ. ქ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ზ–მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ტ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.
7.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
7.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს კონკრეტულად რაში გამოიხატება ე. ხ–ისა და ტ. ქ–ის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა, კასატორი ასევე ზოგადად უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება ტ. ქ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა, თუმცა არ უთითებს რას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ მითითებული მოცემული მტკიცებულებები.
7.2.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ტ. ქ–ისა და მოწმე ე. ხ–ის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის არსებობის მიუხედავად, ორივე მოწმე სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით იძლევა ერთგვაროვან ჩვენებას. კერძოდ, როგორც ტ. ქ–ი, ასევე ე. ხ–ი უთითებს, რომ ტ. ქ–ს ხ. დ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ ჩაუდენია.
8. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
8.1. დაზარალებული ხ. დ–ი და ტ. ქ–ი ჩვენებებში არსებითად განსხვავებულად აღწერენ 2024 წლის 19 ოქტომბერს დ–ს რაიონში “.....ის” მინდორში განვითარებულ მოვლენებს, ამასთან ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმე ა. ქ–ი, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე ე. ხ–ი ადასტურებს ტ. ქ–ის მიერ მითითებულ გარემოებებს (რომ ტ. ქ–ს ფიზიკურად არ უძალადია ხ. დ–ზე). ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება (მაგალითად, მათ შორის, სხვა ნეიტრალური პირის ჩვენება), რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ეჭვი შეეტანა ტ. ქ–ის ჩვენების სარწმუნოობაში და დაეკმაყოფილებინა კასატორის მოთხოვნა, მით უფრო რომ მოწმეთა ჩვენებით დგინდება შემთხვევის ადგილზე, სავარაუდო შემთხვევის დროს სხვა პირთა ყოფნა.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, ვინაიდან „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43) – საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დგინდება ტ. ქ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე ტ. ქ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი