გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3კ734-01 19 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქარვთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
გასაჩივრებული განჩინება: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისის განჩინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფირმა “ჰ-მა” სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “გ-ის” მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლის 4 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მიერ მისთვის მიწოდებულ იქნა კომპიუტერული ტექნიკა. კომპიუტერულ ტექნიკას აღმოაჩნდა ფარული ნაკლი. ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რის გამოც მხარემ მოითხოვა ტექნიკის ღირებულების დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ის ფუნქცია, რაც მყიდველს ხარვეზად მიაჩნია, კომპიუტერის ტექნიკურ მონაცემებში არ შედიოდა, ხოლო კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეული იყო მისი კონფიგურაციის შეცვლითა და არათავსებადი მოწყობილობებისა და არალიცენზირებული ვირუსიანი პროგრამების ჩატვირთვით.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კომპანია “გ-ს” მესამე სექტორის ფონდ “ჰ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 12 921 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქცია არ იყო სათანადო ხარისხის.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “გ-ის” მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისის განჩინებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაკლის მქონე საქონლის მიწოდების ფაქტის დადგენის ნაწილში იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული არ არის.
პალატა აღნიშნავს, რომ კომპიუტერში ვირუსიანი და არალიცენზირებული პროგრამების ჩატვირთვისა და მისი ჩვენების დაუსაბუთებლობა, თუ მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტება იმის დასადასტურებლად, რომ გამყიდველი მხარე ცდილობდა კომპიუტერის გამართვას, ვერ დაედება საფუძვლად დასკვნას იმის შესახებ, რომ კომპიუტერულ ტექნიკას გააჩნდა ფარული ნაკლი. ასეთის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება ვერც სპეციალისტის ჩვენება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამყიდველმა მხარემ სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითა არა მხოლოდ ვირუსიანი და სხვა ქსელის კასეტის კომპიუტერში ჩატვირთვაზე, რამაც მისი აზრით, მწყობრიდან გამოიყვანა კომპიუტერი.
ფონდი “ჰ-ი” საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და მისი შინაარსის გარკვევაც კი ძნელია. მისი განმარტებით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, თუ მოპასუხეთა განმარტებები საკმარისია საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად. სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სპეციალისტის განმარტებას. სპეციალისტი მოწვეული იყო იმისათვის, რომ სასამართლოს გაერკვია მოცემული სისტემის კომპიუტერი უნდა ასრულებდეს თუ არა იმ ფუნქციას, რაზედაც ,,ჰ-ს” გააჩნდა პრეტენზია. სპეციალისტმა ცალსახად განაცხადა, რომ კომპიუტერი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას და არ ასრულებს, აღნიშნულიდან გამომდინარე ნივთი ხარვეზიანია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
მოცემულ საქმეზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონი, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაცო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილი იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. 382-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, როდესაც საქმეზე არსებული მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესწავლილია და გამოკვლეული და მას აქვს სამართლებრივი შეფასება მიცემული, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია თვითონ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქმეზე. მას შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და უცვლელად დატოვოს ან შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუქტის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმები. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიცემული აქვთ აშკარად შეუსაბამო შეფასება და იურიდიული კვალიფიკაცია, რაც იწვევს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შეუძლებლობას, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს საქმე ხელახლა განსახილველად.
როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლეულია, მტკიცებულებები კანონის დაცვით არის წარდგენილი და სასამართლოს მიერ მათ შეფასება აქვთ მიცემული, პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ თავად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს იურიდიული შეფასებები.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მესამე სექტორის ფონდ “ჰ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.