საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-1077აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006511124

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1077აპ-25 ქ. თბილისი

ხ. თ. 1077აპ-25 27 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. თ. ხ–ის, – პირადი ნომერი: ..............., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1.1. 2020 წლის 25 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. თ–ში, .... ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ. ხ–მა და ა. დ–ემ, ჯგუფურად, იძალადეს მეზობელ – მ. ქ–ეზე. კერძოდ, თ. ხ–მა მ. ქ–ეს საბუთები ჩაარტყა თავში, აღნიშნულის შემდეგ ა. დ–ემ მოქაჩა თმა და დაახრევინა თავი, თ. ხ–მა კი რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და ბეჭების არეში;

1.1.1.1. აღნიშნული ქმედებით თ. ხ–მა ჩაიდინა – სხვაგვარი ძალადობა, რამაც, დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

1.1.2. 2022 წლის 23 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის №...-ში, თ. ხ–ი მ. ქ–ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა მ. ქ–ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.1.2.1. აღნიშნული ქმედებით თ. ხ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ა. დ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.2.1. 2020 წლის 25 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. თ–ში, .... ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ. ხ–მა და ა. დ–ემ, ჯგუფურად, იძალადეს მეზობელზე – მ. ქ–ეზე. კერძოდ, თ. ხ–მა მ. ქ–ეს საბუთები ჩაარტყა თავში, აღნიშნულის შემდეგ ა. დ–ემ მოქაჩა თმა და დაახრევინა თავი, თ. ხ–მა კი რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და ბეჭების არეში;

1.2.1.1. აღნიშნული ქმედებით ა. დ–ემ ჩაიდინა – სხვაგვარი ძალადობა, რამაც, დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენით :

3.1. თ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ა. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, თ. ხ–სა და ა. დ–ეს განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ. აპელანტმა მოითხოვა თ. ხ–ის და ა. დ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენი, თ. ხ–ის და ა. დ–ის მიმართ, დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ვასილ სამხარაძემ. კასატორი ითხოვს თ. ხ–ის და ა. დ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულების – თ. ხ–ის და ა. დ–ის – დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.

9. ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ხ–ის და ა. დ–ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება.

10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ სწორედ საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნაც და მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენატაცია. ამდენად, კასატორმა, საკასაციო საჩივარში მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება კასატორის პოზიცია და, შესაბამისად, – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში, ყოველგვარი არგუმენტაციის/სამართლებრივი დასაბუთების და ფაქტობრივი ანალიზის გარეშე, ზოგადად უთითებს მტკიცებულებათა ჩამონათვალს (მათი შინაარსობრივი მხარის ანალიზის გარეშე). აღნიშნავს, რომ მოწმეების – ნ. რ–სა და ი. გ–ს ჩვენებები არის ნეიტრალური მტკიცებულებები და ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებით (მოწმეების: მ. ქ–ის, გ. ლ–ს, რ. ღ–ს, დ. გ–ს, ნ. რ–ს და ი. გ–ს გამოკითხვის ოქმებით/ჩვენებებით, აუდიოფაილის გახსნისა და დათვალიერების ოქმით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება თ. ხ–ის და ა. დ–ის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობის ჩადენა.

11.1. აღნიშნული დასაბუთების საფუძველზე ბრალდების მხარე ითხოვს, თ. ხ–ის და ა. დ–ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო – თ. ხ–ის ასევე – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას.

12. კასატორი ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ისე, რომ არ უთითებს/ადასტურებს არც საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით დადგენილი განაჩენის უკანონობის განმსაზღვრელი რომელიმე გარემოების არსებობაზე და არ ასაბუთებს არც საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობის არსებობას: საჩივარში არ არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზი, ფაქტობრივი გარემოებების კრიტიკული შეფასება, არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენის უკანონობაზე (მათ შორის, მაგალითად, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების სამართლებრივი შეფასების მცდარობაზე ან/და დაცვის მხარის მოწმეთა მიკერძოებულობაზე).

12.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, როგორც თ. ხ–ის და ა. დ–ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ისე – თ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების მოთხოვნის ნაწილში.

13. დაცვის მხარის მოწმეები (ნ. კ–ა, ნ. ფ–ი, ნ. ო–ი, მ. მ–ი და ნ. ა–ი) ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულისა და ორი მოწმისგან (ნ. რ–ისა და ი. გ–ის) განსხვავებით, კატეგორიულად გამორიცხავენ გამართლებულების მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობას ან/და მუქარას. სხვა დამოუკიდებელი, პირდაპირი ან/და გარემოებითი მამხილებელი მტკიცებულება/ები, რომელიც/ებიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მოთხოვნებს და რომელთა ერთობლიობა საკმარისი იქნებოდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. კერძოდ:

13.1. მოწმე ნ. რ–მა განმარტა, რომ არის გამართლებულებისა და დაზარალებულის მეზობელი. 2020 წლის 25 ოქტომბერს, საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე გამართულ მეზობლების შეკრებაზე, საბუთებთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტი თ. ხ–სა და მ. ქ–ეს შორის ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. საუბრის დროს თ. ხ–მა მ. ქ–ეს საბუთები დაარტყა ძლიერად. ცოტა ხანში თ. ხ–ი და ა. დ–ე მივარდენენ მ. ქ–ეს. ა. დ–ემ თმა მოქაჩა მ. ქ–ეს, დაახრევინა თავი, ხოლო თ. ხ–მა – დაახლოებით 4-5 ჯერ დაატყდა თავისა და ბეჭების არეში.

13.2. მოწმე ი. გ–მა ასევე დაადასტურა, რომ 2020 წლის 25 ოქტომბერს, საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე გამართულ მეზობლების შეკრებაზე (20-30 ადამიანი), საბუთებთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტი თ. ხ–სა და მ. ქ–ეს შორის გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თ. ხ–მა საბუთები ჩაარტყა ზურგში მ. ქ–ეს (13:08:44). მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები გამოკითხვის დროს უკეთ ახსოვდა და დღეის მდგომარეობით ქრონოლოგიურად ვერ იხსენებს, რადგან ფაქტიდან დიდი დროა გასული (13:11:11; 13:16:11; 13:19:30). ა. დ–ე ძირითადად გამშველებლის როლში იყო (13:09:55; 13:24:00). არ ახსოვს, ა. დ–ის მხრიდა ჰქონდა თუ არა ადგილი მ. ქ–ის მიმართ თმის მოქაჩვას ან თავის დახრას (13:20:21). ასევე განმარტა, რომ თ. ხ–ის მხრიდან ხელის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, მან დაზარალებულს მხოლოდ საბუთები ჩაარტყა (13:13:15; 13:17:55).

13.3. მოწმე ნ. კ–ამ (გამართლებულებისა და დაზარალებულის მეზობელი) განმარტა, რომ თ. ხ–ი მეზობლებს შორის დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა და დაზარალებულთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. ა. დ–ე კი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. ასევე დაპირისპირების მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა ნ. რ–ი.

13.4. მოწმე ნ. ფ–მა განმარტა, რომ თ. ხ–ის მხრიდან მ. ქ–ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას და მუქარას ადგილი არ ჰქონია.

13.5. მოწმე ნ. ო–მა განმარტა, რომ საცხოვრებელი ფართების დაკანონების მიზნით გამართული შეკრების დროს პერიოდულად სახლში შედიოდა. არ სმენია იმის შესახებ, რომ თ. ხ–მა შემთხვევის დღეს სცემა მ. ქ–ეს. კონფლიქტის დროს ა. დ–ე ადგილზე არ დაუნახავს.

13.6. მოწმე მ. მ-მა განმარტა, რომ 2020 წლის 25 ოქტომბერს მეზობელი ქალები ჩხუბობდნენ, მათ შორის, იყო მ. ქ–ე, რომელიც ფიზიკურად ურტყამდა სხვა ქალს. თ. ხ–ი მასთან ერთად იმყოფებოდა და ჩხუბში არ მონაწილეობდა. ა. დ–ე კი ჩხუბის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.

13.7. მოწმე ნ. ა-მა განმარტა, რომ 2020 წლის 25 ოქტომბერს, საცხოვრებელი ფართების დაკანონების მიზნით მეზობლების შეკრებაზე დაჰყო დაახლოებით 20 წუთი, რა დროსაც მ. ქ–ესა და მ. ჭ–ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. თ. ხ–ს კონფლიქტი არავისთან ჰქონია, ა. დ–ე კი კონფლიქტის დროს ადგილზე არ უნახავს.

13.8. მოწმეების – დ. გ–ის (ექსპერტი), რ. ღ–სა (გამომძიებელი) და გ. ლ–ის (ხელოსანი) გამოკითხვის ოქმი/ჩვენებები (რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე) არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ებს – თ. ხ–ისა და ა. დ–ის მიერ მ. ქ–ის მიმართ სხვაგვარ ძალადობას ან/და თ. ხ–ის მიერ მ. ქ–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ან არ ფლობენ ინფორმაციას ან გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);

13.9. მართალია, დათვალიერების 2022 წლის 3 ნოემბრის ოქმის თანახმად, დათვალიერდა მ. ქ–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოფაილი, წარწერით: „...........“, სადაც 01:57 წუთზე, თ. ხ–ი ემუქრება – „ციხეში უნდა წავიდე დღეს, ციხეში უნდა წავიდე, მაგრამ შენ უნდა მოგკლა მ.“ – მ. ქ–ეს (ტ. N1; ს.ფ. 207). თუმცა ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2022 წლის 9 დეკემბრის N..... დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად, ვიდეოჩანაწერის აუდიონაწილი „............“ არ მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და წარმოადგენს მონტაჟს (ტ. N2; ს.ფ. 21-32).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სავარაუდო კონფლიქტის სახეს (საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე მეზობლებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი), დაცვისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2022 წლის 9 დეკემბრის N...... დასკვნას და მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება თ. ხ–ის და ა. დ–ის მიერ მათთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის/ების ჩადენა.

15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

18. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

19. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე, თ. ხ–ისა და ა. დ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე