საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003729529
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1092აპ-25 ქ. თბილისი
ც. დ. 1092აპ-25 11 მარტი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, დ. ც–ეს, პირადი ნომრით ........, – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დ. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში ალკოჰოლით მთვრალი დ. ც–ე მივიდა სახლში, მდებარე ქ. თ–ში, მ–ს აღმართის, მე-.. ჩიხის, №..-ში და უმიზეზოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ბ–ს, კერძოდ, თავის არეში ჩაარტყა ხელი. აღნიშნულის შემდეგ მათ შორის კონფლიქტი გაგრძელდა სახლის ეზოში არსებულ „მარანში“, სადაც დ. ც–ემ მეუღლე - მ. ბ–ს იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელს არ დაერეკა 112-ის ცხელ ხაზზე და წაერთმია მისთვის მობილური ტელეფონი, ძალის გამოყენებით გადაუგრიხა ხელი, რა დროსაც მ. ბ–ს თითზე მიაყენა დაზიანება. დ. ც–ის ქმედების შედეგად მ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ალკოჰოლით მთვრალი დ. ც–ე მივიდა სახლში, მდებარე ქ. თ–ში, მ–ს აღმართის, მე-.. ჩიხის, №..-ში და უმიზეზოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ბ–ს, აღნიშნულის შემდეგ დ. ც–ესა და მ. ბ–ს შორის კონფლიქტი გაგრძელდა სახლის ეზოში არსებულ „მარანში“, სადაც დ. ც–ე მეუღლეს - მ. ბ–ს, სიტყვიერად და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რასაც დაერთო მითითებული საგნიდან ერთჯერადი გასროლა, რაც მ. ბ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენით:
2.1. დ. ც–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
2.2. გამართლებულ დ. ც–ეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა, რომელიც ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენის გაუქმებას, დ. ც–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ დ. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ხ–მა, რომელიც ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ალიკა დვალაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ც–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული დ. ც–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.
7.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი შეიცავს ტექნიკურ და სამართლებრივ შეცდომებს, საკასაციო საჩივარში რიგ შემთხვევაში არასწორადაა მითითებული საქართველოს სსსკ-ის მუხლი (მაგალითად, საკასაციო საჩივრის სამოტივაციო ნაწილში კასატორი უთითებს საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლზე, პირველი ინსტანციის განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების წესზე და ითხოვს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას).
8. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა დ. ც–მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, დაზარალებულმა – მ. ბ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა (მათ შორის: მოწმეთა: გ. მ–ს, დ. ჯ–ს, ზ. ჯ–ს ჩვენებები, ი. ჯ–ს გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დ. ც–ესთან ჩატარებული ალკოტესტი და ბალისტიკური ექსპერტიზის N2... დასკვნა) არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე გ. მ-ს ჩვენება დ. ც–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედებების სამტკიცებლად არაინფორმატიულია. მოწმის განმარტებით, დ. ც–ე არის მისი მამინაცვალი, ეძახის მამას, რადგან არის მისი აღმზრდელი მამა. დ. ც–ესა და დედას შორის კონფლიქტს არ შესწრებია. გასროლის ხმა არ გაუგია. არც თავად და არც მისი და-ძმა არასდროს შესწრებიან დედ-მამას შორის შელაპარაკებას ან უხეშ ნათქვამს, მათი თანდასწრებით მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
11.1. მოწმე დ. ჯ–ს ჩვენების ნაწილი, რომელიც ეხება მის მიერ უშუალოდ ნანახს, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. კერძოდ, დ. ჯ-ს ჩვენებაში მითითებული ინფორმაცია პირდაპირია იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაზარალებულ მ. ბ–ის მდგომარეობას შემთხვევიდან მალევე მასთან შეხვედრისას – მან პირადად ნახა, რომ დაზარალებული იყო აღელვებული (თუმცა მოწმისვე განმარტებით, „ქაოსური ან მძიმე მდგომარეობა არ ჰქონია“), თუმცა მოწმის მიერ მითითებული ინფორმაცია მ. ბ–ის მიმართ მუქარის ჩამდენი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაწილში ირიბია, ვინაიდან ის არ შესწრებია მუქარის ფაქტს და ამის შესახებ იცის მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52). მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ი. ჯ–ას გამოკითხვის ოქმის თანახმადაც, მოწმე უთითებს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე (ირიბი ჩვენება).
11.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა მ. ბ–მა როგორც დ. ჯ–სთან, ასევე ი. ჯ–ასთან მიუთითა დ. ც–ის მიერ ჩადენილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუქარის ფაქტზე და არაფერი უთქვამს ფიზიკური ძალადობის შესახებ.
12. N......... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული დ. ც–ის მხრიდან მ. ბ–ის მიმართ ჩადენილ მუქარის ფაქტზე და არაფერია ნათქვამი მუქარის საფუძვლიან შიშზე; შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია მხოლოდ მ. ბ–ის მიერ (დ. ც–ემ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა); შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას დ. ც–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალადწარდგენილ დანაშაულთან მიმართებით.
13. გამომძიებელმა ზ. ჯ–მ დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების – შემთხვევის ადგილის დათვალიერების, – კანონთან შესაბამისობა.
14. რაც შეეხება კასატორის მითითებას დ. ც–ესთან ჩატარებულ ალკოტესტსა (რომელიც ადასტურებს დ. ც–ის ალკჰოლური თრობის მდგომარეობას) და ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნაზე (რომლითაც დგინდება დ. ც–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა), სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ც–ემ დაკითხვისას დაადასტურა ალკოჰოლური თრობის ფაქტი, იარაღიდან გასროლასთან მიმართებით კი მიუთითა, რომ საქამრიდან ამოტანისას შემთხვევით გაუვარდა (რა დროსაც მ. ბ–ი არც კი იმყოფებოდა ოთახში და გასროლის ხმაზე შევიდა). ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი პირდაპირი ან/და ირიბი/გარემოებითი მტკიცებულება რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ეჭვი შეეტანა დ. ც–ის ჩვენების სარწმუნოობაში და დაეკმაყოფილებინა კასატორის მოთხოვნა.
15. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019), მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ყველა კატეგორიის საქმისათვის.
16. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება დ. ც–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
17. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
18. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ალიკა დვალაშვილის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე დ. ც–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი